ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მსხვილი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები შეხვედრაზე დაიბარა და წარმოების გაზრდა სთხოვა. საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მსხვილი სამხედრო კონტრაქტორის CEO-მ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „არ სურს ომის დასრულების შემდეგ რაკეტებით სავსე საწყობში გაიჭედოს“.
ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე, მსხვილი ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპანიების პოზიცია 180°-ით შეიცვალა, რადგან ომის დასრულების პერსპექტივა ჯერ კიდევ შორსაა. კონფლიქტის გაჭიანურება კი სამხედრო კონტრაქტორებისთვის პოტენციურად მეტ შემოსავალს ნიშნავს.
მეტიც, ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეების უმეტესობის პროგნოზით, აშშ-ის თავდაცვის და სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრია 2024 წელს კიდევ უფრო გაიზრდება. მაგალითისათვის, Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტების წარმოების მოცულობა მიმდინარე კონფლიქტების გათვალისწინებით წელიწადში 550-დან 650-მდე უნდა გაიზარდოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი ერთეულის ღირებულება $4 მილიონია, წლის ჭრილში ის კომპანიისათვის გაყიდვების $400 მილიონით ზრდას ნიშნავს. ეს კი მხოლოდ ერთი კონკრეტული სისტემის მაგალითზე.
დამატებით, Northtrop Grumman-ი GMLRS ტიპის რაკეტების წარმოების 10,000-დან 14,000-მდე გაზრდას გეგმავს. ცნობისათვის, აღნიშნული რაკეტები უკრაინას საკმაოდ აქტიურად გადაეცემა და თითოეულის ღირებულება $148,000-ს შეადგენს.
გარდა ამისა, ძველი სისტემების წარმოების მოცულობის გაზრდა ყოველთვის უფრო მოგებიანია, ვიდრე ახალი, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სისტემების წარმოების ზრდა.
Wall Street Journal-ის პროგნოზით, ზრდას ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპანიების აქციათა ფასებიც განაგრძობს. ჟურნალის პროგნოზით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში Lockheed Martin-ის, General Dynamics-ისა და Northrop Grumman-ის აქციათა ფასი 5-7%-ით გაიზრდება.