თანამშრომელთა კეთილდღეობა თანამედროვე კომპანიებისთვის კონკურენტული უპირატესობის ნაწილად იქცა და ამ პროცესში კვების სისტემაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. Degusto ბიზნესებს კორპორაციული კაფეტერიების მოწყობა-მართვის სრულ სერვისს სთავაზობს და უკვე 15-მდე ორგანიზაციას ემსახურება. როგორ მუშაობს ეს მოდელი და რა სარგებელს იღებენ კომპანიები, ამის შესახებ Degusto-ს დირექტორი, სანდრო ნორაკიძე გვესაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
ბოლო წლებში Degusto აქტიურად ვითარდება კორპორაციული მიმართულებით. თქვენი დაკვირვებით, რა მოთხოვნები აქვთ დღეს კომპანიებს თანამშრომელთა კვების მიმართულებით და როგორ პასუხობს ამ მოთხოვნებს Degusto?
ბოლო წლებში კომპანიებისთვის თანამშრომელთა კვება მხოლოდ ყოველდღიური საჭიროება კი არ არის, ის მოტივაციის ზრდისა და კორპორაციული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. დღეს ორგანიზაციები ეძებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება ჯანსაღი, ხელმისაწვდომი, დროში მოქნილი და სტაბილურად ხარისხიანი.
„დეგუსტო“ კომპანიებს სთავაზობს: ბალანსირებულ მენიუს, სწრაფ და ორგანიზებულ სერვისს, ფასების კონტროლს და პროცესების სრულ აუტსორსინგს, რაც მათ აძლევს საშუალებას, საკუთარ ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირდნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კვების სერვისი ინტეგრირებული იყოს კომპანიის შიდა პროცესებში და თანამშრომლების ყოველდღიურ რიტმთან ჰარმონიაში მუშაობდეს.
რატომ იქცა კორპორაციული კაფეტერიების მოწყობა Degusto-სთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად და რა განასხვავებს თქვენს სერვისს ბაზარზე არსებული სხვა შეთავაზებებისგან?
კორპორაციული კაფეტერიები Degusto-სთვის ლოგიკური განვითარება იყო. ჩვენ უკვე გვქონდა მასშტაბური წარმოება, ოპერაციული კუთხით დაგროვებული გამოცდილება და რამდენიმე ფილიალის მართვის სისტემა. გაგვიჩნდა სურვილი, რომ ეს ცოდნა და ინფრასტრუქტურა ბიზნესსექტორისთვისაც გაგვეზიარებინა.
ჩვენი მთავარი განსხვავება ბაზარზე არის სერვისის სრული ციკლი: სივრცის დაგეგმვიდან, მენიუს შექმნიდან და მომწოდებლების მართვიდან – ყოველდღიურ ოპერირებამდე. კომპანიები იღებენ არა უბრალოდ კვების ობიექტს, არამედ მაღალი სტანდარტებით გამართულ სისტემას.
გარდა ამისა, თითოეული პროექტი იწყება დეტალური ანალიზით. ვსწავლობთ ორგანიზაციის კორპორაციულ კულტურას, თანამშრომელთა ასაკობრივ სტრუქტურას და კვების პრეფერენციებს, რათა შეთავაზებული პროდუქტი მაქსიმალურად შესაბამისი იყოს კომპანიისა და იქ მომუშავე ადამიანების მოთხოვნებთან.
Degusto უკვე 15-მდე ორგანიზაციას ემსახურება კაფეტერიების მოწყობა-მართვის სერვისით. რა ტიპის კომპანიებია თქვენს ძირითად პარტნიორებს შორის და რით განსხვავდება თითოეულ მათგანზე მორგებული მიდგომა?
ჩვენი პარტნიორები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბანკები, საწარმოები, სკოლები. თითოეულ შემთხვევაში მიდგომა ინდივიდუალურია: ვითვალისწინებთ თანამშრომელთა რაოდენობას, სამუშაო გრაფიკს, კვების ჩვევებს, ბიუჯეტსა და სივრცის სპეციფიკას.
მაგალითად, საწარმოო სექტორში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწრაფ მომსახურებასა და ენერგიულ მენიუს, მაშინ როცა საოფისე სივრცეებში მსუბუქ მენიუზეა მოთხოვნა. სწორედ ეს მოქნილობა ქმნის გრძელვადიან და წარმატებულ თანამშრომლობას.
ბევრი კომპანია ფიქრობს, მართოს თუ არა კაფეტერია საკუთარი რესურსებით. თქვენი გამოცდილებით, რა მთავარი სარგებელი აქვს მოდელს, რომელსაც Degusto ბიზნესებს სთავაზობს?
ჩვენი მოდელის მთავარი სარგებელი არის ხარჯების ოპტიმიზაცია და რისკების შემცირება. კომპანიებს აღარ უწევთ პერსონალის მართვა, შესყიდვები, ჰიგიენის კონტროლი ან მარაგების დაგეგმვა. Degusto იღებს სრულ პასუხისმგებლობას პროცესზე, რაც სტაბილურ ხარისხს და პროგნოზირებად შედეგს უზრუნველყოფს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის რესურსის დაზოგვა. კომპანიის მენეჯმენტი თავისუფლდება დამატებითი ოპერაციული დატვირთვისგან და მეტად ფოკუსირდება სტრატეგიულ ამოცანებზე.
კორპორაციული კაფეტერიის დაგეგმვის პროცესში რა ფაქტორებს ითვალისწინებთ და როგორ ახერხებთ სივრცისა თუ მენიუს კონკრეტული კომპანიის საჭიროებებზე მორგებას?
პირველ რიგში ვაანალიზებთ სივრცეს, ადამიანების ნაკადს და გამოყენების სცენარებს. შემდეგ ვქმნით მენიუს, რომელიც დაბალანსებულია როგორც კვებითი ღირებულებით, ისე ფასითა და სისწრაფით. საჭიროების შემთხვევაში, ვთავაზობთ სპეციალურ მენიუებსაც.
გარდა ამისა, სივრცის დიზაინის შერჩევის ეტაპზეც აქტიურად ვართ ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ კაფეტერია იყოს არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ კომფორტული და ესთეტიკურად მიმზიდველი სივრცე, რომელიც თანამშრომლებს დასვენებისა და კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს.
დეკემბრის ბოლოს Degusto-მ ახალი, თანამედროვე სტანდარტების საწარმო გახსნა. რას ცვლის ეს საწარმო კომპანიის ოპერაციული შესაძლებლობებისა და წარმოების მასშტაბების კუთხით?
ახალი საწარმო მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ოპერაციულ შესაძლებლობებს. გაიზარდა წარმოების მოცულობა, გამკაცრდა ხარისხის კონტროლი, რაც პროცესების კიდევ უფრო სტანდარტიზაციაში დაგვეხმარა. ეს გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტ კორპორაციულ პარტნიორს მოვემსახუროთ, ხარისხის შენარჩუნებით.
კვების ობიექტებისთვის ჰიგიენისა და ხარისხის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა სტანდარტებით მუშაობს კომპანია და როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი?
Degusto მუშაობს მკაცრი შიდა სტანდარტებით, რომლებიც შეესაბამება საკვების უვნებლობის საერთაშორისო პრაქტიკას. მონიტორინგი მიმდინარეობს როგორც საწარმოო ხაზზე, ისე ყველა ფილიალსა და კორპორაციულ კაფეტერიაში, რეგულარული შემოწმებებით, შიდა აუდიტებითა და პერსონალის ტრენინგებით.
Degusto დღეს 25-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს. როგორ მართავთ ასეთ ფართო ქსელს ისე, რომ მომსახურების ხარისხი ყველა ლოკაციაზე თანაბრად შენარჩუნდეს?
ქსელის მართვა ეფუძნება სტანდარტიზებულ პროცესებს, ცენტრალიზებულ წარმოებასა და ძლიერ მენეჯმენტს. ყველა ფილიალი იზიარებს ერთ ძირითად ღირებულებას – ხელმისაწვდომი, სწრაფი და ხარისხიანი კვება. სწორედ ეს საერთო ფილოსოფია უზრუნველყოფს თანაბარ გამოცდილებას ყველა ლოკაციაზე.
ჩვენთვის ხარისხის კონტროლი არ არის ერთჯერადი პროცედურა, არამედ ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც ყველა ეტაპზე ვრცელდება – ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო პროდუქტამდე.
რით გამოირჩევა Degusto როგორც დამსაქმებელი? როგორია კომპანიის კორპორაციული კულტურა?
Degusto არის მზარდი ორგანიზაცია, სადაც თანამშრომლებს რეალური განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას შიდა დაწინაურებას, ტრენინგებსა და პროფესიულ ზრდას. კორპორაციული კულტურა ეფუძნება გუნდურობას, პასუხისმგებლობასა და შედეგზე ორიენტირებულობას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა თანამშრომელმა საკუთარი წვლილი კომპანიის საერთო წარმატებაში დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი პროფესიული განვითარება ორგანიზაციის პრიორიტეტია.
როგორია Degusto-ს განვითარების გრძელვადიანი ხედვა და გეგმავთ თუ არა ქსელის გაფართოებას რეგიონებში?
ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, Degusto გახდეს სტანდარტი როგორც საცალო, ისე კორპორაციული კვების მიმართულებით საქართველოში. ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას რეგიონებში და აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი ბიზნესებისა და სამუშაო სივრცეების განვითარებაში.
პარალელურად, ვმუშაობთ ახალი სერვისების განვითარებაზეც, რათა ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვუპასუხოთ.
S













