ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე, უკრაინამ იუსტიციის მინისტრი, ჰერმან ჰალუშჩენკო დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადებით, ჰერმან ჰალუშჩენკოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე იქნა მიღებული.
გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული უწყებების მიერ ენერგოსექტორში „ფართომასშტაბიან“ კორუფციის სქემაზე გამოძიების დაწყება უძღოდა წინ. საქმე 100 მილიონი აშშ დოლარის კორუფციული სქემის ორგანიზებას შეეხება, რომელშიც, უკრაინელი გამომძიებლების ინფორმაციით, მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. უკრაინის ხელისუფლებამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი შვიდ პირს უკვე წარუდგინა.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დეტექტივებმა, ჰალუშჩენკოს ბინასა და ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. NABU-მ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) სამშაბათს გვიან საღამოს განაცხადეს, რომ კორუფციულ სქემაში ასევე იყო ჩართული ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელსაც მხოლოდ მეტსახელით, „ჩე გევარათი“ მოიხსენიებენ. გამოძიების ცნობით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც 1.2 მილიონ დოლარზე მეტი თანხის უკანონო ნაღდი გადარიცხვების ფაქტს ადასტურებს.
მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად ჰალუშჩენკოც და განაცხადა, რომ გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან დროებითი ჩამოშორება ცივილიზებული და სწორი ნაბიჯია, თავის პოზიციას კი ის სამართლებრივი გზებით დაიცავს. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ევროინტეგრაციის საკითხებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლუდმილა სუგაკი დაინიშნა.















