კოსმოსში AI-მონაცემთა ცენტრების განთავსების მიზნით, მასკმა SpaceX-ი xAI-სთან გააერთიანა

კოსმოსში AI-მონაცემთა ცენტრების განთავსების მიზნით, მასკმა SpaceX-ი xAI-სთან გააერთიანა

ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა, კოსმოსში AI-მონაცემთა ცენტრების განთავსების მიზნით, მილიარდერის საკუთრებაში არსებული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI შეიძინა. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, მასკის მიერ გაერთიანებული კომპანიების სავარაუდო ღირებულება $1.25 ტრილიონს აღწევს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის განცხადებით, კომპანიების გაერთიანება მონაცემთა ცენტრების კოსმოსში გადატანისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რაც, თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის დასწავლისა და განვითარების პროცესს დააჩქარებს. მასკის თქმითვე, უახლოეს მომავალში დედამიწაზე AI-ის საჭირო ელექტროენერგიით მომარაგება, გარემოსა და მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, შეუძლებელია.

ილონ მასკის შეფასებით, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სიმძლავრის გაზრდის ყველაზე ეკონომიური გზა სწორედ კოსმოსია. კოსმოსში მზის ენერგია თითქმის უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომია, რაც კომპანიისთვის ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს დაბალ დონეზე შეინარჩუნებს.

Reuters-ის ინფორმაციით, გარიგების პირობებით xAI-ის აქციების SpaceX-ის აქციებში გადაცვლა განიხილება. ამასთან ერთად, xAI-ის ზოგიერთ აღმასრულებელს, შესაძლოა, SpaceX-ის აქციების ნაცვლად ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობაც მიეცეს.

კომპანიების გაერთიანება SpaceX-ის მიერ დაანონსებულ IPO-მდე ხდება. SpaceX-ის CFO-ს, ბრეტ ჯონსონის განცხადებით, კომპანია მიმდინარე წელს აქციების საჯარო დალისტვისთვის ემზადება. მასკის კომპანია IPO-ს $1.5-ტრილიონიანი შეფასებით განიხილავს. მანამდე, გასული წლის მარტში, მასკმა X თავისივე კომპანია xAI-ს $33 მილიარდად მიჰყიდა. ეს ნიშნავს, რომ ახალი გარიგება xAI-სა და მის შვილობილ სოციალურ მედიაპლატფორმა X-ს SpaceX-ის ბრენდის ქვეშ აერთიანებს.