კოსოვო, აღიარების სანაცვლოდ, კოსოვოელი სერბებისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხზე დათმობებზე წავა

კოსოვო, აღიარების სანაცვლოდ, კოსოვოელი სერბებისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხზე დათმობებზე წავა

კოსოვოს მთავრობა მზადაა კოსოვოელი სერბებისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხზე დათმობებზე წავიდეს, იმ შემთხვევაში, თუ თავად სხვა სახელმწიფოებისგან აღიარებას მოიპოვებს. კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროპის საბჭოში გაწევრიანების მიზანს ემსახურება.

კოსოვო, რომელიც სერბეთს 2008 წელს გამოეყო, საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას 46 სახელმწიფოსგან შემდგარ ჯგუფში გაწევრიანების გზით ცდილობს. ამას ემატება ის ფაქტი, რომ გასულ თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კოსოვოს წევრობას რეკომენდაციაც გაუწია. თუმცა გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა მიიღონ, რომლებიც შეხვედრებს სწორედ ამ ორი დღის განმავლობაში მართავენ.

შეხვედრების პარალელურად, კოსოვომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი ლიდერების მოწოდებაც გაითვალისწინა, სერბებით დასახლებული თემებისთვის ნაწილობრივი ავტონომიის მინიჭების თაობაზე. თუმცა სერბეთი, რომელიც უარს ამბობს კოსოვოს სუვერენიტეტის აღიარებაზე, მკაცრად ეწინააღმდეგება მის ევროსაბჭოში გაწევრიანებასაც. პრეზიდენტ ვოჩიჩის განცხადებით, კოსოვოს გაწევრიანების შემთხვევაში, თავად ევროპის საბჭოდან გასვლას განიხილავს.

ათწლეულის წინანდელი ავტონომიის გეგმა, რომელიც „სერბი უმრავლესობის მუნიციპალიტეტების ასოციაციის“ სახელითაა ცნობილი, ერთ-ერთი ყველზე დიდი დამაბრკოლებელია სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში. აშშ და ევროპელ ლიდერთა ნაწილი ამჟამად კოსოვოსგან, ევროსაბჭოში გასაწევრიანებლად, ასოციაციის გეგმის მიღებას ითხოვს.

ხუთშაბათს, პრიშტინის მთავრობამ, მოულოდნელად, ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში სერბეთის ავტონომიის გეგმის პროექტი გაგზავნა. პროექტის გაგზავნა ევროკავშირის მოთხოვნასაც დააკმაყოფილებდა. „პროექტი უზრუნველყოფს არა მხოლოდ კოსოვოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების სრულ პატივისცემას, ასევე ზღუდავს გარე ჩარევას როგორც კოსოვოს მუნიციპალიტეტის, ისე მთელი ქვეყნის შიდა პროცესებში“, – განაცხადა კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.