„კრედო ბანკში“ ახალი ეტაპი იწყება

„კრედო ბანკში“ ახალი ეტაპი იწყება

საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ბოლო მასშტაბური გარიგება დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა. „კრედო ბანკმა“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ 100%-იანი წილი შეისყიდა, რის შედეგადაც ქვეყანაში კომერციული ბანკების რაოდენობა 15-დან 14- მდე შემცირდა. ნასყიდობას საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტმა – Proparco-მ დაუჭირა მხარი.

ნასყიდობის შედეგად „კრედო ბანკის“ მთლიანი აქტივების მოცულობა 1,5 მლრდდან 1,8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ახლა ბანკს სხვა გეგმები აქვს – უფრო მეტი საბანკო პროდუქტის გაციფრულება, უფრო მოქნილი სერვისების შეთავაზება და ორგანული ზრდა. „გარდა ფინანსური რესურსების უზრუნველყოფისა, Proparco-ს გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – კორპორაციულ მართვაში. ისინი ამ კუთხითაც დაგვეხმარებიან“, – ამბობს „კრედო ბანკის“ გენერალური დირექტორი ზაზა ფირცხელავა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტს 2014 წლიდან მართავს.

Proparco-ს წილი „კრედო ბანკში“ 15% იქნება. დანარჩენი წილები ასე ნაწილდება: გერმანული Access Microfinance Holding AG – 51%, ჰოლანდიური Triodos Investment Management-ი – 17% და შვეიცარიული responsAbility Investments-ი – 17%.

ფირცხელავას თქმით, Proparco-ს მხრიდან დირექტორთა საბჭოში დიგიტალიზაციის მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი შევა და ამ პროცესში ბანკს ექსპერტულ დახმარებას გაუწევს.

„კრედო ბანკსა“ და Proparco-ს შორის თანამშრომლობა ბოლო ტრანზაქციით არ დაწყებულა. საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან კომპანიას ხუთწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს როგორც სასესხო ინვეს­ტიციების, ასევე ტექნიკური დახმარების კუთხით, რომელთა საერთო მოცულობა 120 მილიონ ლარს აღემატება. ერთ-ერთი ბოლო სესხი „კრედო ბანკმა“ Proparco-სგან გასული წლის მიწურულს მოიზიდა. მაშინ $5-მლნ-იანი სასესხო ხელშეკრულება კოვიდპანდემიისგან დაზარალებული მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად გაფორმდა. „კრედო ბანკის“ მომხმარებელთა პორტფელის უმსხვილესი წილიც სწორედ ამ სეგმენტზე მოდის. ბანკის მისიაა მიკრო-, მცირე და საშუალო მეწარმეთათვის მდგრადი ფინანსური სერვისის შეთავაზება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველმყოფი ბიზნესების დახმარებით. რიცხვებში კი ეს ასე ითარგმნება: „კრედო ბანკი“ 79 სერვისცენტრით 337,000-ზე მეტი მომხმარებლის მხარდაჭერას ახორციელებს. ამ მაჩვენებლით ის ქვეყნის მიკროსაფინანსო ბაზარზე წამყვანი ბანკია.

„Proparco-ს, როგორც განვითარების ინსტიტუტის მთავარი ფოკუსი მიკრომეწარმეების, საშუალო და მცირე საწარმოების მხარდაჭერაა. „კრედო ბანკის“ სამიზნე მომხმარებლებს კი სწორედ ისინი წარმოადგენენ. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ სამიზნე ჯგუფზე პირდაპირ გავიდეთ. ამიტომაც ვთანამშრომლობთ ისეთ ინსტიტუტებთან, რომლებიც გამოცდილები არიან, და რომელთა მიზანიც ჩვენს მიზანს ემთხვევა“, – ამბობს Proparco-ს რეგიონალური დირექტორი თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სტეფან ფროსარდი.

Proparco-ს საქმიანობა 40 წელზე მეტია, მიმართულია ეკონომიკური, სოციალური და გარემოს მდგრადი განვითარებისკენ, ინფრასტრუქტურული, განახლებადი ენერგიის, აგრობიზნესის, ფინანსური ინსტიტუციების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს გაუმჯობესების მიზნით, რისთვისაც ის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში უწევს.

მსგავსი ინვესტორების მოზიდვა საქართველოსთვის და საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად შეინარჩუნებს მათ ბაზარი. როგორც ეროვნული ბანკის დირექტორი კობა გვენეტაძე აღნიშნავს, როდესაც ინვესტორი ახალ ბაზარზე შედის, ის ყოველთვის უყურებს, როგორია ამ ქვეყანაში სიტუაცია და ზრდის პერსპექტივები. ამის გარეშე გადაწყვეტილებას არავინ იღებს. Proparco-ს მიერ ქართულ ფინანსურ ინსტიტუტში მრავალმილიონიანი ინვესტიციის განხორციელება კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ორგანიზაციას ქართული ფინანსური სისტემისა და ქვეყანაში არსებული მონეტარული პოლიტიკის მიმართ ნდობა აქვს. „ფინანსური სტაბილურობა ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის გარეშე ვერ მიიღწევა. Proparco-ს აქ ინვესტიციის განხორციელების საფუძველი ჰქონდა, ისევე როგორც, იმედი მაქვს, სხვა ორგანიზაციებსაც ექნებათ, რომლებიც პოტენციურად საქართველოში აპირებენ ინვესტირებას“, – ამბობს გვენეტაძე.

როგორც სტეფან ფროსარდი გვეუბნება, Proparco საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით შემოვიდა და მზადაა, „კრედო ბანკის“ ზრდისთვის ფინანსური რესურსები უზრუნველყოს. კერძოდ, Proparco მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის პოზიციონირების გაძლიერებაში და მხარს დაუჭერს მის მთავარ მიზანს – მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესებს მდგრადი ფინანსური სერვისები, განსაკუთრებით კი ციფრული და ინოვაციური პროდუქტები შესთავაზოს.

ამ პროცესში „კრედო ბანკს“ ახლახან შემოერთებული „ფინკას“ გუნდიც დაეხმარება. ზაზა ფირცხელავას განმარტებით, „ფინკას“ ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებენ. „ძალიან კარგი გუნდი ჰყავს „ფინკას“, რაც ჩვენთვის დიდი შენაძენია. წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე ორი უკვე ყოფილი ფინკელი ავიყვანეთ, საშუალო მენეჯერულ რგოლშიც ბევრი ფინკელი გაჩნდება. ამასთან, „ფინკას“ თანამშრომლებს უფრო მეტი შესაძლებლობაც მიეცემათ, რომ გაზრდილ ბანკში უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ“, – ამბობს „კრედო ბანკის“ გენერალური დირექტორი და დასძენს, რომ ეს გარიგება „ფინკას“ მომხმარებლებისთვისაც დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება, ვინაიდან მათ უფრო მეტი საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

ზაზა ფირცხელავა დარწმუნებულია, რომ ბანკების სინერგიის ეფექტი დიდი იქნება. ბანკის მმართველის თქმით, „ფინკას“ შესყიდვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პირველ რიგში იმიტომ, რომ „კრედო ბანკის“ მასშტაბები გაფართოვდა: „გამომდინარე იქიდან, რომ საფინანსო სექტორში კონსოლიდაცია მიმდინარეობს, მცირე ზომის ბანკებს უკვე ძალიან უჭირთ კონკურენციის გაწევა და პროდუქტების განვითარება. ძირითადი გათვლა მოგებიანობის გაზრდა იყო. უფრო მეტი მასშტაბი ნიშნავს უფრო მეტ მოგებიანობას“, – ამბობს ის.

თუმცა არც გასული 2020 წელი ყოფილა წაგებიანი. ბანკმა პანდემიის წელი მოგებით დაასრულა და მეტიც, საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის წმინდა მოგების მოცულობით „კრედო ბანკი“ 10.9 მილიონი ლარით მესამე ადგილზე იყო. „კრედო ბანკის“ გენდირექტორი ამბობს, რომ ამას ორი მიზეზი ჰქონდა: რისკების კარგად და სწორად მართვა და მათი პორტფელის სპეციფიკა. გამომდინარე იქიდან, რომ მათი აქცენტი ძირითადად მიკროფინანსებზე მოდის, რაც კრიზისების მიმართ ძირითადად რეზისტენტულია, გასულ წელს, „კრედო ბანკს“ ნაკლები ვადაგადაცილებული სესხები ჰქონდა. ამის ხარჯზე სესხების რეზერვირება შედარებით ნაკლები იყო, რამაც საბოლოო ჯამში ბანკს მოგებიანობა შეუნარჩუნა.

როგორც ჩანს, საქართველოს საფინანსო ბაზარზე 24-წლიანი ოპერირების პერიოდში, „კრედო ბანკმა“, რომელმაც საბანკო ლიცენზია 2017 წელს მოიპოვა, შეძლო მდგრადობის მიღწევა, სტაბილური ზრდის შენარჩუნება და მომხმარებელთათვის სანდო მომსახურების შეთავაზება. ბოლო გარიგებებით კი ბანკმა მასშტაბები გაზარდა, ახალი ინვესტიციებიც მოიზიდა და გუნდიც გააძლიერა.

„კრედო ბანკის“ ახალი გამოწვევა მოგებიანობის უფრო სწრაფად გაზრდა და პროდუქტების გაციფრულება და გაუმჯობესებაა. პარალელურად, „ფინკასთან“ ინტეგრაციის პროცესი კლიენტებისა და ფილიალების შერწყმის კუთხით, 1 ნოემბრისთვის დასრულდება. სრულ ინტეგრაციას კი კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *