გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ციფრული აქტივების სექტორმა გაფართოების მნიშვნელოვანი სტადიები გაიარა. ციფრული აქტივების სფერო გაიზარდა როგორც ღირებულებით, ისე ფუნქციურადაც. გარდა პოპულარული კრიპტოვალუტების ღირებულებების ზრდისა, ციფრული აქტივები აძლიერებს ინოვაციურ აპლიკაციებსაც, რომლებიც იძლევიან ღირებულებების გაცვლის საშუალებას გადახდებს მიღმა.
შეიძლება ითქვას, რომ ციფრული აქტივების ეკოსისტემა ხელახლა განსაზღვრავს აქტივებისა და ფინანსური ინსტიტუტების სტრუქტურებს. ეს პროცესი კი სწორედ აქ და ახლა მიმდინარეობს, ჩვენ თვალწინ. ციფრული აქტივების ეკოსისტემა გვთავაზობს ტოკენებს, რომლებიც მფლობელებს დივიდენდის მსგავს შემოსავალს ანიჭებენ და ასევე ტოკენებს, რომლებიც სხვა ციფრული ან ფიზიკური აქტივებითაა მხარდაჭერილი. შესაბამისად, გარდაუვალია, რომ ერთ დღეს ტრადიციული აქტივების ციფრული აქტივების ეკოსისტემასთან ინტეგრაცია მოხდება.
უფრო გარკვევით რომ ვისაუბროთ, ციფრული აქტივები სამი ტიპის აქტივებად შეგვიძლია დავყოთ. ეს სამი ტიპი კი რეალურად ციფრული აქტივების სამ მთავარ ფუნქციასაც შეითავსებს. პირველი ორი ფუნქცია, ღირებულების შენახვა და გაცვლის საშუალება, ციფრული და თუნდაც ტრადიციული აქტივების უკვე კარგად ნაცნობი და ჩამოყალიბებული ფუნქციებია.
თუმცა, რაც შეეხება მის მესამე ტიპსა და ფუნქციას ანუ მფლობელებისათვის ღირებულების გადაცემის შესაძლებლობას, ის ისეთი უპირატესობებითაა აღჭურვილი, როგორიც განაცხადის საფასურზე ფასდაკლება, მმართველობითი ხმის მიცემის უფლება და ფულადი ჯილდოებია. ეს ყველაფერი კი ტოკენის მფლობელებს გადაეცემათ ციფრული აქტივებით სარგებლობის პრივილეგიების სახით.
ზემოთ გაჟღერებული ფუნქციები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციფრული აქტივების სამ მთავარ ტიპს შეესაბამება.
- ვალუტა: ტოკენი, რომელიც წარმოადგენს საანგარიშო ერთეულსა და გაცვლის საშუალებას;
- აქტივებით მხარდაჭერილი ტოკენი: ტოკენი, რომელიც მხარდაჭერილია მყარი აქტივებით. მაგალითად: კაპიტალი, სესხი ან ფიზიკური აქტივი;
- Pass Through ტოკენი: ტოკენი, რომელიც მის მფლობელებს შემოსავლებს, ჯილდოებსა და ქსელის სარგებელს ანიჭებს.
ამ უკანასკნელი ტიპის ტოკენები წარმოადგენენ ადგილს, სადაც ციფრული აქტივები იკვლევენ ინოვაციურ კონცეფციებსა და სტრუქტურებს, რომლებიც უნიკალურია ბლოკჩეინის ქსელისათვის.
მაგალითისათვის, კრიპტოვალუტების გაცვლითმა პლატფორმა FTX-მა საკუთარი ტოკენი FTT გამოუშვა, რომლის ფლობაც მის აქციონერებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. გარდა ამისა, FTT-ის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ „დაასტეიკონ“ (Staking) საკუთარი აქტივები და ამით დამატებითი სარგებელიც მიიღონ.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე დიდი ღირებულების მქონე კრიპტოვალუტა „ბიტკოინი“ დღეს სწორედ ციფრული ვალუტის ფუნქციას ასრულებს.
ციფრული აქტივების ტიპებისა და ფუნქციების გარდა, ვფიქრობ, აუცილებელია ვიცოდეთ ისიც, თუ რა მმართველობითი ორგანოები და სტრუქტურები იმალება რეალურად ციფრული აქტივების უკან. სხვაგვარად რომ განვმარტოთ, მმართველი ორგანო არის ის სუბიექტი, რომელიც გასცემს და აკონტროლებს ციფრული აქტივის ფუნქციას. შესაბამისად, საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ციფრული აქტივების მიზანსა და შემოთავაზებულ ღირებულებას.
მმართველი ორგანო შეიძლება იყოს როგორც ცენტრალიზებული მთავრობები და ორგანიზაციები (მაგალითად: ბაჰამის მთავრობა), ისე დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები და ბლოკჩეინ პროტოკოლები (მაგალითად: ეთერიუმი (ETH) და სოლანა (SOL)).
რაც შეეხება მმართველობით სტრუქტურებს, ისინი განსაზღვრავენ ჩარჩოსა და პროცედურებს, რომლებიც გადაწყვეტენ და ახორციელებენ ცვლილებებს ციფრული აქტივებისათვის. აღნიშნული ცვლილებები კი შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ რამეს: ციფრული აქტივების ტოკენომიკას (Tokenomics) თუ მომავალი განვითარების მიზნებს.
როგორც ხედავთ, უკვე ჩამოვაყალიბეთ ის ძირითადი ჩარჩო, რასაც ციფრული აქტივები მოიცავს. მართალია, ის ბევრად უფრო ღრმა და კომპლექსური სფეროა, თუმცა ამ სტატიაში მის ძირითად პრინციპებს მოკლედ მოვუყარეთ თავი. შესაბამისად, ახლა უკვე შეგვიძლია იმის დადგენაც, თუ როგორ ჯდება ტრადიციული აქტივები ამ ჩარჩოში.
უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ციფრული აქტივები სულ მალე სრულად შეძლებენ მისი წინაპარი ტრადიციული საშუალებების ჩანაცვლებას. ეს კი შეეხება ყველაფერს: უძრავ ქონებას, კომპანიების მიერ გაცემულ კაპიტალს თუ სხვა სახის სიმდიდრეს.
აქტივების შეუზღუდავი და გამჭვირვალე სტრუქტურული იერსახე მთელ მსოფლიოში ადამიანებს აძლევს მეტ თავისუფლებას ღირებულების შენახვის, გადაცემისა თუ მისით ვაჭრობისას.