ფოტო: Getty Images
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, საკვები დანამატების კომპანია Herbalife-ში 7.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. სიახლის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე მკვეთრად გაიზარდა.
კომპანიის განცხადებით, რონალდუმ Herbalife-ის შვილობილი კომპანიის, HBL Pro2col Software LLC-ის 10%-იანი წილი შეიძინა. HBL Pro2col-ი წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და კვების ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც მომხმარებლების ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის შესახებ მონაცემებს აგროვებს და მათზე დაყრდნობით ინდივიდუალურ კვებით და ველნეს-გეგმებს ქმნის.
განცხადების შემდეგ Herbalife-ის აქციების ღირებულება გუშინ 15%-ზე მეტით გაიზარდა.
ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგების პრეზენტაციისას გაავრცელა. ანგარიშის თანახმად, Herbalife-ის 2025 წლის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა, ხოლო მხოლოდ მეოთხე კვარტალში 6.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რონალდუ Herbalife-ის პარტნიორია 2013 წლიდან, თუმცა ეს მისი პირველი საჯაროდ გამოცხადებული ინვესტიციაა კომპანიაში. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ფეხბურთელმა ინვესტიცია პარტნიორობის „ბუნებრივ ევოლუციად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ Herbalife-თან თანამშრომლობა კარიერის ამ ეტაპზე მას დამატებით მოტივაციას აძლევს.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, კრიშტიანუ რონალდუს ქონება 280 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების 2025 წლის სიაში პირველ ადგილს იკავებდა. ის ასევე ლიდერობდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების 2025 წლის სიას.









