Kromos LLC: ქართული ლაბორატორია, რომელმაც გენეტიკური მეცნიერება სამშობლოში დააბრუნა

Kromos LLC: ქართული ლაბორატორია, რომელმაც გენეტიკური მეცნიერება სამშობლოში დააბრუნა

სულ რამდენიმე წლის წინ, გენეტიკური ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა ქართველი პაციენტებისთვის მოწინავე გენეტიკურ დიაგნოსტიკაზე წვდომის ერთადერთი გზა იყო. დღეს, Kromos LLC-ის წყალობით, იგივე მსოფლიო დონის ტესტები აქ, თბილისში ტარდება – უფრო სწრაფად, უფრო ხელმისაწვდომ ფასად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2022 წელს დაარსებული Kromos-ი ქალების მიერ მართული გენეტიკური ლაბორატორიაა, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი ნანუკა შატბერაშვილი ხელმძღვანელობს, და რომელმაც სწრაფად განსაზღვრა სამეცნიერო ინოვაციებისა და სამედიცინო სიზუსტის სტანდარტი საქართველოში. მის თანამედროვე ობიექტზე, დნმ-ის საიდუმლოებების გაშიფვრისას, ჩუმად გუგუნებენ მაღალტექნოლოგიური მანქანები.

EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაძლიერებული

Kromos-ის ტრანსფორმაციას ხელი შეუწყო EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზმა, ინიციატივამ, რომელსაც მხარს უჭერენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი (EU).

ამ პროგრამის მეშვეობით Kromos-მა მიიღო EUR 236,885 ოდენობის სესხი და, პროექტის წარმატებული გადამოწმების შემდეგ, ევროკავშირის დაფინანსებული 10%-იანი საინვესტიციო სტიმული. ამ მხარდაჭერამ კომპანიას საშუალება მისცა, შეეძინა ახალი თაობის სეკვენირების აღჭურვილობა და მიეღო ISO 15189:2022/2023 საერთაშორისო აკრედიტაცია, რამაც საქართველოს მოწინავე გენეტიკური დიაგნოსტიკის სექტორში ხარისხისა და სანდოობის ახალი სტანდარტი დააწესა.

„EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზმა რეალური ცვლილება მოახდინა , – ამბობს შატბერაშვილი. – ევროკავშირის საინვესტიციო სტიმულმა შეამსუბუქა ფინანსური ზეწოლა და მოგვცა ბიძგი წინსვლისთვის. ამან ჩვენი ხედვა რეალობად აქცია“.

რევოლუცია ადგილობრივ ჯანდაცვაში

Kromos-ამდე, პაციენტებსა და კლინიკებს ნიმუშების გაგზავნა უცხოურ ლაბორატორიებში უწევდათ – რაც ნიშნავდა კვირებით ლოდინსა და ადამიანის ქსოვილებისა და ნიმუშების მასალების შენახვისა და ტრანსპორტირების მაღალი ხარჯების გადახდას. ახლა შედეგები რამდენიმე დღეში მზადაა, რაც ექიმებსა და პაციენტებს საშუალებას აძლევს, გადადგან უფრო სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები.

„ჩვენი მიზანია, ვაქციოთ გენეტიკა საქართველოში ყოველდღიური მედიცინის ნაწილად – არა ფუფუნებად, არამედ სტანდარტად“, – დასძენს შატბერაშვილი.

Kromos-ის შემოთავაზებული მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სერვისები ქართველ ექიმებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ონკოლოგიისა და იშვიათი დაავადებების რთული გენეტიკური ტესტები საზღვარგარეთ ნიმუშების გაგზავნის გარეშე. შედეგები უფრო სწრაფად მოდის, ხარჯები უფრო დაბალია და ხარისხი მსოფლიოში საუკეთესოს შეესაბამება. მეზობელი ქვეყნებიდან მზარდი მოთხოვნების გამო, Kromos-ის მომსახურების სრულყოფილება, სიზუსტე და დროის დაზოგვა დღეს უკვე საქართველოს საზღვრებს გასცდა.

მეცნიერების, ჟინისა და ქალთა ლიდერობის ისტორია

Kromos-ის წარმატების უკან დგას მოლეკულური ბიოლოგების, გენეტიკოსებისა და ბიოინფორმატიკოსების გუნდი – ძირითადად ქალები – რომლებიც რეგიონის სამეცნიერო სექტორში შესაძლებლობების ლანდშაფტს ხელახლა განსაზღვრავენ.

ნანუკა შატბერაშვილი აღიარებს, რომ ამ სფეროში ქალობა ადვილი არაა. „ეს მოითხოვს გამძლეობასა და მუდმივ სწავლას, – ამბობს ის, – მაგრამ როდესაც შენი სამუშაო ოჯახებს პასუხების პოვნაში ეხმარება, ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა“.

ფართო ხედი

Kromos-ის ისტორია უბრალო ბიზნესწარმატებაზე მეტია – ესაა ინოვაციებითა და ევროპული პარტნიორობით განპირობებული ქართული ჯანდაცვის მომავლის ხედვა.

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის წყალობით, Kromos-მა მაღალტექნოლოგიური გენეტიკა სამშობლოში დანერგა, რითაც დაამტკიცა, რომ როდესაც ცოდნა შესაძლებლობას ხვდება, პატარა ქვეყნებსაც კი შეუძლიათ მეცნიერებისა და ჯანდაცვის გლობალურ ასპარეზზე დიდი როლის თამაში.