კულტურათაშორის ხიდების მშენებელი

კულტურათაშორის ხიდების მშენებელი
საქართველოს ბუნებითა და კულტურით სულ უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი ინტერესდება. ქვეყნის ცნობადობის ზრდის პროცესში 2016 წლიდან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს Guide of Georgia-ს, რომელიც ტურისტებს  ინდივიდუალურად მორგებულ სერვისსა და ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის განვითარების გზაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე მისი გენერალური დირექტორი, ეკატერინე ჯიქიძე გვესაუბრა. 

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

Guide of Georgia ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით ათი წლის წინ გამოჩნდა – შეიძლება ითქვას, ტურიზმის სექტორისთვის გარდამტეხ პერიოდში. უკვე გქონდათ ამ სფეროში გამოცდილება? რატომ გადაწყვიტეთ ტურისტული კომპანიის დაფუძნება?

ტურიზმთან ჩემი პირველი კავშირი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე 2016 წელს Guide of Georgia-ს დავაარსებდი. კულტურული გამოცდილების გაცვლა და სხვადასხვა ქვეყნის ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის მიზიდავდა – ეს გატაცება სკოლიდან გამომყვა, როდესაც საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ვმონაწილეობდი. ამ გამოცდილებამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორად წარმოჩენა უცხოელი ვიზიტორების წინაშე.

Guide of Georgia-ს დაფუძნებაც ამ ინტერესის ბუნებრივი გაგრძელება იყო. იმ პერიოდში საქართველოში ტურიზმი სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ არ არსებობდა სერვისები, რომლებიც კონკრეტულად არაბ და ინდოელ ტურისტებზე იქნებოდა მორგებული. სწორედ ეს ნიში დავინახე, მათ კულტურულ მოლოდინსა და საჭიროებებს დავუკვირდი და გადავწყვიტე შემექმნა კომპანია, რომელიც მხოლოდ ტურებს კი არ შესთავაზებდა ვიზიტორებს, არამედ ნამდვილ კულტურულ ხიდს გაავლებდა საქართველოსა და მის სტუმრებს შორის.

დღეს რომ ვუფიქრდები, Guide of Georgia-ს შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო – შევძელი, რომ გატაცება და ჩემი ქვეყნის მიმართ სიყვარულით სავსე დამოკიდებულება გადამექცია წარმატებულ ბიზნესად, რომელიც საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია.

როგორი იყო პირველი ნაბიჯები? რა სირთულეებს წააწყდით და როგორ გადალახეთ ისინი?

Guide of Georgia-ს პირველი ნაბიჯები ერთდროულად პრაქტიკული და სარისკო იყო. სრულიად ნულიდან დავიწყეთ – არც ჩამოყალიბებული ბაზარი გვქონდა და არც ძლიერი კონკურენტული უპირატესობები. პირველ ეტაპზე დავამყარეთ პარტნიორობა სასტუმროებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან და ადგილობრივ გიდებთან, რათა ვიზიტორებისთვის სრული სერვისი შეგვედგინა.

ყველაზე დიდი გამოწვევა კი ნდობის მოპოვება იყო – როგორც საერთაშორისო კომპანიების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის. ბევრი სასტუმრო და პარტნიორი ახალ კომპანიას სკეპტიკურად უყურებდა. ამას გავუმკლავდით გამჭვირვალე და ხარისხიანი სერვისებით, დეტალებზე ორიენტირებით და ყველაზე მთავარით – მომხმარებლების უკუკავშირის მოსმენით.

სირთულეს წარმოადგენდა ბაზარზე თავის დამკვიდრებაც. ვინაიდან ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მომსახურება სპეციალურად არაბ და ინდოელ ტურისტებზე მოარგო, დიდი ყურადღება უნდა მიგვექცია კულტურული თავისებურებებისთვის – ჰალალ კვებით დაწყებული, ენობრივი ბარიერების დაძლევით დასრულებული. ამ უნიკალურმა მიდგომამ მოგვცა კონკურენტული უპირატესობა.

საბოლოოდ, საწყისი სირთულეები შესაძლებლობებად იქცა: პირველი სტუმრების ნდობა ჩვენი საუკეთესო რეკლამა გახდა და წარმატებისკენ გზაც გაგვიხსნა.

რა სერვისებით შეხვედით ბაზარზე და როგორ შეიცვალა თქვენი პორტფელი წლების განმავლობაში?

Guide of Georgia-ს შექმნისას ჩვენი ძირითადი შეთავაზება იყო კლასიკური ტურები საქართველოში: ქალაქის ექსკურსიები, ბუნების ტური, კულტურულ-ისტორიული მარშრუტები. თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით არაბ და ინდოელ სტუმრებს: ვთავაზობდით ჰალალ კვებას, უსაფრთხო და ოჯახზე ორიენტირებულ გარემოს, არაბულ- და ინგლისურენოვან გიდებს.

წლების განმავლობაში ჩვენი სერვისები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თუ დასაწყისში მხოლოდ ტურებს ვმართავდით, დღეს ტურისტებს სრულფასოვან სამოგზაურო გამოცდილებას ვთავაზობთ – ავიაბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნით  დაწყებული, VIP-ტრანსფერებითა და ინდივიდუალურად მორგებული პაკეტებით დასრულებული. ასევე, რეგიონშიც გავფართოვდით – უკვე ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

დღეს Guide of Georgia აღარ არის მხოლოდ ტუროპერატორი – ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი, რომელიც ქმნის დასამახსოვრებელ სამოგზაურო გამოცდილებას. თითოეული სტუმარი მუდმივ კონტაქტშია ჩვენს თანამშრომლებთან, რომლებიც ნებისმიერი საკითხის დროულად მოგვარებას უზრუნველყოფენ. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სერვისის ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები, ჩვენი კომპანია ცდილობს, ეს ხარვეზები მაღალი სტანდარტის მიწოდებით შეავსოს. სწორედ ამ ერთგულების დამსახურებაა, რომ 2023 წელს Guide of Georgia-მ შვეიცარიული სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ბიზნესრეიტინგების კავშირისგან ჯილდო – „წლის ლიდერი“ მიიღო, ასევე მოიპოვა წოდება „სანდო ლიდერი 2020–2024“. 2023 წელს პირადად მე მომენიჭა ტიტული „Chief of the Year“, და წელს გადმომეცა ორდენი  „Decus Oeconomicae“ – ეკონომიკის ლიდერი. საქართველოს წამყვან კომპანიებსა და ლიდერებს შორის მოხვედრა განსაკუთრებული პრივილეგიაა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცოდით, სწორ გზაზე ვიყავით, გამარჯვების შესახებ ზარის მიღებისას სრულად გავიაზრე მრავალწლიანი შრომისა და ერთგულების შედეგი

რას აძლევს კომპანიას ეს აღიარება? 

ეს არა მხოლოდ პრესტიჟული ჯილდოებია, არამედ პასუხისმგებლობაც – სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლება და ტურიზმის სექტორის განვითარებაში მეტი წვლილის შეტანა.

აღსანიშნავია, რომ ამან პოზიტიურად იმოქმედა როგორც სახელმწიფო, ისე  კერძო სექტორთან ურთიერთობაზე. სახელმწიფოს მხრიდან გამარტივდა თანამშრომლობა – რეგულაციების კუთხით, ინფრასტრუქტურასა და მარკეტინგულ ინიციატივებში მხარი დაგვიჭირეს. კერძო სექტორის მხრივ კი, სასტუმროებმა, ავიახაზებმა და სხვა პარტნიორებმა ჩვენ მიმართ ნდობა და ინტერესი გაზარდეს, რაც საშუალებას გვაძლევს, სტუმრებს განსაკუთრებული პირობები და უმაღლესი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ.

ჩვენი გუნდისთვის ეს ჯილდოები ძლიერი მოტივატორიცაა – გვაიძულებს შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი, განვავითაროთ სერვისები და საერთაშორისო გაფართოება გავაგრძელოთ.

თქვენი დაკვირვებით, როგორ განვითარდა საქართველოში ტურიზმის მიმართულება მას შემდეგ, რაც სექტორში Guide of Georgia გამოჩნდა? კიდევ რის შეცვლას ისურვებდით?

თუ ადრე ქვეყანა ძირითადად მეზობელი რეგიონების ტურისტებზე იყო ორიენტირებული, დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე. გაიზარდა ფრენების რაოდენობა, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, მეტი სასტუმრო და სერვისის მომწოდებელი გამოჩნდა, ხოლო ტურისტების გემოვნება და მოლოდინი უფრო მრავალფეროვანი გახდა.

მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ ტურიზმი ბევრად უფრო კულტურულად მგრძნობიარე გახდა. დღეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ტურისტების თავისებურებებს – ჰალალ კვება, მრავალფეროვანი სამზარეულო, მრავალენოვანი გიდები და ოჯახზე ორიენტირებული სერვისები უკვე სტანდარტია. როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ეს მიდგომა იშვიათად გვხვდებოდა. Guide of Georgia-ს ინიციატივამ არაბი და ინდოელი ტურისტების შემოყვანამ ამ დარგისა და ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შიეტანა. არაერთმა კომპანიამ მოგვბაძა და ამ ბაზრებზე მუშაობა დაიწყო.

რაც შეეხება ჩემს ხედვას: ვფიქრობ, საქართველოს უფრო გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა სჭირდება. ხშირად ტურიზმის განვითარება სპონტანურია და არა – სისტემური. საქართველოს აქვს უნიკალური ბუნება, საუკუნოვანი კულტურა, ღვინისა და სტუმარმასპინძლობის დიდი ტრადიცია, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. თუმცა ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია რამდენიმე სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმა: ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის ბრენდინგი, ინოვაციური ციფრული პლატფორმების დანერგვა, მაღალი ღირებულების სეგმენტების მოზიდვა, სასტუმროებისა და სერვისების სტანდარტიზაციამუდმივად მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, როგორც საქართველოს სავიზიტო ბარათი.საქართველო უნდა იქცეს რეგიონულ ჰაბადარა მხოლოდ ტურიზმის, არამედ კულტურის, ბიზნესისა და განათლების მიმართულებითაც. სწორი სტრატეგიით, შესაძლებელია ტურიზმის წილი ეკონომიკაში ორჯერ გავზარდოთ და საქართველო გლობალურ ტურისტულ რუკაზე დავამკვიდროთ როგორც კულტურული ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

დღეს თქვენი სფერო მაღალი კონკურენციით გამოირჩევა – როგორ ინარჩუნებთ პოზიციას ბაზარზე? გაქვთ უნიკალური შეთავაზებები, რომლებიც უპირატესობას გაძლევთ?

Guide of Georgia-ს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ თავიდანვე კონკრეტულ ნიშზე გავამახვილეთ ყურადღება და არ ვცდილობდით, „ყველაფერი ყველასთვის“ გვქონოდა. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ პირველებმა დავიწყეთ არაბ და ინდოელ ტურისტებზე სპეციალიზაცია და შევქმენით მომსახურება, რომელიც მათ კულტურულ და რელიგიურ საჭიროებებს სრულად ითვალისწინებდა. ეს სპეციალიზაცია დღემდე გვეხმარება ბაზარზე ძლიერი პოზიციის შენარჩუნებაში. 

ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს შორისაა: პერსონალიზაცია – თითოეული ტურისტი იღებს ინდივიდუალურად მორგებულ პაკეტს, და არა სტანდარტულ მარშრუტს; კულტურული მგრძნობელობა –  ჰალალ კვება, ოჯახზე ორიენტირებული ტური, მრავალენოვანი გიდები; სანდო პარტნიორობა – სასტუმროებთან და სერვისის მომწოდებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები, რაც განსაკუთრებულ პირობებს გვაძლევს; გამოცდილება და რეპუტაცია – ჩვენი კლიენტები არიან მაღალი დონის სტუმრები, დიპლომატები და ყოფილი პრემიერ-მინისტრებიც კი, რაც ჩვენი სერვისის ხარისხს უსვამს ხაზს.

ამასთანავე, საერთაშორისო აღიარება – პრესტიჟული ჯილდოების მიღება – ქმნის ნდობას და გვაძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.

რა ტიპის ტურებია ყველაზე მოთხოვნადი და კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან აქტიურობენ?

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მოთხოვნა უფრო მრავალფეროვანი გახდა. ლიდერი კვლავ კულტურული ტურებია – ვიზიტორები დაინტერესებულნი არიან ქართული ტრადიციებით, სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით. სწრაფად იზრდება სათავგადასავლო და ბუნებაზე ორიენტირებული ტურიზმიც: მთაში ლაშქრობა, სათხილამურო ტურები, ღვინოსთან დაკავშირებული გამოცდილება კახეთში. 

დღეს ტურისტი ეძებს არა უბრალოდ ტურს, არამედ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ქართულ კულტურას, ბუნებას და ავთენტურობას აერთიანებს.

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ოჯახები, წყვილები და მეგობრების ჯგუფებია.
გეოგრაფიულად კი Guide of Georgia-ს ყველაზე აქტიური კლიენტები არიან სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ესენია: საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ომანი და ბაჰრეინი. მნიშვნელოვან და მზარდ ბაზარს წარმოადგენს ინდოეთი და ისრაელიც.

როგორ ზომავთ კომპანიის წარმატებას? შეგიძლიათ კონკრეტული მონაცემები გაგვიზიაროთ

Guide of Georgia-მ დაფუძნების დღიდან გამორჩეულად სწრაფი ზრდა აჩვენა:
2016 წლიდან ტურისტთა რაოდენობა დაახლოებით 3,900%-ით გაიზარდა. ეს ნათლად უსვამს ხაზს ჩვენს სტრატეგიულ ფოკუსს, პერსონალიზებულ მომსახურებას და საერთაშორისო აქტიურ გაფართოებას.

საწყის ეტაპზე ჩვენი ძირითადი ბაზრები სპარსეთის ყურის ქვეყნები (~70%), ინდოეთი (~20%) და ისრაელი (~5%) იყო. ბოლო წლებში აზიური ბაზრების წილი სტაბილურად იზრდება.

ბოლოს, რა გეგმები გაქვთ კომპანიის ზრდისა და განვითარების კუთხით მომდევნო წლებში?

ჩემი სტრატეგიული მიზანია, Guide of Georgia-ს პოზიცია რეგიონში კიდევ უფრო განვამტკიცო, ამასთან აქტიურად შევიდე აშშ-ის ბაზარზე. რეგულარულად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და B2B „როუდშოუებში“ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი და აშშ. ეს პლატფორმები საშუალებას გვაძლევს, საქართველო წარმოვაჩინოთ მიმზიდველ, საინტერესო დანიშნულების ქვეყნად და მის მიმართ საერთაშორისო დაინტერესება გავზარდოთ. 

გარდა ამისა, ვგეგმავთ Guide of Georgia-ს ოფისის გახსნას აშშ-ში, რაც საშუალებას მოგვცემს, პარტნიორებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, როგორც ტურისტული მიმართულება. ეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობას შექმნის და ორ რეგიონს შორის კულტურულ და ბიზნესკავშირებს გააძლიერებს.

მინდა, Guide of Georgia დარჩეს არა მხოლოდ ტუროპერატორად, არამედ იქცეს სანდო გლობალურ ბრენდად, რომელიც კულტურულ ხიდებს აშენებს და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტურისტულ იმიჯს აძლიერებს.

S