პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა. სიაში სულ 20 ფეხბურთელია, ტოპ-10-ში კი „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა Goal.com-ის რეიტინგში წინა განახლების შემდეგ ოთხი პოზიციით — მე-11 ადგილიდან მე-7 ადგილზე დაწინაურდა. დიდი ალბათობით, ეს წინსვლა კვარაცხელიას მიერ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებასა და ფინალში გატანილ გოლს უკავშირდება. 31 მაისს გამართულ ფინალურ შეხვედრაში პარიზელებმა მილანის „ინტერი“ მარტივად, ანგარიშით 5:0 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის თასს კლუბის ისტორიაში პირველად დაეუფლნენ. ხვიჩა პირველი ქართველია, რომელმაც აღნიშნული ტურნირის ფინალში გოლის გატანა შეძლო.
2024-2025 წლების სეზონში ქართველმა მთლიანობაში 14 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. თუმცა, როგორც Goal.com-ი წერს, მხოლოდ გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობა ამ სეზონში კვარაცხელიას თამაშის დონეს ნათლად ვერ ასახავს.
აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა გარემარბმა ჩემპიონთა ლიგის გარდა, საფრანგეთის ლიგა 1-ის თასი, საფრანგეთის თასი და იტალიის სერია A მოიგო. შეგახსენებთ, ის პარიზულ კლუბს „ნაპოლიდან“ იანვარში შეუერთდა, შესაბამისად, ნახევარი სეზონი იტალიაში გაატარა და გუნდის ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებაშიც შეიტანა წვლილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას აგვისტოში სუპერ-თასის მოგების შანსიც აქვს, რისთვისაც მისი კლუბი ევროპის ლიგის გამარჯვებულს, „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება Goal.com-ის რეიტინგს, ხვიჩა კვარაცხელია სიაში ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან: ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი), ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი), ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი) და სხვა. აღსანიშნავია, რომ ტოპ-20-ში „პარი სენ-ჟერმენის“ 9 ფეხბურთელია.
2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი, რომელიც Goal.com-მა შეადგინა, ასე გამოიყურება:
- უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი)
- ლამინ იამალი (ბარსელონა)
- რაფინია (ბარსელონა)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
- კილიან მბაპე (მადრიდის რეალი)
- დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი)
- ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი)
- აშრაფ ჰაკიმი (პარი სენ-ჟერმენი)
- პედრი (ბარსელონა)
- ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი)
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
- ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი)
- ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი)
- ჟოაო ნევეში (პარი სენ-ჟერმენი)
- ვიქტორ გიოკერესი (სპორტინგი)
- ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი)
- ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)
- ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი)
- ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი)
- დეკლან რაისი (არსენალი)