ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.
მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 611 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი მოჰყვება.
Forbes-ის Global 2000-ის 2023 წლის რეიტინგში მოხვდნენ წამყვანი კომპანიები კვებისა და სასმელების ინდუსტრიიდანაც, რომელთაც, გლობალურად მზარდი ინფლაციის გავლენით, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდათ. გასულ წელს სექტორის წამყვანმა 25-მა კომპანიამ, კოლექტიურად $1.8 ტრილიონი გამოიმუშავა, სექტორისთვის მოგება კი $160 მილიარდამდე გაიზარდა. ცნობისთვის, კვების პროდუქტების წამყვანი კომპანიები, როგორც სექტორი, მთლიანი ბაზრის $3.7 ტრილიონს აკონტროლებს. ინდუსტრიის წილი ბაზარზე გასულ წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა.
ათწლეულზე მეტია, რაც მსოფლიოში კვების პროდუქტების უმსხვილესი კომპანიის წოდებას შვეიცარიაში დაფუძნებული კონგლომერატი, Nestlé ინარჩუნებს. გასულ წელს Nestlé-ს შემოსავალმა $98 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის მოგება $9.7 მილიარდს გაუტოლდა – გაყიდვების უდიდესი ნაწილი შეერთებულ შტატებზე მოდის. შვეიცარიული კონგლომერატი ყავის ბრენდ Nespresso-ს, ბოთლში ჩამოსხმული წყლისა და გაყინული პროდუქტების ბიზნესებს: Hot Pockets-ს, Stouffer’s-სა და DiGiorno-ს ფლობს. საერთო ჯამში, Global 2000-ის რეიტინგში Nespresso 46-ედან 49-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
რეიტინგში მეორე ადგილს სასმელების ბელგიური კონგლომერატი AB InBev-ი იკავებს, რომლის წლიური გაყიდვებიც მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, $3 მილიარდით, $57 მილიარდამდე გაიზარდა. Pepsi, რომელთანაც მრავალი წლის განმავლობაში ბელგიური გიგანტი მეორე და მესამე ადგილისთვის იბრძოდა, წელს მესამე პოზიციას დასჯერდა. მიუხედავად ამისა, Pepsi-ის შემოსავალი წელს თითქმის $88 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა რეიტინგში AB InBev-ის პირველობა აქტივების მოცულობამ და უფრო მაღალმა მოგებამ განაპირობა.
ჩამოთვლილი კომპანიების გარდა, მიმდინარე წლის Global 2000-ში კვებისა და სასმელების ინდუსტრიიდან მოხვდნენ: Danone-ი, General Mills-ი, Mondelez-ი, Tyson Foods-ი, JBS-ი და Kraft-Heinz-ი.
კვებისა და სასმელების ინდუსტრიის უდიდესი კომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000:
- Nestlé – შვეიცარია (Global 2000-ში 49-ე)
შემოსავალი: $98.87 მილიარდი; მოგება: $9.71 მილიარდი;
აქტივები: $146 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $337.6 მილიარდი;
- AB InBev – ბელგია (72)
შემოსავალი: $57.8 მილიარდი; მოგება: $6 მილიარდი;
აქტივები: $214.8 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $128 მილიარდი;
- PepsiCo – ამერიკის შეერთებული შტატები (82)
შემოსავალი: $88.05 მილიარდი; მოგება: $6.58 მილიარდი;
აქტივები: $93.04 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $267.64 მილიარდი;
- Coca-Cola – ამერიკის შეერთებული შტატები (96)
შემოსავალი: $43.31 მილიარდი; მოგება: $9.87 მილიარდი;
აქტივები: $97.4 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $276.86 მილიარდი;
- Mondelez International – ამერიკის შეერთებული შტატები (192)
შემოსავალი: $32.9 მილიარდი; მოგება: $3.9 მილიარდი;
აქტივები: $72.8 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $105.6 მილიარდი;
- Archer Daniels Midland – ამერიკის შეერთებული შტატები (204)
შემოსავალი: $102.3 მილიარდი; მოგება: $4.5 მილიარდი;
აქტივები: $58.8 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $41.4 მილიარდი;
- Kraft Heinz – ამერიკის შეერთებული შტატები (252)
შემოსავალი: $26.9 მილიარდი; მოგება: $2.4 მილიარდი;
აქტივები: $90.9 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $50.7 მილიარდი;
- Diageo – გაერთიანებული სამეფო (275)
შემოსავალი: $20.8 მილიარდი; მოგება: $4.4 მილიარდი;
აქტივები: $46.6 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $104.2 მილიარდი;
- Kweichow Moutai – ჩინეთი (285)
შემოსავალი: $16.7 მილიარდი; მოგება: $9.7 მილიარდი;
აქტივები: $37.6 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $318 მილიარდი;
- General Mills – ამერიკის შეერთებული შტატები (386)
შემოსავალი: $19.95 მილიარდი; მოგება: $2.8 მილიარდი;
აქტივები: $31 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $52.8 მილიარდი;