კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, კოვიდის მძიმე ფორმით გადატანის შემთხვევაში შესაძლოა, ადამიანის კოგნიტიური შესაძლებლობები დაქვეითდეს და IQ 10 ერთეულით შემცირდეს. მეცნიერების განცხადებით, მიყენებული კოგნიტიური ზიანი შესაძლოა, 20 წლით დაბერების მსგავსი ეფექტის მქონე იყოს.
სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა კიდევ ერთ ახალ მტკიცებულებას იძლევა იმის შესახებ, რომ კორონავირუსული ინფექცია გრძელვადიან კოგნიტიურ და მენტალურ პრობლემებს იწვევს.
სამეცნიერო ჟურნალ eClinicalMedicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში იმ დაკვირვების ობიექტების შესახებაა საუბარი, რომელთაც კოვიდი მძიმე ფორმით გადაიტანეს და იმის მსგავსი კოგნიტიური დაბერება განიცადეს, როგორიც ადამიანებში, ჩვეულებრივ, 50-დან 70 წლამდე ასაკში იჩენს თავს. კვლევის მიხედვით, კოგნიტიური უნარების დაქვეითება განსაკუთრებით უარესი იმ შემთხვევებში იყო, როდესაც პაციენტებმა კოვიდის დროს ხელოვნური სუნთქვის აპარატით ისარგებლეს.
გარდა ამისა, კვლევით დადგინდა, რომ კოვიდით მძიმედ დაავადებულთა კოგნიტიური დეფიციტის აღმოსაფხვრელად უფრო გრძელვადიანი მკურნალობაა საჭირო. მსგავს დასკვნამდე მეცნიერები აქამდე ჩატარებული არაერთი საუნივერსიტეტო-სამეცნიერო კვლევის შედეგად მივიდნენ. ზემოთ აღნიშნული კვლევის მიხედვით კი დადგინდა, რომ დაავადების სირთულე რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაზეც ახდენს გავლენას.
თუმცა, ზუსტად რა იწვევს გრძელვადიან კოგნიტიურ უარყოფით ეფექტს ჯერჯერობით უცნობია. პოტენციურ გამომწვევ მიზეზად მეცნიერები ადამიანის იმუნურ სისტემას ასახელებენ. სპეციალისტები უფრო დაზუსტებული პასუხების გაცემას სამომავლოდ დაგეგმილი კვლევების შედეგად შეეცდებიან.