გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის თანახმად, სმარტსაათების გამოყენებით, პარკინსონის დაავადების შვიდი წლით ადრე დიაგნოსტიკაა შესაძლებელი. ახალი კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
გაერთიანებული სამეფოს დემენციის კვლევის ინსტიტუტის მკვლევართა შეფასებით, სმარტსაათებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ პარკინსონის ადრეულ დიაგნოსტიკაში. კვლევის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ბიოსამედიცინო ბაზა Biobank-იდან მიღებული მონაცემები დამუშავდა. Biobank-ი გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ნახევარი მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიცავს ინფორმაციას.
პარკინსონის დიაგნოსტიკის შესახებ კვლევა 103,712 ადამიანის მოძრაობის სიჩქარეს ეყრდნობა, რომლებიც 2013-2016 წლებში ერთი კვირის განმავლობაში სმარტსაათებს ატარებდნენ. მონაცემები შეგროვდა იმ მონაწილეთა ჭკვიანი საათებიდან, რომელთაც კვლევიდან მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში პარკინსონის დაავადება დაუდგინდათ და შედარებულ იქნა იმ ადამიანთა მონაცემებთან, რომლებიც დაავადების მატარებლები ადრიდანვე იყვნენ.
შედეგებით დადგინდა, რომ პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებისა და კვლევის მონაწილეთა იმ პირების მოძრაობის სიჩქარე, რომელთაც პარკინსონი შვიდი წლის განმავლობაში დაუდგინდათ, შედარებით უფრო ნელი იყო, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების. მომდევნო წლებში, პარკინსონის დაავადებით დიაგნოსტირებულთა მონაცემები განსხვავდებოდა ჯანმრთელი ადამიანებისგან, რაც ცხადყოფს, რომ დაავადების სიმპტომების დადგენა შვიდი წლით ადრე შესაძლებელია.
ცნობისთვის, პარკინსონი ალცჰაიმერის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა. პარკინსონით დაავადებულთა რიცხვი გლობალურად 10 მილიონს აღწევს.