დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ChAdOx1 nCoV-19-ი (ცნობილი, როგორც AstraZeneca) ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს. ახალი კვლევების ანალიზის შედეგები სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევები დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა. როგორც ირკვევა, ცდებში მონაწილეებში მუცლის მოშლის თითქმის მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ ცდისპირებს შორის, რომლებსაც ორგანიზმში AstraZeneca-ს პრეპარატი ან პლაცებო შეუყვანეს. გარდა ამისა, მკვდარი ნაყოფის შობის შემთხვევები ჯერჯერობით არ აღწერილა.
ანალიზის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ვაქცინა ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს. The Lancet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ცდების მიმდინარეობისას დაფეხმძიმებული 93 ცდისპირიდან 50-ს AstraZeneca-ს პრეპარატი ჰქონდა გაკეთებული, 43-ს კი – პლაცებო.
როგორც ცნობილია, კვლევების განმავლობაში საერთო ჯამში 15 ახალშობილი დაიბადა. მათ შორის 10 იმ ცდისპირებმა გააჩინეს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდათ მიღებული, 5 კი – მათ, ვის ორგანიზმშიც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო შეიყვანეს. ვაქცინირებულთა ჯგუფიდან ნაადრევი მშობიარობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სამივე ახალშობილი 34-37-კვირიანი მუცლადყოფნის შემდეგ დაიბადა.
ორსულობაზე კორონავირუსის გავლენის შესახებ კლინიკური მონაცემების სიმწირემ ვაქცინაციის პროცესში ფეხმძიმეთა პასიურობა გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მცხოვრები არავაქცინირებული ორსული ქალები საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების 20%-ს შეადგენენ, რომლებშიც კორონავირუსი მძიმე ფორმით მიმდინარეობს.