Labubu: როგორ იქცა უცნაური აზიური სათამაშო გლობალურ ბიზნესფენომენად?

Labubu: როგორ იქცა უცნაური აზიური სათამაშო გლობალურ ბიზნესფენომენად?

2015 წელს, სათამაშოების ბაზარზე, ჰონგ-კონგში დაბადებული არტისტის, კასინგ ლუნგის მიერ შექმნილი უცნაური სათამაშო, Labubu გამოჩნდა. სკანდინავიური ფოლკლორით შთაგონებული Labubu, ლუნგის The Monster-ის ხაზის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო. 2019 წელს Labubu-მ პეკინში დაფუძნებული კომერციული სათამაშოების უმსხვილესი მწარმოებლის, Pop Mart-ის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ის კომერციულ პროდუქტად აქცია. იმ დროს ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ უცნაური პერსონაჟი აზიასა და მის ფარგლებს გარეთ, კოლექციონერთა საყვარელ ნივთად იქცეოდა.

Pop Mart-ის მთავარი ნიში არის ის, რომ კომპანია, სამახსოვრო ნივთებთან ერთად, მომხმარებლებს ემოციებსა და საიდუმლოებებს მიჰყიდის. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2016 წელს წარდგენილი ახალი სერია, როდესაც ნივთები ისე იყო შეფუთული, რომ მომხმარებელმა არ იცოდა, თუ კონკრეტულად რომელ ფიგურას ყიდულობდა. აღნიშნული გადაწყვეტა ფსიქოლოგიურ მიდგომას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. „სიურპრიზის“ ტიპის შეფუთვა მომხმარებელს უფრო მეტი ნივთის შეძენისკენ უბიძგებს. ამას ემატება ლიმიტირებული გამოშვებები და საზოგადოებაზე ორიენტირებული აჟიოტაჟი, რაც გაყიდვებს კიდევ უფრო აძლიერებს.

მიდგომამ შედეგი გამოიღო: 2024 წელს Pop Mart-ის მთლიანი შემოსავალი გაორმაგდა და 13.04 მილიარდ იენს ($1.81 მილიარდი) მიაღწია, ხოლო რბილი სათამაშოების პოპულარობამ – ძირითადად Labubu-ს ხარჯზე – 1,200%-იან ზრდას გადააჭარბა. აზიაში Labubu-ს ფასი $13-დან $16-მდე მერყეობს, თუმცა ონლაინ შესყიდვებისას $700-მდე ფასდება. 2025 წლის 10 ივნისს, Pop Mart-ის სათამაშომ ახალ რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია, როდესაც 131 სანტიმეტრის სიმაღლის Labubu პეკინში დაახლოებით $172,800-ად გაიყიდა.

The Monster-ის ხაზმა, რომლის მთავარი წარმომადგენელიც Labubu-ა, 2024 წელს $412 მილიონზე მეტი შემოსავალი მოიტანა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 23%-ია. საერთაშორისო გაყიდვები 700%-ზე მეტით გაიზარდა, რამაც Pop Mart-ის, როგორც ბაზარზე გლობალური სამომხმარებლო ბრენდის, სტატუსიც გაამყარა. დღეს კომპანიის საბაზრო ღირებულება $40 მილიარდს უახლოვნება და აჭარბებს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Hasbro და Mattel-ი.

Labubu-ს პოპულარობა, ბოლო პერიოდში, აზიური კულტურის პოპულარობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია. ამას ემატება ის ფაქტი, რომ Labubu-ს წარმატებისთვის გარდამტეხი მომენტი 2024 წელს დადგა, როდესაც K-pop ვარსკვალავი ლიზა ჩანთაზე Labubu-ს სათამაშოთი გამოჩნდა. ამის შემდეგ, The Monsters-ის ხაზის სათამაშოთი საზოგადოების წინაშე რიანა, დუა ლიპა და სხვა ცნობილი სახეები წარდგნენ.

როგორც ჩანს, Labubu-ს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი შენელების ტენდენციას არ აჩვენებს. მაგალითად, Pop Mart UK-მ ცოტა ხნის წინ მიწოდების პრობლემების გამო Labubu-ს გაყიდვები შეაჩერა, დეფიციტმა კი სათამაშოზე უფრო მაღალი მოთხოვნა შექმნა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი დადებითად მოქმედებს Pop Mart-ის აღმასრულებელი დირექტორის სიმდიდრეზე, რომლის ქონებაც, აპრილის ბოლოს, სულ რაღაც 24 საათში $1.6 მილიარდით გაიზარდა.

ვანგ ნინგი 2020 წელს ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დალისტული Pop Mart International Group-ის დამფუძნებელი, CEO და თავმჯდომარეა. ვანგის ქონება 2024 წელს მხოლოდ $1.8 მილიარდს შეადგენდა, Forbes-ის უახლესი შეფასებით კი, $22 მილიარდამდეა გაზრდილი, რაც მას ჩინეთში 68-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.