Labubu-ს მწარმოებელი Pop Mart-ის დამფუძნებელი ჩინეთის ათ უმდიდრეს ადამიანს შორისაა

Labubu-ს მწარმოებელი Pop Mart-ის დამფუძნებელი ჩინეთის ათ უმდიდრეს ადამიანს შორისაა

ჩინელი მილიარდერი ვანგ ნინგი 2020 წელს ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დალისტული Pop Mart International Group-ის დამფუძნებელი, CEO და თავმჯდომარეა. Pop Mart-მა 2019 წელს პოპულარული სათამაშო Labubu შეიძინა, რომლის The Monster-ის ხაზმა კომპანიას მხოლოდ 2024 წელს $412 მილიონზე მეტი შემოსავალი მოუტანა, რაც Pop Mart-ის მთლიანი შემოსავლის 23%-ია.

Forbes-ის 2024 წლის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, ვანგის ქონების ღირებულება $1.8 მილიარდს შეადგენდა, ბოლო მონაცემებით კი $25.7 მილიარდამდეა გაზრდილი. შედეგად, ვანგი ჩინეთის ათ უმდიდრეს ადამიანს შორის ხვდება და Alibaba-ს დამფუძნებელ ჯეკ მას ($28.3 მილიარდი) შემდეგ, მეცხე ადგილს იკავებს. მილიარდერთა გლობალურ რეიტინგში, ვანგი 84-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი.

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე Pop Mart International Group-ის აქციების ღირებულება მხოლოდ წელს 250%-ზე მეტით გაიზარდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $56 მილიარდს უტოლდება და სამჯერ მეტია Barbie-ის მწარმოებელ Mattel-ისა და სათამაშოების ამერიკული მწარმოებლის Hasbro-ს ერთობლივ შეფასებაზე. რამდენიმე დღის წინ, Pop Mart-მა Labubu-ს უახლესი მოდელიც გაუშვა ბაზარზე, რომლის საცალო ფასი $11-ია.

Pop Mart-ის მილიარდერი დამფუძნებლისა და CEO-ს პროგნოზით, კომპანიის შემოსავალი მიმდინარე წელს $4.14 მილიარდს მიაღწევს. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, კომპანიამ $1.92 მილიარდი გამოიმუშავა, რაც გაყიდვების  დაახლოებით 204%-იანი წლიური მატების შედეგია.

პეკინში დაფუძნებული კომერციული სათამაშოების უმსხვილესი მწარმოებლის Pop Mart-ისთვის ყველაზე მზარდი ბაზარი ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ში კომპანიის გაყიდვები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1,000%-ით, $317 მილიონამდეა გაზრდილი.