მიმდინარე წლის აგვისტოში, Labubu-ს სათამაშოებზე მაღალი გლობალური მოთხოვნის გავლენით, Pop Mart-ის დამფუძნებლისა და CEO-ს ქონება $27.5 მილიარდამდე გაიზარდა, რითაც მან ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, Alibaba-ს თანადამფუძნებელს, ჯეკ მასაც გადაასწრო. თუმცა ბოლო თვეებში ვანგმა $11.3 მილიარდი დაკარგა და ახლა, Forbes-ის სიაში, ჯეკ მას ($29.6 მილიარდი) თერთმეტი პოზიციით ჩამორჩება.
ვანგ ნინგის ქონების შემცირება, პეკინში დაფუძნებული კომერციული სათამაშოების უმსხვილესი მწარმოებლის, Pop Mart-ის აქციების ღირებულების კლებას უკავშირდება. კერძოდ, აგვისტოს პიკის შემდეგ, როდესაც ერთ აქციაზე Pop Mart-ის ღირებულებამ $43.7-ს მიაღწია, ახლა კომპანიის აქციების ფასი 40%-ით, დაახლოებით $25-მდეა დავარდნილი. ნინგი კი, Forbes-ის შეფასებით, $16.1 მილიარდის ქონებას ფლობს და აქედან დიდი წილი სწორედ Pop Mart-ში წილზე მოდის.
Pop Mart-ის აქციების ვარდნა ძირითადად Labubu-ზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინს უკავშირდება. კვლევითი ფირმა Morningstar-ის ანალიტიკოს ჯეფ ჭანგის პროგნოზით, მომავალ წელს კომპანიის შემოსავალი შესაძლოა მხოლოდ 30%-ით გაიზარდოს, მაშინ როდესაც 2025 წელს ზრდამ 200% შეადგინა. პროგნოზები ჩინეთში მოთხოვნის შესუსტებასა და საზღვარგარეთ მეორეულ ბაზრებზე Labubu-ს ფასების ვარდნას ეყრდნობა.
იხილეთ ასევე: როგორ იქცა უცნაური აზიური სათამაშო გლობალურ ბიზნესფენომენად?
მაგალითად, ჩინურ სავაჭრო პლატფორმა Dewu-ზე, უახლესი Labubu-ის — 4.0 სერიის სახელშეკრულებო ფასები 30%-ით, დაახლოებით $16.3-მდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტის ოფიციალურ ღირებულებაზე, $11-ზე მაღალია, ანალიტიკოსების შეფასებით, კლების ტენდენცია აშკარაა, რაც გადამყიდველებში მოთხოვნაზეც აისახება.
დეკემბერში, საინვესტიციო Deutsche Bank-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევაც, Labubu-ს მიმართ მოთხოვნის კლებაზე და „მოდურ გადაღლილობაზე“ მიუთითებს. Deutsche Bank-ის ანგარიშის თანახმად, Pop Mart-ი ამჟამად თვეში 50 მილიონ თოჯინას აწარმოებს, რაც წლის დასაწყისში 10 მილიონთან შედარებით მეტია. თუმცა მოთხოვნის შენელების ფონზე, Deutsche კომპანიისთვის აქციაზე სამიზნე ფასის $29.3-ად განსაზღვრის რეკომენდაციას გასცემს.
















