Labubu-ს თოჯინა $10,585-ად გაიყიდა: რატომ შეიძლება იყოს ის კარგი ინვესტიცია?

Labubu-ს თოჯინა $10,585-ად გაიყიდა: რატომ შეიძლება იყოს ის კარგი ინვესტიცია?

თოჯინა, რომელსაც ბევრი მხოლოდ „დროებით გატაცებად“ მიიჩნევდა, კოლექციონერებისთვის სულ უფრო ღირებული ხდება. Labubu x Vans Old Skool Vinyl Plush Doll — Labubu-სა და Vans-ის კოლაბორაცია, რომელიც ბაზარზე ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, დღეს ამ თოჯინის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ ვერსიად იქცა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, eBay-ის აუქციონზე, ეს შეზღუდული გამოშვების თოჯინა 96 ბიდის შემდეგ, ოთხშაბათის ღამით, 10,585 დოლარად გაიყიდა. ეს მას მეორად ბაზარზე გაყიდულ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ Labubu-დ აქცევს.

ყავისფერ თოჯინას Vans-ის ქუჩის სტილის სამოსი აცვია — მათ შორის Sk8-Mid-ის სპორტული ფეხსაცმელი, ასევე Vans-ის სვიტერი და ლურჯ-ნარინჯისფერი ქუდი წარწერით „The Monster“, პერსონაჟების სერიის სახელი, რომელსაც Labubu ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის Labubu-ს თოჯინის ერთადერთი ვერსია, რომელიც ბაზარზე მაღალ ფასად გაიყიდა. 2024 წლის მაისში Sotheby’s-ის აუქციონზე Three Wise Labubu-ში 28,300 დოლარი გადაიხადეს. გასულ თვეში კი Sacai x Seventeen x Labubu 31,250 დოლარად გაიყიდა. ივნისში ჩინურმა აუქციონმა Labubu-ს ორი ვერსია რეკორდულ ფასად გაყიდა: ერთი — 150,000 დოლარზე მეტად, ხოლო მეორე — 140,000 დოლარად.

ამ ფასების ფონზე ჩნდება ლოგიკური კითხვა — გრძელვადიანია თუ არა Labubu-ს მიმართ ასეთი ინტერესი? Discovery Channel-ის მაყურებლებისთვის კარგად ცნობილი ექსპერტი, ლორი ვერდერეიმი აცხადებს, რომ Labubu-ს ბაზარი სტაბილურად გაიზრდება. მისი შეფასებით, ამ თოჯინებს „უნიკალური ვიზუალი“ აქვს, რაც მათ წლების განმავლობაში კოლექციონერებისთვის კიდევ უფრო ღირებულ ნივთად აქცევს.

ცნობისთვის, ჰონგ-კონგში დაბადებული არტისტის, კასინგ ლუნგის მიერ შექმნილი უცნაური სათამაშო, Labubu ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. სკანდინავიური ფოლკლორით შთაგონებული Labubu, ლუნგის The Monster-ის ხაზის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო. 2019 წელს Labubu-მ პეკინში დაფუძნებული კომერციული სათამაშოების უმსხვილესი მწარმოებლის, Pop Mart-ის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ის კომერციულ პროდუქტად აქცია.

The Monster-ის ხაზმა, რომლის მთავარი წარმომადგენელიც Labubu-ა, 2024 წელს $412 მილიონზე მეტი შემოსავალი მოიტანა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 23%-ია. საერთაშორისო გაყიდვები 700%-ზე მეტით გაიზარდა, რამაც Pop Mart-ის, როგორც ბაზარზე გლობალური სამომხმარებლო ბრენდის, სტატუსიც გაამყარა. დღეს კომპანიის საბაზრო ღირებულება $40 მილიარდს უახლოვნება და აჭარბებს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Hasbro და Mattel-ი.

იხილეთ ასევე: Labubu: როგორ იქცა უცნაური აზიური სათამაშო გლობალურ ბიზნესფენომენად?