ფოტო: Andrew Harnik/Getty Images
Oracle-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ლარი ელისონი ამერიკული Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მე-6 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ელისონის ქონების შემცირება Oracle-ის აქციების ღირებულების რეკორდული მაქსიმუმიდან ვარდნას უკავშირდება. ეს ხდება მიუხედავად პოტენციური გარიგებისა, რომლის პირობებითაც კომპანია TikTok-ის ამერიკული ოპერაციების მართვისთვის განკუთვნილ ახალ ფირმაში წამყვან აქციონერთა შორის იქნება.
27 იანვარს ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oracle-ის აქციების ღირებულება 2.3%-ით დაეცა და დაახლოებით $178.10 შეადგინა. საერთო ჯამში, მხოლოდ მიმდინარე წელს Oracle-ის აქციების ღირებულება 9%-ითაა შემცირებული. შედეგად, ლარი ელისონის ქონების წმინდა ღირებულება 2.3%-ით ($5.3 მილიარდით) შემცირდა და $225.8 მილიარდი შეადგინა.
Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ელისონი ახლა მარკ ცუკერბერგს ჩამორჩება, რომლის ქონებაც, სამშაბათს Meta-ს აქციების ფასის 0.1%-იანი ვარდნის მიუხედავად, $230.7 მილიარდს უტოლდება.
ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რას უკავშირდება Oracle-ის აქციების ღირებულების ვარდნა. ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინვესტორები პესიმისტურად არიან განწყობილნი კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. მაგალითად, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა, კიტ ვაისის ხელმძღვანელობით, Oracle-ის აქციების საორიენტაციო ფასი 33%-ით, $320-დან $213-მდე დასწიეს. მათი გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის ინფრასტრუქტურული განვითარებაა, რამაც შესაძლოა Oracle-ის შემოსავალი შეამციროს, თუმცა კაპიტალური ხარჯები პროგნოზირებულზე მეტად გაზარდოს.
Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, დაახლოებით $755 მილიარდის ქონებით, ილონ მასკია. მას მოჰყვებიან Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი ($273.7 მილიარდი) და Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ($254.3 მილიარდი). ხუთეულს Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი ($252.5 მილიარდი) და Meta-ს თანადამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ასრულებენ.














