ლარი ელისონმა ბეზოსსა და ცუკერბერგს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა

ლარი ელისონმა ბეზოსსა და ცუკერბერგს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა

Forbes-ის მონაცემებით, Oracle-ის დამფუძნებელმა ლარი ელისონმა სიმდიდრით ჯეფ ბეზოსსა და მარკ ცუკერბერგს გადაუსწრო და მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ეს მისი კომპანიის აქციების ფასის რეკორდულ ნიშნულამდე ზრდას უკავშირდება.

Forbes-ის მონაცემებით, ელისონის ქონება ხუთშაბათს 26 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 243 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ნებისმიერ მილიარდერს შორის დღიური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეს ზრდა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლარი ელისონს Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში Amazon-ის თავმჯდომარისა და დამფუძნებლისთვის, ჯეფ ბეზოსისთვის (227 მილიარდი დოლარი), ასევე Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგისთვის (239 მილიარდი დოლარი) გადაესწრო და სიაში მეორე პოზიცია დაეკავებინა.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ელისონს ახლა მხოლოდ ილონ მასკი უსწრებს. Tesla-და და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება ამ დროისთვის 411 მილიარდ დოლარს უტოლდება.

როგორც აღვნიშნეთ, Forbes-ის რეიტინგში ელისონის დაწინაურება მისი კომპანიის აქციების გაძვირების დამსახურებაა. შემოსავლების ზრდის შედეგად Oracle-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 200 დოლარს გადააჭარბა. კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება 14%-ზე მეტით გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, Oracle-ის კვარტალურმა ფინანსურმა შედეგებმა Wall Street-ის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიამ ერთ აქციაზე 1.70 დოლარის კორექტირებული შემოსავალი მიიღო, გაყიდვებით კი 15.9 მილიარდის შემოსავალი დააგენერირა.