„ლაციოს“ მიქაუტაძის დამატება ისევ სურს

„ლაციოს“ მიქაუტაძის დამატება ისევ სურს

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია A-ს კლუბი „ლაციო“ ქართველი ცენტრფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს. შეგახსენებთ, მიქაუტაძე იტალიის დედაქალაქის კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც დაუკავშირეს.

მიუხედავად სხვადასხვა კლუბის ინტერესისა, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ამსტერდამის „აიაქსს“ შეუერთდა. ნიდერლანდელებმა მიქაუტაძის ყოფილი კლუბი, ფრანგული „მეცი“ ტრანსფერში 16 მილიონ ევროზე დაითანხმეს. „აიაქსმა“ ახალწვეულთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ნიდერლანდების ჩემპიონატში ქართველის კარიერა არცთუ ისე წარმატებულად წარიმართა. მიქაუტაძეს ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ჩატარებულ ხუთ მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი კვლავ შეიცვალოს. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „მეცი“ ზამთარში ქართველის უკან დაბრუნებას ეცდება. გარდა ამისა, მიქაუტაძის ტრანსფერით კიდევ ერთი ფრანგული კლუბი, „ლიონია“ დაინტერესებული.

ცნობისთვის, Transfermarkt-ის თანახმად, გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება ამჟამად 10 მილიონ ევროს შეადგენს.