ლატვია რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავს

ლატვია რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავს

ლატვიის სეიმმა 19 ივნისის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავს. ლატვიამ ახალი კანონპროექტის მიღება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ახსნა.

კერძო პირების გარდა, აკრძალვა რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. ასევე კომპანიებსა და ფირმებზე, რომელთა, სულ მცირე, 25% ამ ქვეყნების მოქალაქეების მფლობელობაშია. თუმცა კანონპროექტი გამონაკლისებსაც დაუშვებს, მათ შორის იმ პირებზე, რომლებიც ევროკავშირის ან ბელარუსის მუდმივი რეზიდენტები არიან, ასევე ბელარუს ლტოლვილებსა და რეპატრიანტებზე.

ესტონეთის სეიმის წევრისა და  ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, აგნესე კრასტას ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში ლატვიისთვის არასასურველი პირებისა და კომპანიების გამოვლენასა და მათი ოპერირების შეზღუდვას ისახავს მიზნად. კანონპროექტის ავტორების განცხადებითვე, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების პარალელურად, რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს სხვა დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და რუსეთის აგრესიას გმობენ. ლატვია სწორედ ამ ქვეყნებს შორისაა.

უძრავი ქონების შესყიდვის აკრძალვის წინადადებას მხარი 69 დეპუტატმა დაუჭირა, 8 წინააღმდეგი იყო. ძალაში შესასვლელად, კანონპროექტს ახლა ლატვიის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სექტემბერში ლატვიამ, ლიეტუვასთან, ესტონეთთან და პოლონეთთან ერთობლივი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებიც დააწესა.