ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე არასასურველი პირების სიაში შეიყვანა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს გადაწყვეტილებით, მათ ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.

„იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, მიიღო გადაწყვეტილება ლატვიის რესპუბლიკაში არასასურველ პირთა სიაში საქართველოს ორი მოქალაქის შეყვანის შესახებ, მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ,“ – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ საქართველოს რომელი ორი მოქალაქე შეიყვანა ლატვიამ არასასურველი პირების სიაში. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში ლატვიამ ქვეყანაში შესვლა საქართველოს 55 მოქალაქეს აუკრძალა, მანამდე კი, გასული წლის დეკემბერში, სავიზო სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს დაუწესა.