ლეგენდარული დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი, რომელმაც 1960 წელს მოდის ბრენდი Valentino დააარსა, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ფონდის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გარავანი „თავის რომაულ რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა“. აქვე ნათქვამია, რომ მისი დაკრძალვის ცერემონია პარასკევს რომში, სანტა მარია დელი ანჯელის ბაზილიკაში გაიმართება.

ვალენტინო გარავანის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, რომში მდებარე კულტურულ და საგამოფენო სივრცეში, PM23-ში დაასვენებენ, რომელიც Fondazione Valentino Garavani e Giancarlo Giammetti-ს მიერ არის შექმნილი.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვალენტინო გარავანის ხსოვნას პატივი მიაგო და მას „სტილისა და ელეგანტურობის უდავო ოსტატი და იტალიური მაღალი მოდის მარადიული სიმბოლო“ უწოდა.