ლეო XIV-ის ინაუგურაცია | პაპის მიმართვა და მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის დეტალები

ლეო XIV-ის ინაუგურაცია | პაპის მიმართვა და მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის დეტალები

გუშინ, 18 მაისს, ვატიკანში, ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაცია გაიმართა. რიგით 267-ე პაპის ინაუგურაციის ცერემონიალზე, წმინდა პეტრეს მოედანზე, სასულიერო დელეგაციასთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ლიდერები შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და ა.შ.

ლეო XIV-ის ინაუგურაციაზე დამსწრეთა შორის, განსაკუთრებით შეინიშნებოდა სასულიერო პირთა დიდი რაოდენობა: 700-მდე ეპისკოპოსი და მღვდელი, 2,000-ზე მეტი სასულიერო პირი და ასობით დიაკვანი. რომის პაპის ინაუგურაციაზე იმყოფებოდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ალექსანდრიის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს წარმომადგენლები. ვატიკანის ინფორმაციით, წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო წირვის დასრულებისთვის, 200,000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ახალი პაპისთვის პალიუმისა და მებადურის ბეჭდის გადაცემის შემდეგ, ლეო XIV-მ ქადაგება წარმოთქვა, რომელშიც პატივი მიაგო პაპ ფრანცისკეს და მისი გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებაზე ისაუბრა. კონკლავის გახსენებისას, რომელმაც იგი წმინდა პეტრეს მემკვიდრედ აირჩია, ლეო XIV-მ გაიხსენა, თუ როგორ უპასუხა თანამედროვე ეპოქისა და გამოწვევების შესახებ დასმულ შეკითხვებს.

თავის ქადაგებაში, პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მშვიდობისკენ მოუწოდა და მსოფლიო მშვიდობისთვის „გაერთიანებული ეკლესიის“ როლსაც ხაზი გაუსვა: „ძმებო და დებო, მინდა, რომ ჩვენი პირველი დიდი სურვილი გაერთიანებული ეკლესია იყოს, ერთიანობისა და ზიარების სიმბოლო“. „ძალიან ბევრი უთანხმოებაა, ძალიან ბევრი ჭრილობაა გამოწვეული სიძულვილით, ძალადობით, ცრურწმენებით, განსხვავებულობის შიშით“, – დასძინა კათოლიკური ეკლესიის ახალმა წინამძღვარმა.

წირვის ბოლოს ლეომ, რომელიც 267-ე პაპად აირჩიეს, მშვიდობისკენ მოუწოდა ღაზასა და უკრაინას და თქვა, რომ „ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენი ძმები და დები, რომლებიც ომის გამო იტანჯებიან“. „წამებული უკრაინა ელოდება მოლაპარაკებებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა პაპმა.

ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რომის ახლად არჩეული პაპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებით ვატიკანს განცხადება არ გამოუქვეყნებია, თუმცა პრეზიდენტი ზელენსკი მას სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გამოეხმაურა: „მადლობას ვუხდით ვატიკანს, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმის როლის შესრულებისთვის. შედეგის მისაღწევად, ჩვენ მზად ვართ დიალოგი ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ. ჩვენ ვაფასებთ უკრაინისადმი მხარდაჭერას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაცავად გამოთქმულ მკაფიო გზავნილებს“.

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე რომის პაპმა ქვეყნებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ვატიკანი შესთავაზა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პუტინმა თურქეთში, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ინაუგურაციამდე რომის პირველმა ამერიკელმა პაპმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან დახურული შეხვედრაც გამართა. პაპთან კერძო აუდიენციის შემდეგ ვენსი სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაგერსაც შეხვდა.

ვატიკანის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „სახელმწიფო სამდივნოში „გულითადი“ მოლაპარაკებების დროს, ბატონმა ვენსმა და მთავარეპისკოპოსმა გალაგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს წმინდა საყდარსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ორმხრივი კარგი ურთიერთობების მნიშვნელობა“. მათ ასევე განიხილეს ეკლესიასა და აშშ-ის მთავრობას შორის თანამშრომლობა და საკითხები, რომლებიც „განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საეკლესიო ცხოვრებისა და რელიგიური თავისუფლებისთვის“.

„დაბოლოს, მხარეებმა მოსაზრებები მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზეც გაცვალეს და იმედი გამოთქვეს, რომ კონფლიქტის ზონებში დაცული იქნება საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და მხარეები, მოლაპარაკებების გზით, სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ“, – აღნიშნა წმინდა საყდრის პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე, 21 აპრილს, 88 წლის ასაკში რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. კონკლავმა რომის ახალ პაპად 69 წლის რობერტ ფრენსის პრევოსტი აირჩია, რომელიც ამიერიდან პაპ ლეო XIV-დ იწოდება. პაპი ლეო, რომელიც 2023 წელს ფრანცისკემ კარდინალად დანიშნა, კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია.