კოსმეტიკის ინდუსტრიის გარდაცვლილი მილიარდერის, ლეონარდ ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება. კოლექცია, რომელსაც Sotheby’s-ის აუქციონის სახლი წარადგენს, 50-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს, მათ შორის გუსტავ კლიმტის, ედვარდ მუნკის, ანრი მატისისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებს აერთიანებს.
Sotheby’s-ის პროგნოზით, ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის შეფასება აუქციონზე $500 მილიონს მიაღწევს. ლოტებს შორისაა ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის სამი ნამუშევარი, რომლებიც ამ დრომდე გასაყიდად არასდროს გამოუტანიათ. მხოლოდ მათ სავარაუდო ღირებულებად Sotheby’s-ი $300 მილიონს განიხილავს.
ლაუდერის კოლექციაში ასევე შედის ფრანგი მხატვრისა და მოქანდაკის, ანრი მატისის ექვსი ქანდაკება, რომელთა ჯამური ღირებულება, Sotheby’s-ის შეფასებით, სულ მცირე $40 მილიონია. მათ შორისაა მისი ერთი, ყველაზე მასშტაბური ქმნილება, Figure décorative, რომლის ფასმაც არსებული პროგნოზებით $12-18 მილიონს უნდა მიაღწიოს. გასაყიდად გამოტანილია ედვარდ მუნკის „ზაფხულის ღამის“ ერთ-ერთი ტილო, ვინსენტ ვან გოგის კალმით, მელნითა და ფანქრით შესრულებული ნამუშევარი, აგნეს მარტინისა და პაბლო პიკასოს 2-2 ნამუშევარი.
ცნობისთვის, კოსმეტიკის მწარმოებელი ჰოლდინგის, Estée Lauder-ის დამფუძნებლების, ესტე ლაუდერისა და ჯოზეფ ლაუდერის ვაჟი, ლეონარდ ლაუდერი 2025 წლის 14 ივნისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის კომპანიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. Forbes-ის ბოლოს შეფასებით, ლაუდერის ქონება $10.1 მილიარდს შეადგენდა.
წარმოგიდგენთ ლეონარდ ლაუდერის კოლექციის ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშებს:
- გუსტავ კლიმტის „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ – დაახლ. $150 მილიონი
- გუსტავ კლიმტის „ბლუმენვიზე“ („აყვავებული მდელო“) – დაახლ. $80 მილიონი
- გუსტავ კლიმტის Waldabhang bei Unterach am Attersee („ტყის ფერდობიუნტერახში ატერზეეზე“) – დაახლ. $70 მილიონი
- ედვარდ მუნკის Sankthansnatt („შუა ზაფხულის ღამე“) – ესტიმეიტი – 20-დან 30 მილიონ დოლარამდე
- ანრი მატისის Figure décorative („დეკორატიული ფიგურა“) – დაახლ. $12-დან $18 მილიონამდე
- აგნეს მარტინის „ბაღი“ – დაახლ. $10-დან $15 მილიონამდე
- ანრი მატისის La Serpentine – დაახლ. $9-დან $12 მილიონამდე
- ვინსენტ ვან გოგის Le Semeur dans un champ de blé au soleil couchant – დაახლ. $8-დან $10 მილიონამდე
- ანრი მატისის Nu couché I („აურორა“) – დაახლ. 8-დან 10 მილიონ დოლარამდე
- ერნსტ ლუდვიგ კირხნერის Fränzi mit Pfeilbogen („ფრანცი მშვილდ-ისრით“) – დაახლ. $2.5-დან $3.5 მილიონამდე
















