კორეის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კონგლომერატმა, LG Group-მა, თავისი ფლაგმანური AI-მოდელის განახლებული ვერსია, Exaone 4.0 წარადგინა. LG-ის AI-მოდელს დასმულ შეკითხვებზე როგორც სწრაფი პასუხების, ასევე ეტაპობრივ მსჯელობაზე დაფუძნებული პასუხების გენერირება შეუძლია.
Exaone 4.0-ის სახელით ცნობილი ჰიბრიდული ხელოვნური ინტელექტის მოდელი LG AI Research-ის მიერაა შემუშავებული. LG AI Research-ის განცხადებით, მათემატიკაში, მეცნიერებასა და კოდირებაშია სპეციალიზებული და კონკურენციას Alibaba-ს Qwen 3-ს, Microsoft-ის Phi-4-reasoning-plus-სა და Mistral AI-ს Magistral-small-2506-ს გაუწევს. თუმცა ჩამორჩება ჩინურ DeepSeek-ის R1-ს. Exaone 4.0-ს რთული დავალებების დამუშავება ინგლისურის გარდა ესპანურ და კორეულ ენებზეც შეუძლია.
LG AI Research-ის ინფორმაციით, Exaone 4.0 პოპულარულ თანამედროვე ტექნოლოგიას, Model Context Protocol-ს იყენებს, რომელიც AI-მოდელებს გარე აპლიკაციებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს და შედარებით კომპლექსური დავალებების შესრულებაშიც ეხმარება.
გარდა ამისა, Exaone 4.0 ხელმისაწვდომია კვლევითი დანიშნულებებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, დაწყებითი სკოლებიდან უნივერსიტეტებამდე. LG AI Research-ის ინფორმაციით, AI-მოდელზე მუშაობა გრძელდება, რათა მისი გამოყენება საწარმოებმაც თავისუფლად შეძლონ.
ცნობისთვის, მილიარდერ კუ კვანგ-მოს ხელმძღვანელობით, კონგლომერატმა გასული წლის მარტში $74 მილიარდის ღირებულების ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმა გამოაცხადა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, LG ინვესტიციებს სამხრეთ კორეის მომავლის ტექნოლოგიებში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში, ბიოტექნოლოგიასა და სუფთა ტექნოლოგიებში განახორციელებს.