ლიბერთი ბანკმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის შესაბამისი სტანდარტის დანერგვა დააანონსეს და საზოგადოებას მისაწვდომობის შეფასების ანგარიში გააცნეს.
ლიბერთის ახალი გუნდის ინიციატივით, შშმ პირებისათვის საბანკო პროდუქტების მისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ ჩატარდა აუდიტი და შეიქმნა მისაწვდომობის შეფასების დოკუმენტი.
კერძო სექტორსა და კომერციულ ბანკებში, შეფასების საერთაშორისო მეთოდოლოგია პირველად იქნა გამოყენებული. ამიტომ, ლიბერთიმ აღნიშნული პროცესის წარსამართად მოიწვია ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და უშუალოდ შშმ პირები. ექსპერტების ჯგუფმა იხელმძღვანელა რამდენიმე მსგავსი მეთოდოლოგიით და ანალოგების სინთეზით შეიქმნა საფუძვლიანი ანგარიში, რომელიც ბანკში შშმ პირთა გაუმჯობესებულ მომსახურებას შეუწყობს ხელს. შეფასების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნება ლიბერთის სამუშაო გეგმა, რომელიც შშმ პირებისთვის მისაწვდომს გახდის საბანკო მომსახურებას, მომსახურების სტანდარტები კი სრულად იქნება მორგებული შშმ პირთა გაეროს კონვენციის სტანდარტებს.
„ჩვენი გუნდის ძალისხმევა ლიბერთის ტრანსფორმაციის, ინოვაციური საბანკო პროდუქტების დანერგვისა და სერვისის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ლიბერთის სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ ადამიანებზე ზრუნვას ითვალისწინებს. ჩვენი ხედვაა გავაუმჯობესოთ ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრება საქართველოში და შევთავაზოთ მათ მარტივი და ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტები და სერვისი.
ლიბერთი მესამე სისტემური ბანკია, ყველაზე ფართო ქსელით. ჩვენ უკვე მრავალი წელია ვემსახურებით შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს. ტრანსფორმაციის პროცესში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემოს შექმნა და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ჩართული არიან გამოცდილი ექსპერტები და შშმ პირები რომლებიც დაგვეხმარებიან სწორად წარვმართოთ პროცესები და შევქმნათ სამოქმედო გეგმა“ – თეა ლეშკაშელი გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი.
„ლიბერთი ბანკის ინიციატივა საკუთარი საქმიანობა შეეფასებინათ კრიტიკულად იმისათვის, რომ დაეწყოთ პოზიტიური ცვლილებები, იყო გულწრფელი და საქმეზე ორიენტირებული. რის გამოც სიამოვნებით ჩავერთეთ მათთან ერთად ამ საქმეში. ამ ინიციატივით დაიწყო ბანკმა სისტემური ცვლილებების განხორციელება. ჩვენ, ვალდებულებიც ვართ ვიმუშაოთ ყველა მნიშვნელოვან აქტორთან. როცა კერძო სექტორი აინიცირებს ამგვარ ცვლილებებს ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მხარდასაჭერი ადამიანის უფლებების სტანდარტების გაზრდისთვის. მუშაობა პარტნიორული მიდგომებით არის ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა შშმ პირთა წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფი მოგვარებისთვის“ – ანა აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი.