ლიეტუვამ ქვეყანაში მცხოვრები რუსეთისა და ბელარუსის ათასზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველად გამოაცხადა. შედეგად, მათ აღნიშნულ სახელმწიფოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ჩამოერთვათ.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ლიეტუვის მთავრობამ რუსებსა და ბელარუსებს კითხვარის შევსება მოსთხოვა, რომელიც მოიცავდა შეკითხვებს მათ შეხედულებებზე უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით – უკრაინის ტერიტორიის, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 30 წელზე მეტი ხნის წინ გამოაცხადა. ბალტიისპირეთის ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირს წევრია. ის იყო და არის უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი. გარდა ამისა, ლიეტუვამ მეზობელ ბელარუსში ავტორიტარული რეჟიმისგან დევნისა და რუსეთში გაზრდილი რეპრესიების გამო ქვეყნებიდან გამოქცეულ მოქალაქეებს ბოლო წლებში თავშესაფარი მისცა.
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველად ზემოხსენებული ორი სახელმწიფოს 1,164 მოქალაქე მიიჩნიეს. მათგან 910 – ბელარუსი, ხოლო 254 რუსია.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის ბინადრობის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება მათი პასუხების გათვალისწინებით მიიღეს.
დეპარტამენტის მონაცემებით, ამჟამად ლიეტუვაში დაახლოებით 58,000 ბელარუსის და 16,000 რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს. ისინი ვალდებულნი არიან, ბინადრობის ნებართვა სამ წელიწადში ერთხელ განაახლონ.
მათ, ვისაც ნებართვა ჩამოერთვა, შეუძლიათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენებს ქვეყნის დასატოვებლად ერთი თვე მიეცემათ.