Lions Arc - გამოცდილებიდან იდეამდე, იდეიდან - ჰოლდინგამდე | ინტერვიუ ირაკლი სარავასთან

Lions Arc - გამოცდილებიდან იდეამდე, იდეიდან - ჰოლდინგამდე | ინტერვიუ ირაკლი სარავასთან

„თეორიული ცოდნა არსებითია, თუმცა დღეს, ბიზნესის სწორად სამართავად, ყველაზე მნიშვნელოვნად პრაქტიკული გამოცდილება მიმაჩნია. რეალურ ცხოვრებაში შექმნილი გამოწვევების დაძლევა, თუნდაც საკუთარსავე შეცდომებზე სწავლა და შედეგად გამოსავლის პოვნა, ის ძალაა, რომელსაც ახალ სიმაღლეზე აჰყავხარ“, – ამბობს ირაკლი სარავა, – თბილისელი ახალგაზრდა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი, რომელმაც გამოცდილება საფინანსო  სექტორში, მათ შორის ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აშშ-ს სადაზღვევო და საბანკო სექტორის წამყვან კომპანიებში მუშაობისას დააგროვა. შემდგომ, პარტნიორებთან ერთად, საკონსულტაციო სექტორში საკუთარი კომპანია – Capstone შექმნა და დღეს უკვე საერთაშორისო ჰოლდინგ- Lions Arc-ს უდგას სათავეში.

რა მიმართულებებს აერთიანებს Lions Arc და საერთოდ, რატომ ჩათვალეთ, რომ თქვენი ბიზნეს მიმართულებების განვითარებისთვის, ამ ეტაპზე, მართვის ჰოლდინგური ტიპის ფორმატი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა?

ჰოლდინგი, შესაძლოა, მასშტაბების გათვალისწინებით, ჯერ-ჯერობით გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ ორგანიზაციული მოწყობის თვალსაზრისით, ნამდვილად ჰოლდინგურ სტრუქტურად ჩამოვყალიბდით, რამდენადაცLions Arcუკვე სადღეისოდ, სამ მიმართულებას აერთიანებს. ეს გახლავთ საკონსულტაციო, სასტუმრო (hospitality) და უძრავი ქონების დეველოპმენტის (Real estate)და მესამე – საინვესტიციო ფონდიც ახლა იდგამს ფეხს და ფორმირების პროცესშია (სტარტაპ, ვენჩურული კაპიტალის მიმართულება).

თითოეული ამ მიმართულებით Lions Arc–ი მომხმარებელს მოემსახურება, როგორც თავისი შვილობილი კომპანიებით, ისე პარტნიორი ორგანიზაციებით და კერძო გლობალური ექსპერტების ქსელით.

ჰოლდინგის საჭიროების აუცილებლობა გამოცდილებამ მოიტანა და იმის კარგად დანახვამ, რომ არ იქნებოდა სწორი და მართებული  ყველა იდეა ერთი კომპანიის ქუდის ქვეშ ყოფილიყო.

თავის დროზე, ასე იყო, როცა ჩემს ორ პარტნიორთან, გიგა პერტენავასთან და ბექა ახვლედიანთან ერთად (ბექა ამ ეტაპზე ჩვენს გარეშე მუშაობს სხვა და სხვა მიმართულებებზე) 2018 წელს დავაფუძნეთ კომპანია Capstone. კომპანია საკონსულტაციო საქმიანობით და უძრავი ქონების მცირე პროექტებზე მუშაობით იყო დაკავებული. საკონსულტაციო მომსახურება განსაკუთრებით მოთხოვნადი პანდემიის პერიოდში გახდა. როგორც აღმოჩნდა, მსხვილ ბიზნესებს მოუწიათ ახალ რეალობასთან სწრაფი ადაპტაცია და ამიტომ დიდი ყურადღება დაუთმო ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, ხოლო სტარტაპერებმა კიდევ უფრო მეტად ახალი შესაძლებლობების და ბაზრების შესწავლას. აღარაფერს ვამბობ ბიზნეს გეგმის სათანადო სტანდარტით შექმნაზე და სხვა აუცილებელ ბიზნეს და მენეჯერული ჩვევების ათვისებაზე. აქ ჩვენი დაგროვილი გამოცდილება და წლების მანძილზე შეძენილი უნარები, მათი გაზიარების პრაქტიკა, უდავოდ მნიშვნელოვანი გამოდგა.

გამოცდილება ახსენეთ. კონკრეტულად რა ტიპის გამოცდილება გაქვთ დაგროვილი, რაც Lions Arc -ს საკონსულტაციო მიმართულების წარმოებისას ეხმარება?

პირადად მე, ბოლო 15 წლის განმავლობაში, გამოცდილება ფინანსურ სექტორში დავაგროვე. საქართველოს ბაზარზე („თიბისი“, „საქართველოს ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“) მუშაობის შემდეგ იყო დუბაისBPO კომპანია Tanfeeth (ყველაზე მსხვილი ბანკი Emirates NBD-ს შვილობილი), შემდეგ კი ამერიკული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია MetLife, სადაც ვიყავი ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების რეგიონალური დირექტორი და  ვხელმძღვანელობდი კომპანიის ამ ბაზრებზე ეფექტურად განვითარების, კერძოდ ტრანსფორმაციის პროექტებს, 20-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე.

ამ პერიოდმა, როცა ბოლო 8 წლის განმავლობაში 75-ზე მეტ ქვეყანაში მომიხდა საქმიანი ვიზიტით მოგზაურობა, სხვა თვალით დამანახა შესაძლებლობები და პერსპექტივა და Capstone -ის დაფუძნების იდეაც ამ დროს მოვიდა.

„ქართველებსაც შეგვიძლია,  ექსპორტზე მხოლოდ ღვინო კი არა, ცოდნაც გავიტანოთ“

ჩვენი პირველი ნაბიჯებიც სწორედ საკონსულტაციო მიმართულებაში გადაიდგა, Capstone-ი დავაარსეთ საქართველოში და თითქმის იმავდროულად, მეორე ქვეყანაში, აშშ-ში, კერძოდ კი ნიუ იორკში. სხვათა შორის, Capstone-ი იყო ერთ-ერთი პირველი ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საქართველოს გარდა საერთაშორისო ბაზარზეც ოპერირებდა. მაშინვე გამოჩნდა ისიც, რომ ჩვენი საქმიანობა ექსპორტზე იქნებოდა ორიენტირებული და გლობალურ ბაზრებზე ვიქნებოდით წარმოდგენილი. შესაძლოა, ეს ბევრს დღეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართველებსაც შეგვიძლია ექსპორტზე მხოლოდ ღვინო კი არა, ცოდნაც გავიტანოთ და უნდა გითხრათ, რომ  ამაში საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ.

ამის შემდეგ იყო ის, რომ საკმაოდ გაგვიტაცა უძრავი ქონების ერთმა მცირე პროექტმა, რომელიც ძველი თბილისის ეზოს განვითარებას ეხებოდა. ეს იყო ჩვენი პირველი გადადგმული ნაბიჯი  უძრავი ქონების მიმართულებაში, რაც საბოლოო ჯამში, საკმაოდ გამსხვილდა.

ისევ იმ თემას დავუბრუნდები, თუ რატომ მივედით ჰოლდინგამდე. თავად განსაჯეთ – Capstone –ში იმთავითვე იყო გამოკვეთილი ოთხი ძირითადი მიმართულება. ესენია: ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ზოგადი მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაცია; ტრენინგები; საინვესტიციო პაკეტები და ადამიანური რესურსების მართვა. როცა ამას დაემატა სასტუმრო და უძრავი ქონების მიმართულება, უკვე ცხადი გახდა, რომ ეს ყველაფერი სხვაგვარი ფორმატით მოითხოვდა მართვას და ჩვენი გადაწყვეტილებაც ჰოლდინგური ტიპის მართვაზე გადასვლა იყო. შესაბამისად დღეს უკვე ეს მიმართულებები Lions Arc -ის ქუდის ქვეშ არის მოქცეული.

Lions Arc -ის მეორე მიმართულება სასტუმრო და უძრავი ქონების დეველოპმენტის ბიზნესია. რა გახდა თქვენთვის ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილების ინსპირაცია?

პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, როგორც უკვე ვახსენე, მცირე ეზოს განვითარების პროექტით დავიწყეთ. მე შუა ქალაქში, ვერაზე, ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“ ვარ გაზრდილი და მისი ხიბლი ჩემთვის მშობლიურია. დავინახე, რომ ეს ხიბლი შესაძლოა საინტერესო აღმოჩენილიყო საერთაშორისო მოგზაურისთვისაც, ტურისტი იქნებოდა ის თუ საქართველოში საქმიანი ვიზიტით რამდენიმე დღით ჩამოსული ადამიანი. საამისოდ ამგვარ ეზო(ებ)ში შესაბამისი პირობების და ინფრასტრუქტურის შექმნა იყო საჭირო. სწორედ ამ მიმართულების განვითარებას მივყავით ხელი. უნდა გითხრათ, რომ რომ არა პანდემია, ამ ხაზს კიდევ უფრო დიდი წარმატება ელოდა, თუმცა როგორც ვხედავთ, პანდემია უკვე დასასრულისკენ მიდის და დარწმუნებული ვარ, „ძველი ქართული ეზოს“ (ასეც დავარქვით ამ მიმართულებას – Old Georgian Yardანუ OGY) იდეის წარმატებას შემდგომში უფრო თვალნათლივ ვნახავთ.

ერთიცაა – აღმოვაჩინე, რომ იმ რამდენიმე ათეულ ქვეყანაში, სადაც მიმოგზაურია, პრაქტიკულად არ მახსოვს არც ერთი სასტუმრო, სადაც გაჩერება, ღამის გათევა მომიხდა. სამაგიეროდ ნათლად, შეიძლება ითქვას, ფერებშიც კი მახსოვს airbnb-ის ყველა სახლი, რომელიც ვიქირავე. აქ მივხვდი, რომ „ძველი ქართული ეზო“ იქნება ის მიმართულება, რომელიც ადამიანს დაამახსოვრდება, მოუყვება სხვასაც და თავადაც დაბრუნდება უკან.

რაც შეეხება პანდემიას, მან თუ შეიძლება ითქვას, ერთი სიკეთეც მოგვიტანა. გადაადგილების გართულების გამო, პირველ ეტაპზე განსაკუთრებით, ჩემი საქმიანი თუ პირადი ხასიათის მოგზაურობები პრაქტიკულად შეწყდა. შესაბამისად, ვერ მოვახერხე თხილამურებით სასრიალოდ ნაცად საერთაშორისო კურორტებზე გამგზავრება. უფრო მეტიც, საქართველოს განთქმული ზამთრის კურორტებიც, გემახსოვრებათ, მთელი სეზონი დაკეტილი იყო. მაგრამ თხილამურები კიდევ სხვა ჟინია და აღმოვაჩინე, რომ აქვე, საქართველოში შეიძლება ამ ჟინის უმაღლესი სტანდარტით დაკმაყოფილება. ბახმაროში გავიცანი ჩეხი, რომელიც წლებია აქ ცხოვრობს და უცხოელ ექსტრემალებს უწყობს გაუკვალავ თოვლში სრიალის ბედნიერებას. ამ ბედნიერებას მეც ვეზიარე და ჩემი და ჩეხი მილანის დამეგობრებამაც ახალი ბიზნეს იდეა და მიმართულება მოიტანა – ესაა ექსტრემალური სრიალისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის ზონების შექმნა მაღალმთიან გურიაში და რაჭაში. ამ მიმართულებითაც დიდი გეგმები გვაქვს დასახული.

ირაკლი სარავას და Capstone -ის პირველი ნაბიჯები უცხოეთში. როგორი იყო ის – ფრთხილი და გათვლილი თუ უფრო რისკიანი?

მე ვიტყოდი, უფრო პასუხისმგებლიანი და იმავდროულად იღბლიანიც და ეს იღბალი, ვფიქრობ, შემდგომში, სწორედ საქმისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომით, შევიფერეთ კიდეც. საქმე ის არის, რომ თითქმის კომპანიის დაარსების და საკონსულტაციო მიმართულების გაშლისთანავე, დაკვეთა მივიღეთ დიდი საერთაშორისო კლიენტისგან. ეს იყო ბერძნული სადაზღვევო კომპანიაEuroLifeFFH (კანადური გლობალური ფინანსური ჯგუფის FairFax Financial Holding-ის შვილობილი კომპანია), რომელსაც ბერძნულ ბაზარზე სიდიდით მეორე ადგილი უჭირავს.

ყველაზე დიდი მიღწევა იყო, რომ  ამ ბერძნულ კომპანიასთან  საერთაშორისო კონსულტაციაზე (ორგანიზაციულ ეფექტურობაზე) 2 წლიანი კონტრაქტი  გავაფორმეთ. ამის გამო, იმ ეტაპზე, მოგვიწია ამერიკიდან ფოკუსი ევროპაზე გადმოგვეტანა, რადგან ძალიან პატარები ვიყავით და სწორი ფოკუსირება ჩვენთვის კრიტიკულად აუცილებელი იყო.

მე პირადად გადავედი საბერძნეთში, სადაც გავხსენითCapstone-ის ფილიალი, რათა იქ მუშაობისა და ოპერირების უფლება გვქონოდა იმ 2 წლის მანძილზე. ეს იყო წარმატებული გამოცდილება, რომელმაც შემდგომ, პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნების კვალდაკვალ, კომპანიის სწრაფი ტემპით განვითარების საშუალება მოგვცა. საკონსულტაციო ბიზნესით დაინტერესებულ წრეებში უკვე კარგად იცოდნენ ჩვენი ბერძნული გამოცდილების შესახებ და ეს ერთგვარი „მწვანე ბარათიც“ აღმოჩნდა ჩვენს შემდგომ საქმიანობაში. რადგან მალევე ამის შემდეგ ჩვენ გავხდით ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის, საერთაშორისოდ აკრედიტებული საკონსულტაციო კომპანია, მცირე და საშუალო ბიზნესის განხრით.

გარდა „მწვანე ბარათისა“ კიდევ რა მოგცათ ბერძნულმა გამოცდილებამ, საქართველოსთან ფიზიკურად დაშორებამ?

ამგვარი ფიზიკურად შორს გასვლა ყოველთვის არის ახალი მოძრაობის, იდეების, ენერგიის მომტანი. სწავლობ იქაურ კულტურას, ეცნობი იქაურ მახასიათებლებს, ეს კი ორმაგად სასიამოვნო პროცესია.  აქ შენ გიცნობენ, შენი ტრადიციული და შემდგომ შეძენილი კავშირებით სარგებლობ, იქ კი არაფერი ხარ, იწყებ ნულიდან და ეს დიდი გამოწვევაა, რომლის დაძლევაც ალბათ დიდ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებას განცდას თუ შეედრება. მე ასე შევაფასებდი.

ბერძნულმა გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცოდნა ექსპორტზე გავიტანოთ. ეს უკვე გაძლევს ფეხზე მყარად დგომის საშუალებას. მაღლდება თვითრწმენა. ადრე თუ კორპორაციების თანამშრომელი იყავი, ახლა შენი ბიზნესით შეძელი ამის გაკეთება.

დიდი გამოცდილება იყო ისიც, როცა მოვახერხეთ და მრავალწლიანი  ისტორიის კომპანიას, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, სიახლე შევუტანეთ. ამან ჩვენც და თავად ბერძნულ ორგანიზაციასაც ახალი ხედვა გაგვიხსნა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე მეთოდოლოგიით და ინოვაციით დიდი შედეგი დაიდოს. და რა თქმა უნდა, ბერძნულმა გამოცდილებამ მოგვცა უნიკალური კონტაქტები და კარგი სახელი ბაზარზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ბიზნესში.

ქართული გამოცდილებიდან რას გამოყოფდით?

აქ ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ ერთი ქეისით შემოვიფარგლები. ესაა – Capstone -ის და „ლიბერთი ბანკის“ წარმატებული თანამშრომლობა. ჩემი საბერძნეთიდან დაბრუნების შემდგომ ძალიან მალევე ჩვენი კლიენტი „ლიბერთი ბანკი“ გახდა. ეს პროექტი ახლახან,  2021 წლის ბოლოს დაიხურა და ერთობლივი შეფასებით ძალიან  წარმატებული გამოდგა.

ძლიერი გუნდის შეკრება მოვახერხეთ და პირველი საპილოტე პროექტიც საკმაოდ წარმატებით განვახორციელეთ. ეს გუნდი გააგრძელებს მომდევნო 3 წელი ბანკის სრულ ტრანსფორმაციას. „ლიბერთის“ შემთხვევაშიც ვმუშაობდით ორგანიზაციული ეფექტურობის საკითხებზე, თუმცა, აქცენტი კლიენტზე, მომხმარებელზე იყო გამახვილებული, რადგან იცით როგორი სპეციფიკური ბანკიცაა. ასევე საყურადღებო იყო, რომ მას ძალიან ბევრი კომპლექსური პროცესი აქვს, რომელიც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს საიმისოდ, რომ  ეს ყველაფერი თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდეს.

ყველაზე მეტად რაც მე „ლიბერთი ბანკში“ მომეწონა, არის მისი ახალი მენეჯმენტი და მათი მიდგომა საკითხებისადმი. მჯერა, რომ ეს ბანკი ძალიან მალე ტრანსფორმირდება თანამედროვე უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად და როგორც სტრატეგიით აქვთ გაწერილი, მყარად დაიმკვიდრებს ადგილს ქართული ბანკების TOP სამეულში.

Lions Arc -ის მესამე მიმართულების, საინვესტიციო  ფონდის (სტარტაპ, ვენჩურული კაპიტალის მიმართულება) შესახებაც რომ ვისაუბროთ. თუმცა, მანამდე, თავად სახელზე მინდა გკითხოთ – საიდან მოვიდა Lions Arc,  რა შინაარს ატარებს ის?

ჰოლდინგის სახელი მცირე საერთაშორისო კონკურსის შედეგად შეირჩა. გვსურდა სახელი ყოფილიყო ისეთი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც იქნებოდა გასაგები, მაგრამ იმავდროულად ექნებოდა ქართული ფუძე.  ჩვენი ჰოლდინგის შინაარსიც ხომ  ზუსტად ის არის, რომ საქართველო  გლობალურ ბაზარს დააკავშიროს.

კონკურსში მონაწილე უცხოელი ახალგაზრდა გოგონასთვის ინსპირაცია ჩვენი ქვეყნის გერბი აღმოჩნდა, სადაც ორი ლომი ერთმანეთს უყურებს და მათ გვირგვინი ადგათ. ლომის (Lion) იდეა კომპანიის სიძლიერიდან და მისი სიმყარის სურვილიდან წამოვიდა. ხოლო რკალი (Arc) იდეა, როგორც ერთობის ძალის შემაკავშირებელი ერთგვარი წრედისა, ასე გაჩნდა. და დაიბადა ჩვენი ჰოლდინგის სახელი – Lions Arc.

რაც შეეხება ჩვენს ახალ და ძალიან საინტერესო საინვესტიციო მიმართულებას – პანდემიის დროს ჩვენი კლიენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ალტერნატიული ბაზრებითა და ბიზნესებით, თუ სად შეიძლებოდა თანხების დაბანდება. სწორედ ამის გამო პირადად მეც ძალიან აქტიურად ჩავერთე სტარტაპ სამყაროში, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)  აქტიურად და კარგად მიყვება. შევხვდი მათ და პარტნიორობაზეც მალევე შევთანხმდით.

„ჩვენი ჰოლდინგის შინაარსია, საქართველო  გლობალურ ბაზრებს დააკავშიროს“

ამ სფეროში კიდევ უფრო ღრმად რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ საქართველოში ძალიან საინტერესო ეკოსისტემა იქმნება, სადაც აბსოლუტურად ყველასთვის ღირს მონაწილეობის მიღება. მეც აქტიურ პრომოუტინგს ვუკეთებ მას. GITAგუნდის სწორი ხედვა და სტარტაპებისთვის ხელშეწყობის სწორი გეგმარება ძალიან უწყობს ხელს პროცესს.

ჩვენი მხრივ ვეხმარებით სტარტაპებს ჩვენივე საკონსულტაციო სერვისით და ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც დაგვიგროვდა ამდენი წლის მანძილზე წარმატებული პროექტებიდან. ასევე აქტიურად გვყავს ჩართული ლოკალური თუ საერთაშორისო პარტნიორები, როგორც იურიდიული ისე საგადასახადო საკითხებში, რომ დავეხმაროთ მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპებს აქსელერაციაში და სხვა ქვეყნის ბაზრებზე გასვლაში.

ასევე ვცდილობთ გავაღვივოთ კერძო ინვესტორების ინტერესი, რომ მათ სწორად შეაფასონ რომელი სტარტაპია პერსპექტიული და თანხა როგორ უნდა ჩაიდოს. ეს აუცილებელი მომენტია, რადგან საქართველოში ჯერ – ჯერობით სათანადოდ არ არის განვითარებული ამის კულტურა.

ასე იქმნება ეს ეკოსისტემა, რომლის დახმარებითაც მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპების აღმოჩენა ხდება შესაძლებელი და ინვესტორებისთვის ჩნდება თანხის დაბანდების ალტერნატიული წყარო.

თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესმენის საქმიანობა 3 წელზე მეტ ხანს მოიცავს. რა იყო ის მთავარი აღმოჩენა, რაც ამ პერიოდმა მოგიტანათ?

აღმოჩენას ვერ დავარქმევ,  მაგრამ  ძალიან სასიამოვნო იყო იმის განცდა, რომ ზურგს უკან უკვე გვაქვს საკმაოდ ბევრი მრავალფეროვანი პროექტი, დაწყებული მასშტაბური ორგანიზაციების ტრანსფორმაციაში მონაწილეობით, გაგრძელებული მცირე მოცულობის სტარტაპებისთვის ბიზნესის სწორად აწყობაში დახმარებით. ასევე, პროფესიონალებისთვის ტრენინგები ფინანსურ მიმართულებაში, ბიზნესმენებისთვის საინვესტიციოდ საინტერესო სფეროების შესწავლაში დახმარება, და ამ სფეროების დეტალური ანალიზი. ასევე, კონკრეტული სპეციფიკური ბიზნესების შეფასება.

რაც შეეხება აღმოჩენას, ის კი ნამდვილად იყო აღმოჩენა, რომ დავამტკიცეთ – როგორც საკონსულტაციო კომპანიას – ცოდნის ექსპორტი შეგვიძლია. მინდა, რომ ამ ნაწილში კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, კიდევ უფრო წამოვწიოთ ქართული ტალანტი და ცოდნა. ახლა ორიენტირებული ვართ, რომ ახალი სიცოცხლე შთავბეროთ ჩვენი ჰოლდინგის ამერიკულ მიმართულებას.

თქვენ ამბობთ, რომ ცოდნის ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვართ. რა არის, რაში გამოიხატება ჩვენი კონკურენტუნარიანობა?

საკმაოდ კარგი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება სწორედ ეს იყოს, – ცოდნის ექსპორტი. უნიკალური შესაძლებლობებია ამ მხრივ დაგროვილი  და მე ამას იმით ვხსნი, რომ  ძალიან პატარა ბაზრის და შეზღუდული მასშტაბების  პირობებში მოგვიწია მცირე დროში ძალიან სწრაფი ზრდა.

ეს კი ნიშნავს, რომ 20-30 წლის ადამიანი 10 წელიწადში რა პროგრესსაც გადის საქართველოში,  ეს უნივერსალურია. მისი საქმიანობის არეალი, პოზიციურად, ერთი კი არა, რამდენიმეა.

ჩემს საკუთარ მაგალითს რომ გავყვეთ – 24წლის ასაკში 3 სხვადასხვა განყოფილება და დეპარტამენტი მქონდა გამოცვლილი. ჯამში, 15 წლის  განმავლობაში კი იმდენი გამოვიცვალე, თითქმის არ დარჩა ორგანიზაციის სტრუქტურული ნაწილი, სადაც არ მიმუშავია.

ქვეყნიდან გასვლისთანავე კი ატყობ, რომ ბაზარი, სადაც მოხვდი, ძალიან ბევრი წელია ვითარდება. იქ შენი ასაკის ადამიანი ერთ კომპანიაშია და კარიერულ წინსვლას ერთ პოზიციაზე თუ არა, ერთ მიმართულებაზე მიყვება. ძალიან რთულია დიდ ორგანიზაციებში, სწრაფი მოძრაობა ერთი მიმართულებიდან მეორეზე, ძირითადად მასშტაბის სიდიდის გამო. მაგალითად კომპანიის ერთ საოპერაციო მიმართულებაშიც კი, შესაძლოა 20,000 ადამიანი იყოს, რაც საქართველოსთან შედარებით20-ჯერ ან უფრო მეტჯერაც დიდი მასშტაბია. შესაბამისად, ძალიან ნელადა რთულად ხდება ერთი მიმართულების იერარქიულ კიბეზე ამაღლება.

ამას ემატება ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები სხვა დონის შემოსავალს და სოციალურ დაცვას არიან მიჩვეულნი. ჩვენი საზოგადოების საშუალო შემოსავალი კი  საგრძნობლად მცირეა ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით. შესაბამისად, ქვეყანაში კომპანიით ოპერირების ხარჯებიც საგრძნობლად დაბალია. ეს ჩვენ ორივე კუთხით უპირატესობას გაძლევს, როგორც ცოდნის მრავალფეროვნებით, ისე ფასითაც საკმაოდ კონკურენტულს გვხდის.

„ეს კი ნამდვილად იყო დიდი მიღწევა, – როგორც კომპანიამ დავამტკიცეთ, ცოდნის ექსპორტი შეგვიძლია, რაც მოტივაციას გვაძლევს, უფრო დიდი ბაზრებისკენ ავიღოთ გეზი“

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გვაძლევ საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნით, იმ ხარჯებით, რაც ჩვენ გვაქვს და იმ ცოდნით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია და კორპორაცია დავაინტერესოთ. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია ვართ ევროპაში. შემდეგი არის ბულგარეთი, რუმინეთი და პოლონეთი. მათი საშუალო წლიური ხელფასი არის 36 000 ევრო, ჩვენი საშუალო წლიური ხელფასი ბევრად დაბალია. ეს ჩვენს ქვეყანას აძლევს სწრაფი ზრდის საშუალებას და ხალხისთვის, ვისაც ეს ცოდნა აქვს დაგროვილი, ბევრად დიდი შემოსავლის მომტანი ხდება.

საკუთრივ ჩვენი ჰოლდინგის, Lions Arc –ის სტრატეგია კი არის ის, რომ ჯგუფში თავმოყრილი კომპანიებით, ასევე, სხვა ახალი მიმართულებებით და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით, მყარად მოვიკიდოთ საერთაშორისო ბაზრებზე ფეხი, რათა არ ვიყოთ ორიენტირებული  მხოლოდ ქართულ ბაზარზე, რომელიც საკმაოდ მცირე ზომისაა. დოვლათის ნაწილი უნდა შევქმნათ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

Lions Arc სწორედ ამ სტრატეგიით იწყებს ამერიკის ბაზარზე ოპერირებას. ვთვლით, რომ ახლა ამის ყველაზე კარგი დროა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *