ლიტერატურაში ნობელის პრემია უნგრელ ლასლო კრასნაჰორკაის გადაეცა

ლიტერატურაში ნობელის პრემია უნგრელ ლასლო კრასნაჰორკაის გადაეცა

2025 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში უნგრელ მწერალს, ლასლო კრასნაჰორკაის მიენიჭა. „ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ“, — განაცხადა კრასნაჰორკაიამ და დასძინა, რომ ამ ჯილდოს მიღებას არ ელოდა.

„ლასლო კრასნაჰორკაი ცენტრალური ევროპის ტრადიციის დიდი ეპიკური მწერალია — ტრადიციისა, რომელიც კაფკადან თომას ბერნჰარდამდე ვრცელდება და აბსურდიზმითა და გროტესკული ექსცესებით ხასიათდება. თუმცა მისი შემოქმედება მხოლოდ ამ ხაზით არ შემოიფარგლება: კრასნაჰორკაი აღმოსავლეთისკენაც იყურება, რაც მის ნარატივებს უფრო ჩაფიქრებულ, დახვეწილად დაკალიბრებულ ტონს ანიჭებს,“ — ვკითხულობთ ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლასლო უნგრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ გიულაში 1954 წელს დაიბადა. მისი პირველი რომანი, „სატანტანგო“ (Sátántangó), 1985 წელს გამოიცა და მალევე შეფასდა, როგორც ლიტერატურული სენსაცია უნგრეთში. კრასნაჰორკაის ნაწარმოებებს შორისაა ასევე „წინააღმდეგობის მელანქოლია“ (Az ellenállás melankóliája, 1989), „ომი და ომი“ (Háború és háború, 1999) და სხვა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სამხრეთკორეელი მწერალი, ჰან განი გახდა. ჰან განს ნობელის პრემია გადაეცა „მისი მძაფრი პოეტური პროზისთვის, რომელიც უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და ავლენს ადამიანის ცხოვრების სისუსტეს.“

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან დღემდე 118-ჯერ გაიცა. მათ შორის ეს ჯილდო 18-ჯერ ქალმა მიიღო.