Lockheed Martin-მა Patriot-ის რაკეტების დასამზადებლად $9.8-მილიარდიანი კონტრაქტი მოიპოვა

Lockheed Martin-მა Patriot-ის რაკეტების დასამზადებლად $9.8-მილიარდიანი კონტრაქტი მოიპოვა

ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპანიის, Lockheed Martin-ის განცხადებით, კომპანიამ Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტების დასამზადებლად აშშ-ის არმიის $9.8-მილიარდიანი კონტრაქტი მოიპოვა. აშშ-ის არმიის მიერ Patriot-ის რაკეტების დამზადების მორიგი კონტრაქტის გამოცემა აშშ-სა და პარტნიორ სახელმწიფოებში აღნიშნულ შეიარაღებაზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.

ცნობისათვის, ეს Patriot-ის რაკეტების ყველაზე მსხვილი კონტრაქტი გახლავთ. Lockheed Martin-ი აღნიშნული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის უახლეს რაკეტებს, PAC-3 MSE-ს აწარმოებს, რომლის ერთი ერთეულის ღირებულებაც $4 მილიონია. ახალი კონტრაქტის თანახმად, Lockheed Martin-ის მიერ დამზადებული რაკეტები აშშ-ის არმიისა და აშშ-ის მოკავშირეებისათვის იქნება განკუთვნილი. კონტრაქტი 1,970 ერთეული PAC-3 MSE ტიპის რაკეტისა და შესაბამისი აღჭურვილობის დამზადებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსა და მის რაკეტებს აქტიურად ითხოვდნენ უკრაინის წარმომადგენლებიც. რუსეთის ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის მოსაგერიებლად აღნიშნული სისტემა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საშუალებას წარმოადგენს.

რა არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი?

Phased Array Tracking Radar for Intercept On Target-ი – აკრონიმით Patriot-ი, მობილური მიწა-ჰაერი-კლასის სარაკეტო თავდაცვის სისტემაა, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა Raytheon Technologies-მა გასულ საუკუნეში შექმნა. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი თავის კლასში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ჰსთ-სისტემად მიიჩნევა და ის აშშ-ის არმიის შეიარაღებაში 1980-იანი წლებიდან ოპერირებს.

Patriot-ის ბატარეა რამდენიმე ტიპის დანადგარისაგან შედგება, ესენია: სარადარე მოწყობილობა, მართვის პუნქტი, ელექტროკვების დანადგარი, რაკეტის გამშვები დანადგარი და დამხმარე-ლოგისტიკური მანქანები.

სისტემა ისეთი საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენება, როგორებიცაა: საბრძოლო თვითმფრინავები, ტაქტიკური ბალისტიკური და საკრუიზო  რაკეტები და სხვა. აღნიშნული დამოკიდებულია იმ გზაგადამჭრელ რაკეტაზე, რომელსაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი კონკრეტულ შემთხვევაში იყენებს.

როგორ მუშაობს Patriot-ი?

როგორც აღვნიშნეთ, სისტემის შესაძლებლობები გზაგადამჭრელი რაკეტის მოდიფიკაციის შესაბამისად განსხვავდება. მაგალითად, უფრო ძველი PAC-2-ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტა ფეთქებადი საბრძოლო თავაკითაა აღჭურვილი და ის სამიზნესთან მიახლოებისას დეტონირდება, რაც სამიზნის განადგურებას იწვევს. შედარებით თანამედროვე PAC-3-ტიპის რაკეტა კი მოწინავე ტექნოლოგიას იყენებს და საჰაერო სამიზნეს ზუსტად ხვდება. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რადარის დაფარვის რადიუსი 160 კილომეტრია.

უცნობია, თუ რა სახის რაკეტების მიწოდებას განიხილავენ უკრაინისათვის, თუმცა, სხვადასხვა ვარაუდით, შესაძლებელია ეს PAC-3 CRI-ის ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტები გახლდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად კომპლექსი ჰიპერბგერითი რაკეტების გასანეიტრალებლად არ შექმნილა, 2023 წლის მაისში აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა Kinzhal-ი სწორედ Patriot-ით გაანადგურა. მწარმოებლის ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე სხვადასხვა საომარ სიტუაციაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა 150-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გადაჭერა შეძლო.

Patriot-ის გამოყენების გეოგრაფიული არეალი

Raytheon-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დღემდე სულ 240 გამშვები დანადგარი აწარმოა. აღნიშნული დანადგარები კი აშშ-ის გარდა 18 ქვეყანაშია ექსპორტირებული. მათ შორისაა: გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, იაპონია, კატარი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, იორდანია, ქუვეითი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, ტაივანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი. არსებული ინფორმაციით, მომავალში აღნიშნული სისტემების მაროკოსა და შვეიცარიისთვის მიყიდვაც იგეგმება.

რა ღირს Patriot-ის გამშვები დანადგარი და გზაგადამჭრელი რაკეტები?

CSIS-ის მონაცემებით, ერთი ბატარეა Patriot-ის ღირებულება $1 მილიარდია, საიდანაც $400 მილიონი – გამშვები სისტემის, $690 მილიონი კი ბატარეისთვის განკუთვნილი რაკეტების ღირებულებაა. ერთი ერთეული გზაგადამჭრელი რაკეტის ღირებულება საშუალოდ $4 მილიონია, რაც მოდიფიკაციის შესაბამისად განსხვავდება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.