Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა მილიარდერ მიხეილ ლომთაძის მიერ თანადაფუძნებულ კომპანია Kaspi-ის საბაზრო კაპიტალიზაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
„ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სულ რაღაც ორი დღის განმავლობაში, NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ის აქციების ფასი 18.4%-ით შემცირდა, რაც საბაზრო ღირებულების $4.2-მილიარდიან კლებას ნიშნავს“, – განუცხადა QAMS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიარ ტემირბაევმა, Forbes Kazakhstan-ს.
Culper Research-ი არის მოკლე პოზიციაზე მოვაჭრე (Short Selling) კომპანია, რომელიც 2019 წელს ნიუ-იორკში დაფუძნდა. 2024 წლის 19 სექტემბერს მან გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ Kaspi-ს „სისტემატურად შეჰყავდა შეცდომაში ამერიკელი ინვესტორები და რეგულატორები“, რაც შესაძლოა, მეორადი სანქციების მიზეზი გახდეს.
მიხეილ ლომთაძის თანახმად, ეს ტიპური სპეკულაციური თავდასხმაა იმ მიზნით, რომ Culper Research-ის მსგავსმა მოკლე პოზიციაზე მოვაჭრე კომპანიებმა მოგება მიიღონ. ლომთაძე ამბობს, რომ ანგარიში შეცდომაში შემყვანია და ინვესტორების დაბნევას ისახავს მიზნად.
მოკლე პოზიციაზე ვაჭრობით კომპანიები მოგებას შემდეგნაირად იღებენ: კომპანია ჯერ ყიდის იმ აქციებს, რომლებსაც თავად არ ფლობს, ე.ი. ბაზარზე გასაყიდად აქციებს მას ბროკერი ასესხებს. როგორც წესი, გაყიდვით აქციების ფასი იკლებს, შემდეგ კი კომპანია ფასდაკლებული აქციების უკან შესყიდვას ცდილობს.
23 სექტემბერს ტემირბაევი ამბობდა, რომ ადგილობრივ ბაზარსა და ამერიკული NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ის აქციების ფასს შორის სხვაობა 22%-ს შეადგენდა, ე.ი. ამერიკაში ერთი აქცია $97 ღირდა, ხოლო ყაზახეთში – $118. ტემირბაევის თანახმად, ეს აჩვენებს ადგილობრივი ინვესტორების განწყობას მეორადი სანქციების მიმართ, რისი რისკიც, როგორც ანგარიშში წერია, მინიმალურია.
ცნობისთვის, NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე Kaspi-მ 11.3 მილიონი აქცია 2024 წლის იანვარში განათავსა, ერთი აქციის ღირებულება კი $92 იყო. აქციების პირველადმა განთავსებამ (IPO) მეწილეებს $1 მილიარდი მოუტანა.
ამჟამად კომპანიის 22.6%-ს ქართველი მიხეილ ლომთაძე ფლობს, ვიაჩესლავ კიმი -21.4%-ს, ხოლო Baring Funds-ი 25.45%-ს.