ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ყაზახურმა ფინტექ-კომპანია Kaspi-მ თურქული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ს საკონტროლო პაკეტი შეიძინა. Kaspi-ს პრესრელიზის თანახმად, კომპანიამ Hepsiburada-ს 65.41%-იანი წილი $1.127 მილიარდად შეისყიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, Kaspi თურქული ელექტრონული კომერციის პლატფორმის შესაძენად გადახდის ორ ტრანშს განახორციელებს. პირველი გადახდა $600 მილიონის მოცულობის იქნება და ის შეთანხმების დახურვის შემდეგ განხორციელდება, მეორე $526.9-მილიონიანი ტრანში კი 6 თვის ვადაში. მხარეებს შორის შეთანხმებას მწვანე შუქი ადგილობრივმა მარეგულირებელმა კონკურენციის პირობების განხილვის შემდეგ უნდა აუნთოს. მხარეები ვარაუდობენ, რომ ტრანზაქცია 2025 წლის პირველ კვარტალში დაიხურება.
Kaspi-ს მიერ თურქეთში განხორციელებულ ინვესტიციაზე განცხადებას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძეც ავრცელებს. „100-მილიონიან ბაზარზე შესვლა Kaspi-სთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენდა. ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ ბრენდსა და საოპერაციო სტრუქტურას ორივე კომპანია დამოუკიდებლად შეინარჩუნებს. ჩვენი მიზანი Kaspi-სა და Hepsiburada-ს ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანება და თურქეთსა და ყაზახეთში მოწინავე ელექტრონული კომერციისა და ციფრული სერვისების შეთავაზება იქნება“, – განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.