ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორი უმსხვილესი ქართული ბანკის აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა.
მხოლოდ ერთ დღეში “საქართველოს ბანკის” აქციების ფასი 20%-ით დაეცა, თვის დასაწყისიდან დღემდე კი კლება 26%-ზე მეტია და ამ მომენტისთვის, 3,970 GBX-ს შეადგენს. რაც შეეხება “თიბისი ბანკის ჯგუფს”, ბირჟაზე აქციები ერთ დღეში 15%-ითაა გაუფასურებული, ხოლო თვის დასაწყისიდან დღემდე – 25%-ით და ამჟამად 2,600 GBX-ს აღწევს.
ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს აქამდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი კლებაა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკების აქციების გაუფასურება ემთხვევა აქციებს “რუსული” კანონის წინააღმდეგ. თითქმის ერთი თვეა, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით გუშინ, 14 მაისს დაამტკიცა. ახლა ის ხელმოსაწერად გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც ვეტოს დასადებად ორკვირიანი ვადა აქვს. სალომე ზურაბიშვილის მიერ კანონისთვის ვეტოს დადების შემთხვევაში, პარლამენტი ვეტოს დაძლევის პროცედურას დაიწყებს.