Lovable-ის თანადამფუძნებელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი გახდა

Lovable-ის თანადამფუძნებელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი გახდა

სტოკჰოლმში დაფუძნებულმა AI-სტარტაპმა, Lovable-მა, ახლახან დაფინანსების მორიგი რაუნდი დახურა, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულება 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მისი დამფუძნებლები კი მილიარდერები გახდნენ.

სულ რაღაც ექვს თვეში, Lovable-ის შეფასება გასამმაგდა, რამაც მის მიერ ივლისში მოპოვებული ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ, CapitalG-ისა და Menlo Ventures-ის ხელმძღვანელობით გამართულ დაფინანსების რაუნდში, 330 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ისეთი ფირმებისგან, როგორიცაა Khosla Ventures-ი, Accel-ი და EQT. შედეგად, Lovable-ის მიერ ჯამურად მიღებულმა დაფინანსებამ 550 მილიონ დოლარს მიაღწია, საერთო შეფასებამ კი 6.6 მილიარდ დოლარს.

Forbes-ის შეფასებით, Lovable-ის თანადამფუძნებლები, 35 წლის ანტონ ოსიკა და 26 წლის ფაბიან ჰედინი, კომპანიაში დაახლოებით 24-24%-იან წილს ფლობენ, რაც თითოეულის ქონებას 1.6 მილიარდ დოლარად აფასებს. ჰედინი ამ მაჩვენებლით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერია. ის სულ რაღაც რამდენიმე თვით ჩამორჩება ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთ შვედ მკვლევარს, არვიდ ლუნემარკს, AI-კოდირების ინსტრუმენტის, Cursor-ის თანადამფუძნებელს, რომელიც მილიარდერი ნოემბერში, 26 წლის ასაკში გახდა. გარდა ამისა, ჰედინი მსოფლიოში 30 წლამდე ასაკის 12 თვითშემდგარ მილიარდერს შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე დამფუძნებელი გეგმავს საკუთარი შემოსავლის 50% ქველმოქმედებას მოახმაროს, კერძოდ კი იმას, რომ კაცობრიობის სუპერინტელექტუალურ ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლა უსაფრთხოდ და ადამიანებისთვის სასარგებლოდ წარიმართოს.

იხილეთ ასევე: ვაიბ-კოდირების ქარხანა

Lovable-ის წარმატების საიდუმლო მის ინოვაციურ ვაიბ-კოდირების ტექნოლოგიაშია, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, ვებგვერდები და აპლიკაციები მხოლოდ ტექსტური მითითებებით შექმნას. ოსიკამ კომპანია 2023 წელს დააარსა მას შემდეგ, რაც მის მიერ თავისუფალ დროს შექმნილი AI-კოდირების ინსტრუმენტი, თითქმის ერთ ღამეში, დეველოპერული პლატფორმა GitHub-ის ტრენდული გვერდის სათავეში მოექცა.

ოსიკამ ყოფილი კოლეგა ჰედინი კომპანიაში თანადამფუძნებლად და ტექნიკურ დირექტორად მიიყვანა და 2023 წლის ოქტომბერში ვენჩურული ფონდიდან, Hummingbird-დან 8 მილიონი დოლარის საწყისი დაფინანსება მიიღო. მას შემდეგ ზრდის ტემპი არ შენელებულა: Lovable-მა რვა თვეში $100-მილიონიან წლიურ შემოსავალს მიაღწია, რითაც ისეთ ცნობილ პლატფორმებს გადაუსწრო, როგორიცაა Wiz-ი და Deel-ი. ამჟამად Lovable-ს 8 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და გამოწერებიდან მისი დღიური შემოსავალი დაახლოებით 1 მილიონ დოლარს შეადგენს.