რუსული კომპანია Lukoil-ი ნავთობის აზერბაიჯანულ სახელმწიფო ფირმა Socar-ს სესხის სახით $1.5 მილიარდს გადასცემს. გარიგებით, Socar-ი მის საკუთრებაში არსებულ თურქულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანა STAR-ს კვლავ რუსული ნავთობით მოამარაგებს, Lukoil-ი კი, რომლის ნავთობის იმპორტი სანქციების გამო ევროკავშირის ქარხნების უმეტესობას შეწყვეტილი აქვს, რუსული პორტების სიახლოვეს კიდევ ერთ მომხმარებელს შეიძენს.
თურქეთს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტსაც აგრძელებს. მიუხედავად ამისა, ზაფხულში, STAR-ის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, მოსკოვთან ბიზნესსაქმიანობებზე საერთაშორისო ფინანსური შეზღუდვებით წარმოქმნილი სირთულეების გამო, რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერება მოუწია.
LSEG Eikon-ის მონაცემებით, ამ წლის დასაწყისში, ნავთობგადამმუშავებელმა „ურალის“ ნავთობის იმპორტი ჯერ შეამცირა, აგვისტო-სექტემბერში კი შესყიდვები სრულად შეაჩერა და ის ყაზახური KEBCO-ს ნავთობით ჩაანაცვლა. KEBCO-ს ნავთობი იმავე ხარისხისაა და კვლავ იტვირთება რუსეთის პორტებიდან.
LSEG-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს STAR-ის ქარხანა საშუალოდ 100,000 ბარელ „ურალს“ ყიდულობდა, რაც წელს დღიურად 50,000 ბარელამდე შემცირდა. Lukoil-ი თურქული ნავთობგადამმუშავებლისთვის „ურალის“ მიწოდებას ოქტომბრიდან დაიწყებს და, სავარაუდოდ, დღეში 100,000 ბარელს მიაწვდის, რაც ქარხნის გადამუშავების შესაძლებლობის ნახევრის ეკვივალენტურია.
2014 წლიდან მოყოლებული, Lukoil-ს აშშ-ის მიერ რუსული ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული რიგი სანქციები შეეხო, თუმცა ბევრად მკაცრი ზომები, რომელთა სამიზნეც მისი კონკურენტები გახდნენ, თავიდან აიცილა. კომპანიის სავაჭრო ფილიალი Litasco კვლავ აწვდის ნავთობს ევროკავშირის გადამმუშავებელ ქარხნებს ბულგარეთსა და რუმინეთში, აქვს ოფისები დუბაისა და ჟენევაში.