რუსულმა ნავთობგიგანტმა, „ლუკოილმა“, ერაყში მდებარე, კომპანიისთვის უდიდესი „ვესტ-კურნა 2“-ის საბადოდან ნავთობის გადაზიდვაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. კომპანიის გადაწყვეტილება დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას მოჰყვა.
სანქციების გამოცხადების შემდეგ, ერაყის მთავრობამ „ლუკოილს“ გადახდები გაუყინა. Reuters-ის ინფორმაციით, გასულ კვირას „ლუკოილმა“ ერაყის მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა და განუცხადა, რომ არსებობს ფორსმაჟორული გარემოება, რომელიც კომპანიის სამუშაო პროცესს ხელს უშლის და თუ მისი გამომწვევი მიზეზები მომდევნო ექვს თვეში არ აღმოიფხვრება, „ლუკოილი“ წარმოებას შეწყვეტს და პროექტიდან გავა.
ფორსმაჟორის გამოცხადება „ლუკოილს“ უფლებას აძლევს, უარი თქვას სახელშეკრულებო ვალდებულებებზე, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ვესტ-კურნა 2“-დან გადაზიდვები შეჩერდება.
ბასრის პორტიდან ჩრდილო-დასავლეთით 65 კილომეტრში მდებარე „ვესტ-კურნა 2“, მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი საბადო და „ლუკოილის“ ყველაზე ფასეული უცხოური აქტივია. რუსული კომპანია ამჟამად საბადოს 75%-ს ფლობს, ხოლო დარჩენილი 25% ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საკუთრებაა. აპრილში „ვესტ-კურნა 2“-ის დღიურმა წარმოებამ 480,000 ბარელს მიაღწია, რაც ერაყის მთლიანი წარმოების დაახლოებით 9%-ია.
ცნობისთვის, დასავლეთის მიერ სანქციების გამოცხადების შემდეგ, ბულგარეთის მთავრობამ „ლუკოილისთვის“ ქარხნის ჩამორთმევისა და გაყიდვის მიზნით კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. ქარხანა ბულგარეთში ერთადერთი ნავთობგადამმუშავებელი საწარმოა და წლების განმავლობაში „ლუკოილის“ საერთაშორისო ბიზნესიმპერიის ნაწილი იყო. მდგომარეობა ბოლო პერიოდში განახლებული სანქციების ფონზე შეცვალა: აშშ-მა, დიდ ბრიტანეთთან ერთად, რუსეთის ორი უდიდესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. ამის მიზეზი კი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად პასიურობაა.














