LVMH-ის აქციების ფასის ზრდის გავლენით, ბერნარ არნოს ქონება $19 მილიარდით გაიზარდა

LVMH-ის აქციების ფასის ზრდის გავლენით, ბერნარ არნოს ქონება $19 მილიარდით გაიზარდა

ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის აქციების ღირებულების 14%-იანი მატების გავლენით, კომპანიის დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბერნარ არნოს ქონება $19 მილიარდზე მეტით გაიზარდა. ფრანგი ბიზნესმენი Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში ამჟამად $179.6 მილიარდით მე-7 პოზიციაზეა წარმოდგენილი და კვლავ, ათეულის ერთადერთი არაამერიკელი წევრია.

LVMH-ის აქციების ფასის მატება ფრანგული კონგლომერატის შემოსავლების გამოქვეყნებას მოჰყვა. ჩინეთში გაზრდილი მოთხოვნის შედეგად, მიმდინარე წელს, LVMH-მა პირველად შემოსავლების კვარტალური ზრდა დააფიქსირა. 2025 წლის მესამე კვარტალში LVMH-ის გაყიდვები წლიურ ჭრილში 1%-ით გაიზარდა და $21.25 მილიარდს მიაღწია.

ოთხშაბათის მონაცემებით, LVMH-ის პარიზში დალისტული აქციების ღირებულება 14.36%-ზე მეტით გაიზარდა და 609.20 ევრო ($708.14) შეადგინა. CNBC-ის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი LVMH-ისთვის უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში რეკორდული ერთდღიანი მატება იყო. ხოლო შემოსავლებით ყველაზე დიდი, 7%-იანი ზრდა კონგლომერატის „შერჩევითი საცალო ვაჭრობის“ განყოფილებამ აჩვენა, რაც LVMH-ის საკუთრებაში არსებული Sephora-ს შემოსავლების სტაბილური მატების დამსახურებაა.

ოთხშაბათს, აქციების ფასების ზრდის გავლენით, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $347.18 მილიარდამდეა გაზრდილი, რაც მას მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად აქცევს. LVMH-ს, 264.35-მილიარდიანი საბაზრო ღირებულებით, თავისი ასევე ფრანგული კონკურენტი Hermès-ი მოჰყვება.