ფოტო: Getty Images
ფრანგმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ჩინეთის ყოფილი მეთაურის, მაო ძედუნის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა. ინციდენტის შემდეგ ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის სასმელების მწარმოებელმა Dongpeng-მა და რძის პროდუქტების მწარმოებელმა Mengniu-მ, ფეხბურთელთან სპონსორობის ხელშეკრულებები შეწყვიტეს.
კონფლიქტის მიზეზი ფრანგული საფეხბურთო პოდკასტის, The Bridge-ის მიერ გავრცელებული ვიდეო გახდა. ჩანაწერში მბაპე ინტერნეტმემზე საუბრობს, რომელშიც მისი სახე უცნობი მამაკაცის ფოტოზეა გადატანილი. ფეხბურთელი ამბობს, რომ ფიქრობს, მამაკაცი ჩინელი დიქტატორია. თავად მაო ძედუნის სახელი მას პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა ვიდეოში გამოჩნდა კადრი, რომელშიც მბაპეს სახე ჩინეთის ყოფილი მეთაურის გამოსახულებასთან იყო შეთავსებული.
ვიდეოს ჩინურ სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით The Bridge-მა ჩანაწერი, როგორც ჩანს, საკუთარი სოციალური ქსელებიდან წაშალა, თუმცა მისი ასლები Reddit-სა და YouTube-ზე კვლავ ვრცელდება.
მბაპემ სამშაბათს კომენტარი „არასწორად შერჩეულად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა სიტყვებმა ჩინეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბევრ ადამიანს აწყენინა. ფეხბურთელის განცხადებით, ეს მისი განზრახვა არ ყოფილა.
„ღრმად ვცემ პატივს ჩინელ ხალხს და მათ ისტორიას და გულწრფელად ვიხდი ბოდიშს“, – დაწერა მბაპემ განცხადებაში.
ჩინურმა კომპანიებმა ფეხბურთელთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება იმავე დღეს გაასაჯაროეს. სასმელების მწარმოებელმა Dongpeng-მა, რომელიც Eastroc-ის სახელითაც არის ცნობილი, გამოცემა Beijing Daily-სთან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ეროვნული გრძნობების შეურაცხმყოფელი“ ქცევის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს.
რძის პროდუქტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Mengniu-მ კი განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ნებისმიერ სიტყვასა თუ ქმედებას, რომელიც ჩინელ ხალხს შეურაცხყოფს. Associated Press-ის ცნობით, მბაპესთან პარტნიორობა შეწყვიტა ყველის მწარმოებელმა Milkground-მაც, რომელიც Miaokelanduo-ს სახელითაც არის ცნობილი.
ინციდენტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერ გუო ძიაკუნს ყოველდღიურ ბრიფინგზე მბაპეს კომენტარის შესახებ ჰკითხეს. მისი თქმით, სიტყვებსა და ქმედებებს, რომლებიც ჩინელ ხალხს შეურაცხყოფს, ჩინური საზოგადოების სხვადასხვა სექტორის ერთობლივი წინააღმდეგობა ბუნებრივად მოჰყვება.
მბაპე Forbes-ის 2026 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. გამოცემის შეფასებით, მისი წლიური შემოსავალი $100 მილიონს შეადგენს, საიდანაც $70 მილიონი მოედანზე მიღებულ ანაზღაურებაზე, ხოლო $30 მილიონი კომერციულ გარიგებებსა და სპონსორობაზე მოდის.
აღნიშნული შეფასება არ მოიცავს ფეხბურთელის ახალ პარტნიორობას შვეიცარიულ სპორტული ტანსაცმლის ბრენდ On-თან. მბაპემ წელს Nike-თან ხანგრძლივი თანამშრომლობა დაასრულა და On-თან გააფორმა შეთანხმება, რომელიც საჯაროდ დალისტული კომპანიის წილსაც მოიცავს. შეგახსენებთ, სწორედ On-ის აქციების ფლობა დაეხმარა ჩოგბურთის ლეგენდას, როჯერ ფედერერს, მილიარდერის სტატუსის მოპოვებაში.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









