ლიფტების იმპორტიორი და მემონტაჟე კომპანია CLC Elevator-ი ნოდარ კაპანაძემ 2018 წელს დააფუძნა. დაარსებიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით მან უკვე 3,000-ზე მეტი პროექტი განახორციელა. CLC-ის დამფუძნებელს უფრო ამბიციური გეგმა აქვს – საქართველოში ლიფტების ინდუსტრიის პიონერი გახდეს.
როგორ დაფუძნდა CLC Elevator-ი?
ვიდრე ლიფტების ინდუსტრიაში მოვხვდებოდი, სხვა ბიზნესებიც მქონდა. ერთ-ერთი ასეთი არის მარკეტინგული კომპანია, რომელსაც ლიფტების მწარმოებელი ბერძნული ქარხნის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ქართულ ბაზარზე ფეხის მოკიდებაში, პროდუქციის შემოტანასა და გაყიდვაში დახმარება სთხოვეს.
როდესაც ბაზრის მოკვლევა დავიწყე, ამ სფერომ ძალიან დამაინტერესა. გუნდთან ერთად, გამოფენების სანახავად რამდენჯერმე საზღვარგარეთ გავემგზავრეთ, რათა კარგად შეგვესწავლა პროდუქტი, რომლის გაყიდვაშიც ბერძნულ ქარხანას უნდა დავხმარებოდით. გარდა გამოფენებისა, რამდენიმე საწარმოც ვნახეთ. პარტნიორებმა ჩვენი დიდი დაინტერესება რომ შენიშნეს, ამ ბიზნესის ერთად კეთება შემოგვთავაზეს.
შემოთავაზებას დავთანხმდი და ასე დავიწყე ახალი ბიზნესი პარტნიორებთან ერთად, თუმცა მალევე ბერძენმა პარტნიორებმა საქმიდან გასვლა გადაწყვიტეს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბიზნესში უკვე დიდი შრომა და რესურსი მქონდა ჩადებული, გადავწყვიტე, საქმიანობა მათ გარეშე გამეგრძელებინა. შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო შემოვიარე, ვნახე უამრავი მწარმოებელი, როგორც პრემიუმ, ისე საშუალო და დაბალი კლასის, გამოვიკვლიე მათი საქმიანობა და 2018 წელს დავაფუძნეთ კომპანია CLC.
ალბათ პირველი დიდი გამოწვევა ის იყო, რომ ბიზნესში მარტო დარჩით – სხვა რა გამოწვევების გადალახვა მოგიწიათ ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად?
რა თქმა უნდა, რთული იყო ბიზნესში მარტო დარჩენა, თუმცა შევძელით და საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში ადგილობრივ ბაზარზე ფეხის მოკიდება მოვახერხეთ.
მეორე ყველაზე დიდი გამოწვევა დამკვეთების ნდობის მოპოვება იყო. ჩვენ ვიყავით კომპანია ბექგრაუნდის გარეშე, ჯერ პროექტები განხორციელებული არ გვქონდა. ორგანიზაციებს ჩვენთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე უნდა მოენდოთ. თუმცა ეს გამოწვევაც წარმატებით გადავლახეთ. ისეთმა კომპანიებმა დაიჭირეს ჩვენთან საქმე, რომ ეს მომავალში ნდობის კიდევ უფრო გასაზრდელად და სხვა ორგანიზაციების მოზიდვაში ძალიან დაგვეხმარა.
მოდი, კონკურენციაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ…
საქართველოში ამ სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია და მინდა ვთქვა, რომ არაჯანსაღიც. ქვეყანაში პრობლემად რჩება, რომ ჩვენს ბიზნესში, ისევე როგორც, დიდი ალბათობით, სხვა ბიზნესსექტორებში, მარჟა იმ სამუშაოების შესაბამისი არ არის, რასაც ვეწევით.
შესაძლოა, ვიღაცამ დამკვეთს ისეთი პროდუქტი შესთავაზოს, რომელიც ბიუჯეტური იქნება, თუმცა სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს. ამის ფონზე მოვახერხეთ და ბაზარზე საკუთარი ადგილი ვიპოვეთ. ნდობის მოპოვებაზე ზრუნვა აღარ გვჭირდება, ახლა სხვა ეტაპზე ვართ. ჩვენთან ფასს თითქმის აღარ უყურებენ, მთავარია, მათ პროექტს ხელი მოვკიდოთ და ამისთვის დრო გამოვნახოთ. მინდა აღვნიშნო, რომ გასული წლის ბოლოდან დაწყებული დღემდე ძალიან დიდი დატვირთვით ვმუშაობთ.
დატვირთვის მიუხედავად, ვადებში სერიოზული პროგრესი გვაქვს. პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ექვსი ან შვიდი თვე სჭირდება, ჩვენი გუნდის მიერ ერთ თვეში სრულდება. ეს არის ჩვენი დამატებითი უპირატესობა, რაც დამკვეთებს ძალიან მოსწონთ.
როგორც აღნიშნეთ, ბოლო პერიოდში კომპანიის დატვირთვა საგრძნობლად გაიზარდა – უფრო კონკრეტულად, როგორი შედეგები აქვს CLC-ს დაფუძნებიდან დღემდე?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ძალიან სწრაფად განვითარდა. სულ რაღაც მეშვიდე წელია და CLC-ს უკვე 3000-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. გეგმებს ყოველწლიურად ვისახავდით და წარმატებითაც ვასრულებდით, სწორედ ამან განაპირობა კომპანიის სწრაფი განვითარება. რა თქმა უნდა, ამას თან ახლდა დაუღალავი შრომა და ღამეების თენება, თუმცა ვფიქრობ, როდესაც რამეს ხელს მოჰკიდებ, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და განსაკუთრებული არაფერი ამაში, რომ საქმეში დიდი დრო და ძალისხმევა ჩადე.
CLC-ის წარმატება როგორც ჩემი, ასევე მთელი გუნდის მიღწევაა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კომპანიაში სულ სამი-ოთხი ადამიანი მუშაობდა. ამჟამად ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა 200-ს აჭარბებს. ესეც იმის მანიშნებელია, თუ რა სწრაფად განვითარდა და გაიზარდა კომპანია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში კომპანია არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია, ახალი კადრები კი მუდმივად გვემატება. ჩემი აზრით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
როგორ ეხმარება CLC თანამშრომლებს განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში?
მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში ძალიან აქტიურად ვართ ჩართული. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოთხ-ხუთ გამოფენას მაინც ვესწრებით და მუდმივად ვეცნობით სფეროში ყველანაირ ინოვაციას. გამოფენებზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფიც დაგვყავს, რომ ამ ინოვაციების ჩვენთან გადმოტანა მოხდეს. გარდა ამისა, თითქმის სამ თვეში ერთხელ პროექტმენეჯერებსა და ტექნიკური დეპარტამენტის მენეჯერებს საზღვარგარეთ ტრენინგებისთვის ვგზავნით.
რა არის კომპანიის მისია და რა ნაბიჯებს დგამთ მის განსახორციელებლად?
ლიფტი მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტია და, ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს. ჩვენი კომპანიის მისიაა, შევქმნათ უფრო ჰარმონიული ცხოვრების წესი პროფესიონალიზმითა და ხარისხიანი სერვისის შეთავაზებით. ვცდილობთ, საქართველოს ბაზარზე დამკვეთების მოთხოვნა შევცვალოთ, რათა ხარჯების დაზოგვის მიზნით, ისინი არ იყვნენ ორიენტირებულნი იაფფასიანი პროდუქტის შეძენაზე. რაც შეეხება ჰარმონიული ცხოვრების წესს, ვფიქრობთ, ლიფტით სარგებლობის დროს მომხმარებელი უნდა განიცდიდეს ჰარმონიას და არ გრძნობდეს თავს დაძაბულად.
ჩვენი მიზანია, თუნდაც ხუთი წლის შემდეგ, მივაღწიოთ იმას, რომ ყველა დამკვეთმა იცოდეს – რაშიც თანხა არასდროს უნდა დაზოგო, ეს არის ლიფტი, მრავალსართულიანი შენობის მთავარი პროდუქტი, რომლის გარეშეც ის უბრალოდ იყინება.
ადგილობრივ ბაზარზე, რა გამორჩეულ პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობთ დამკვეთებს?
უნდა ითქვას, რომ ლიფტების იმპორტიორი ყველა კომპანია ცდილობს, ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი შემოიტანოს. ამ მხრივ, განსხვავების პოვნა რთულია. თუმცა რაც შეეხება სერვისს, აღნიშნულ შემთხვევაში მათგან ერთი მნიშვნელოვანი რამ განგვასხვავებს – გვყავს ჩვენივე საპროექტო ჯგუფი. ლიფტის დამონტაჟებისას არაერთი ტექნიკური საკითხია გასათვალისწინებელი კონსტრუქციული მიმართულებით. არის შემთხვევები, როდესაც ლიფტი შახტში არ ეტევა. ამ დროს ან შახტი უნდა დაინგრეს და ახალი გაკეთდეს, ან დამკვეთს სხვა გადაწყვეტა შესთავაზო. სწორედ მაშინ ერთვება საქმეში ჩვენი საპროექტო ჯგუფი, რომელიც ახალ პროექტს ამუშავებს. მას ჩვენს მომმარაგებელ ქარხანას ვუგზავნით და ჩვენი ნახაზებით გაკეთებულ პროექტზე დაყრდნობით შექმნილ პროდუქტს გვიგზავნიან. ეს მიდგომა უამრავ თანხას აზოგვინებს ჩვენს პარტნიორებს.
აქვე გკითხავთ, ვინ არიან ძირითადი მომწოდებლები?
პირველ რიგში, არაერთი ექსკლუზიური პარტნიორი გვყავს. ძალიან ბევრი ქვეყნის ქარხნებთან ვთანამშრომლობთ, თუმცა ძირითადი მომწოდებლები თურქული, გერმანული და იტალიური მწარმოებლები. გარდა ამისა, პროდუქციას აზიიდანაც ვიღებთ, მათ შორის სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან. პარტნიორებთან ძალიან მაღალი დონის კომუნიკაცია გვაქვს. ისინი ჩვენი დიდი გულშემატკივრები არიან.
რა ნაბიჯებს დგამს კომპანია შშმ პირთათვის გადაადგილების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად? რამდენად აქტიურად ხარ ჩართული ამ მიმართულებით პროექტებში?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია სახელმწიფოს მიდგომა – გარემო გახდეს შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული. შშმ პირთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაადგილების საშუალებაა სპეციალურად მათ საჭიროებებთან ადაპტირებული ლიფტები. ამ მიმართულებით პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ. წელს უკვე 300-ზე მეტი პროექტი დავასრულეთ და მთელი ნახევარი წელი წინ გვაქვს. ძირითადი ლოკაციები კი სკოლები, ბაღები, კოლეჯები, ასევე სხვადასხვა კომერციული დაწესებულებებია. ადაპტირებული ლიფტები პროექტების მოთხოვნებშიც დევს, შესაბამისად, ამ მიმართულებით ბევრი დამკვეთი გვყავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი პროექტების დაახლოებით 90%-ს ჩვენ ვასრულებთ.
როგორ შეფასებებსა და უკუკავშირს იღებთ დამკვეთებისგან?
უკმაყოფილო მომხმარებელი ყველა ბიზნესს ჰყავს, თუმცა ჩვენთან მათი რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება შეფასებებს, ბოლო ორი წელიწადია, ჩვენი კომპანია საქართველოში დარგის ლიდერად სახელდება. გარდა ამისა, აღნიშნულ სფეროში გაყიდვების მიმართულებითაც პირველები ვართ – წელიწადში უკვე 800-ზე მეტ პროექტს ვასრულებთ.
ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ.
საქართველოში ლიფტების ქარხანა არასდროს ყოფილა. შესაძლოა, ვინმეს ჰქონდა ჩანაფიქრი, თუმცა ფაქტია, რომ ვერ განხორციელდა. ჩვენ, გერმანელ და იტალიელ პარტნიორებთან ერთად, გადავწყვიტეთ, ქვეყანაში ლიფტების მწარმოებელი პირველი ქარხანა გავხსნათ. ეს როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
წეროვანში, 10,000 კვადრატულ მეტრზე მშენებლობის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, ქარხანა მომავალი წლის ზაფხულიდან ამუშავდება. აქ შეიქმნება ევროპული ხარისხის პროდუქტი, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე იქნება გათვლილი. ქარხნის მიმართ უკვე დიდია ინტერესი ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან.
მიმაჩნია, რომ საქართველოში ლიფტების წარმოება ხელს შეუწყობს აღნიშნულ ბიზნესს და სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანს ამ საქმიანობას. ამავდროულად, მახარებს ის, რომ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
S|