ფოტო: Michael Prince/The Forbes Collection
Dell Technologies-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ დელმა ამერიკული Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ჯეფ ბეზოსს გადაასწრო და მესამე ადგილზე გადავიდა. ეს უმაღლესი პოზიციაა, რაც კი ოდესმე დელს რეიტინგში ჰქონია.
Forbes-ის შეფასებით, Dell-ის ქონება სამშაბათს $4.6 მილიარდით გაიზარდა და $267.7 მილიარდს მიაღწია. მისი ქონების ზრდა Dell Technologies-ის აქციების ფასის რეკორდულ მაჩვენებელზე ასვლას უკავშირდება.
Dell Technologies-ის აქციების ფასი სამშაბათს 1.9%-ით გაიზარდა და $533.88-ზე დაიხურა, რაც კომპანიისთვის ყველა დროის მაქსიმუმია. დღის განმავლობაში აქციის ფასმა $538.47-საც კი მიაღწია.
ამავე პერიოდში Amazon-ის აქციები 0.6%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის, ქონება $1.4 მილიარდით, $265.2 მილიარდამდე შემცირდა.
რეიტინგში მაიკლ დელს მხოლოდ Alphabet-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი და Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი უსწრებენ. პეიჯის ქონება $277.9 მილიარდად, მასკის კი $942 მილიარდად არის შეფასებული.
მაიკლ დელის ქონება გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა, რასაც ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით კი AI-სერვერებზე, მზარდი მოთხოვნა უწყობს ხელს.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან Dell Technologies-ის აქციების ფასი 327%-ით არის გაზრდილი — წლის დასაწყისში ერთი აქცია დაახლოებით $128 ღირდა. მაიკლ დელი კომპანიის 40%-იან წილს ფლობს, ხოლო მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი DFO Management-შია დაბანდებული. ეს კერძო საინვესტიციო კომპანია სასტუმროებსა და კორპორაციულ საკრედიტო აქტივებში ინვესტირებს.
Dell Technologies-მა მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალმა $47 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 58%-იანი ზრდაა. ერთ აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ $7.04-ს მიაღწია. ეს გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით სამჯერ მეტია.
კომპანიის AI-სერვერების მიმართულებამ რეკორდული, $60.9 მილიარდის ღირებულების შეკვეთები მიიღო, ხოლო ამ ბიზნესის შემოსავალმა $16.4 მილიარდს მიაღწია.
AI-ტექნოლოგიებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე Dell Technologies-მა წლიური შემოსავლის პროგნოზიც გაზარდა და ახლა $192 მილიარდის შემოსავალს ელოდება, რაც წინა პროგნოზზე $25 მილიარდით მეტია.








