Dell Technologies-ის დამფუძნებელმა, ამერიკელმა მილიარდერმა მაიკლ დელმა და მისმა მეუღლემ, სიუზანმა, 25 მილიონი ამერიკელი ბავშვის დასაფინანსებლად, $6.25 მილიარდი გამოყვეს. თანხა ახალ საინვესტიციო ანგარიშებზე გადაირიცხება, რომელიც წლის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული პროგრამის, „ტრამპის ანგარიშების“ ფარგლებში შეიქმნა.
„ტრამპის შემნახველი ანგარიშების“ შექმნაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წელს მაიკლ დელთან, Goldman Sachs-ის აღმასრულებელ დირექტორ დევიდ სოლომონთან და Uber-ის აღმასრულებელ დირექტორ დარა ხოსროვშაჰისთან ერთად განაცხადა. ახალი პროექტი აშშ-ის პრეზიდენტის „დიდი ლამაზი კანონპროექტის“ ნაწილია. გეგმის თანახმად, აშშ-ის ხაზინა 2025 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე პერიოდში აშშ-ში დაბადებული ბავშვების საინვესტიციო ანგარიშებში $1,000-ს დააბანდებს.
თუმცა დელის ქველმოქმედება 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე გადანაწილდება, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრამდე არიან დაბადებულნი. არასამთავრობო ჯგუფის, Invest America-ს ცნობით, დელის მიერ გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, თითო ბავშვისთვის $250 განისაზღვრება. დაფინანსება შესაბამის ZIP-კოდებში მცხოვრები არასრულწლოვნებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა ოჯახის საშუალო შემოსავალი $150,000-ზე ნაკლებია.
საინვესტიციო ანგარიშების იდეა, რომელიც ადრე MEGA ანგარიშების სახელით იყო ცნობილი, სენატორ ტედ კრუზს ეკუთვნის. პროგრამაში ყველა ახალშობილი ავტომატურად რეგისტრირდება. მშობლებს, ან მეურვეებს, ანგარიშებზე წლიურად $5,000-მდე შეტანის უფლება ექნებათ. არსებული თანხა კი საფონდო ბირჟის საინდექსო ფონდებში ინვესტირდება. 18 წლის ასაკში ბენეფიციარებს თანხის 50%-ის გამოყენება შეეძლებათ, 25 წლის ასაკში კი – სრულად, თუმცა მხოლოდ საგანმანათლებლო ან სამეწარმეო მიზნებისთვის.














