ფოტო: DAVID BALTZER / ZENIT / IAIF / REDUX
მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ მომღერლის ქონება მრავალმილიარდიან ბიზნესიმპერიად იქცა, რომელიც ყოველწლიურად ასობით მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს. თუმცა მისი შვილის, პარის ჯექსონის მტკიცებით, მამამისის ქონებიდან ოჯახის ტრასტ-ფონდს თანხა თითქმის არ მიუღია და ახლა ის სასამართლოსგან $600 მილიონის გადანაწილებას ითხოვს.
2021 წელს აშშ-ის საგადასახადო სასამართლოს მოსამართლე მარკ ჰოლმსს მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების დროისთვის მომღერლის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენა დაევალა. აშშ-ის საგადასახადო სამსახური (IRS) ჯექსონის ქონებას — მის წილებს, სახელის, გამოსახულებისა და მუსიკალური აქტივების ჩათვლით — $500 მილიონად აფასებდა. თუმცა ჯექსონის ქონების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ დიდი რაოდენობის ვალდებულებებისა და ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებით შელახული რეპუტაციის გამო, ამ აქტივების დასაბეგრი ღირებულება მხოლოდ $5 მილიონს შეადგენდა.
საბოლოოდ, მოსამართლე მარკ ჰოლმსმა ჯექსონის აქტივების საერთო ღირებულება დაახლოებით $110 მილიონად შეაფასა. ამასთან, ივარაუდა, რომ პოპულარობის მუდმივი ცვალებადობის გამო, ჯექსონის კომერციული გავლენა და შემოსავლები მომდევნო წლებში შემცირდებოდა. „აქტივების კარგი მენეჯმენტის მიუხედავადაც, მათი ღირებულება შემცირდება, რადგან ჯექსონის საავტორო უფლებების ვადა ამოიწურება, მისი სახელი და გამოსახულება კი ჯერ აქტუალობას დაკარგავს, ხოლო შემდგომ საზოგადოებრივ საკუთრებაში გადავა“, — წერდა ჰოლმსი.
თუმცა მოსამართლის პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა და, პირიქით, ჯექსონი გარდაცვალებიდან 17 წელზე მეტი ხნის შემდეგაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკოსად რჩება, მისი აქტივების ღირებულება კი რეკორდულ ნიშნულზეა.
კერძოდ, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამჟამად ჯექსონის ქონების ღირებულება $2 მილიარდს აჭარბებს. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ჯექსონის ბიზნესაქტივებმა, რომლებიც მუსიკას, სხვადასხვა საკონცერტო თუ თეატრალურ პროექტსა და ბიოგრაფიულ ფილმს მოიცავს, $140 მილიონი გამოიმუშავა. ამ მაჩვენებლით ჯექსონს ცოცხალი მუსიკოსებიდან მხოლოდ Jay-Z ($2.8 მილიარდი) უსწრებს.
ჯექსონის კომერციული წარმატების აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებრივი დამოკიდებულების ცვლილებამ იქონია. ამასთან, უკვე აღარ არსებობდა ის ხარჯებიც, რომლებიც მომღერალს სიცოცხლის განმავლობაში ჰქონდა. შედეგად, ჯექსონის ქონება, რომელიც ერთ დროს მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევების წინაშე იდგა, მრავალმილიარდიან გასართობ ბიზნესად გარდაიქმნა.
თუმცა, როგორც ჯექსონის ერთ-ერთი შვილი, პარის ჯექსონი ამტკიცებს, მომღერლის ქონების დიდი ნაწილი მემკვიდრეებისთვის ჯერ კიდევ არ განაწილებულა. მაიკლ ჯექსონის ანდერძის თანახმად, მისი ქონება შვილებს, დედას, კეტრინ ჯექსონსა და საქველმოქმედო ფონდებს უნდა მოხმარდეს. მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის 20%-ია გათვალისწინებული.
პარისმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს ნოემბრის დასაწყისში მიმართა და მოსამართლისგან მოითხოვა, ჯექსონის ქონების მმართველი ფონდისთვის მისთვის და მისი ძმებისთვის $600 მილიონის ნაწილის გადანაწილება დაევალებინა. მისივე მტკიცებით, ფონდის მმართველი ჯონ ბრანკა პროცესს განზრახ აჭიანურებს, რათა ჯექსონის აქტივები საკუთარ კონტროლქვეშ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. პარისის მიერ წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ფონდის ანგარიშზე ამჟამად $850 მილიონის ფულადი რეზერვია, რაც თანხის ნაწილის მემკვიდრეებისთვის გადასაცემად და არსებული ვალდებულებების დასაფარად საკმარისი უნდა იყოს.
სამემკვიდრეო სამართლის სპეციალისტების, მათ შორის Keystone Law Group-ის პარტნიორ როი კაუფმანის განმარტებით, სტანდარტულად, მსგავს პროცედურებს ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება. მაგალითად, მომღერალ პრინსის გარდაცვალების შემდეგ, 2016 წელს, მისი ქონების განაწილებას ექვსი წელი დასჭირდა. თუმცა, როგორც კაუფმანი აღნიშნავს, მაიკლ ჯექსონის შემთხვევაში 17 წელი მაინც უჩვეულოდ ხანგრძლივი პერიოდია.
ცნობისთვის, მაიკლ ჯექსონს გარდაცვალების შემდეგ თითქმის $500 მილიონის ვალდებულებები დარჩა. ამასთან, საგადასახადო დავა IRS-თან კვლავ პროცესშია. IRS-ს ჯექსონის გარდაცვალების დროისთვის დათვლილი ქონებიდან 20%-ის მიღების უფლება აქვს, რაც, მოსამართლე ჰოლმსის შეფასებით, $22 მილიონს შეადგენს. თავდაპირველად საგადასახადო დავალიანება $700 მილიონადაც კი იყო შეფასებული, თუმცა საკითხი საბოლოოდ ჯერ არ გადაწყვეტილა.
ქონების წარმომადგენლის განცხადებით, პარის ჯექსონის იურისტებმა კარგად იციან, რომ IRS-თან დავის მოგვარებამდე მემკვიდრეობის სრულად გადანაწილება ვერ მოხდება. წარმომადგენელმა ასევე უარყო ბრალდება, თითქოს პროცესებს ის საკუთარი ნებით აკავებს.
თუმცა ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც პარისი და მისი იურისტები ბრანკას საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ სასამართლოს რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს, მათ შორის ბრალდებებით ქონების ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობასა და ბრანკას მმართველობის ხარვეზებთან დაკავშირებით.
გასული წლის ივნისში სასამართლომ პარისის მოთხოვნა — უკან დაებრუნებინათ $625 000, რომელიც ქონების მმართველებმა გარე იურიდიულ ფირმებს ბონუსების სახით გადაუხადეს — დააკმაყოფილა. თუმცა მეორე შემთხვევაში პარისის მოთხოვნა, ჯექსონის ქონების მართვის პროცესში დამატებითი აღმასრულებელი პირი ჩართულიყო, სასამართლომ აღარ დააკმაყოფილა.
დაპირისპირების ფარგლებში ორივე მხარე განსხვავებულ ფინანსურ მონაცემებს ასახელებს. ფონდის წარმომადგენლების მტკიცებით, მემკვიდრეებისთვის ჯამში უკვე $200 მილიონია გადაცემული, საიდანაც უშუალოდ პარისს $70 მილიონი ეკუთვნის. თუმცა პარისი და მისი უფლებადამცველები ამ ფაქტს უარყოფენ. პარისი ასევე ამტკიცებს, რომ ჯონ ბრანკამ და მასთან დაკავშირებულმა იურიდიულმა კომპანიებმა 2023-2024 წლებში ჯამში $109 მილიონის ანაზღაურება მოითხოვეს. თუმცა ბრანკას გუნდის მტკიცებით, ეს თანხა გადაჭარბებულია.
პარისის წარმომადგენლების მტკიცებით, ბრანკა მემკვიდრეობის სახსრებს პირადი მიზნებისთვისაც იყენებს, რაც მის მოვალეობებს რადიკალურად ეწინააღმდეგება. ბრანკა ბრალდებებს უარყოფს და საკუთარ საქმიანობას ქონების განკარგვისთვის საჭირო ფინანსური შედეგებით ამართლებს.
ცნობისთვის, 2009 წლიდან მან და მისმა პარტნიორმა, ჯონ მაქკლეინმა, ჯექსონის რამდენიმე ძვირადღირებული აქტივი გაყიდეს. მათ შორის იყო მუსიკალური კატალოგი ATV, რომელიც 2016 წელს Sony-ს $750 მილიონად მიჰყიდეს. მოგვიანებით, 2024 წელს, Sony-მ ჯექსონის ორიგინალური ჩანაწერებისა და მუსიკალურ გამოცემებზე უფლებების ნახევარი დამატებით $600 მილიონად შეიძინა.
ამ და სხვა კომერციული საქმიანობებით, Forbes-ის შეფასებით, მაიკლ ჯექსონის ქონებამ ჯამურად $3.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო. შემოსავლის ნაწილი ვალების, მათზე დარიცხული პროცენტების, გადასახადებისა და ხანგრძლივი სასამართლო დავების ხარჯების დასაფარად გამოიყენეს. შედეგად, გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე მაღალშემოსავლიან გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს შორის ჯექსონი ბოლო 17 წლის განმავლობაში 13-ჯერ პირველ ადგილს იკავებდა.
აქვე საინტერესოა, რომ ჯექსონის მემკვიდრეობის თაობაზე დაწყებულ დაპირისპირებაში დიდ როლს მომღერალზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი „მაიკლიც“ თამაშობს, რომლის პროდიუსერებიც ჯონ ბრანკა და ჯონ მაქკლეინი იყვნენ. ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში $1 მილიარდი გამოიმუშავა და მუსიკოსების შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმებს შორის რეკორდი დაამყარა.
ეს შესაძლოა ბრანკას წარმატებად შეფასდეს, თუმცა ფილმის წარმოებისას პროდიუსერებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს. ძირითადი გადაღებების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ 1994 წელს ჯექსონის ერთ-ერთ ბრალმდებელთან გაფორმებული შეთანხმება ეკრანებზე ამ ისტორიის გამოტანას კრძალავდა. აღმოჩნდა, რომ უკვე გადაღებული კადრების ნაწილი გამოუსადეგარი გახდა და ფილმის გამოსვლაც ერთი წლით გადაიდო.
ფილმის გადასარჩენად ჯექსონის ქონების მმართველმა ფონდმა დამატებით სულ მცირე $25 მილიონი გამოყო და პროექტის ორ ნაწილად გაყოფა გადაწყვიტა. მეორე ნაწილის გადაღებები 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს, ხოლო პრემიერა 2027 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. თუმცა პარისის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ფილმის პროდიუსინგისას ბრანკას ერთადერთი მიზანი ჰოლივუდში საკუთარი კარიერისა და შემოსავლების ზრდაა. ამიტომ, მათი აზრით, ის შესაძლოა მხარს უჭერდეს ისეთ ძვირადღირებულ და სარისკო პროექტებსაც, რომლებიც პირადად მის ინტერესებს ემსახურება და არა აუცილებლად ჯექსონის მემკვიდრეებისას.
დამატებით, მონაცემთა ანალიტიკური კომპანია Luminate-ის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაიკლ ჯექსონის მუსიკის სტრიმინგისა და ფიზიკური გაყიდვების მოცულობა 4.6 მილიონი ალბომის ეკვივალენტური იყო. 2025 წელს Forbes-ის მიერ შეფასებულ მუსიკოსებს შორის ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ ტეილორ სვიფტმა, დრეიკმა და კენდრიკ ლამარმა გადააჭარბეს. გაიზარდა ჯექსონის თემატიკაზე შექმნილი გასართობი პროექტების პოპულარობაც, მათ შორის ბროდვეის მიუზიკლ MJ The Musical-ისაც.
ამერიკული Forbes-ი ჯექსონის ქონებიდან სხვადასხვა მიმართულებით ყოველწლიურად $100 მილიონზე მეტი შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს. ამასთან, ჯექსონის ქონების ანგარიშებზე ამჟამად დიდი ფულადი რეზერვია დაგროვილი, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით $40 მილიონის საინვესტიციო შემოსავალი მოაქვს.
საგადასახადო დავებისა და სამემკვიდრეო სამართალწარმოების დასრულების შემდეგ მაიკლ ჯექსონის ქონება ოჯახის ტრასტ-ფონდს გადაეცემა. ანდერძის მიხედვით, შვილები მემკვიდრეობას ეტაპობრივად, 30, 35 და 40 წლის ასაკში მიიღებენ. ამჟამად პრინსი 29 წლისაა, პარისი — 28-ის, ხოლო ბიგი — 24-ის. თუმცა ბრანკა ქონების მენეჯმენტს ამ პროცესის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს, რადგან ის ანდერძის თანახმად ფონდის მმართველადაა დანიშნული. შესაბამისად, ბრანკა კვლავ გააკონტროლებს აქტივებს და მათი მართვისთვის ანაზღაურებას მიიღებს.









