ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი 1998 წლის NBA-ის ფინალებიდან, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, $2.238 მილიონად გაიყიდა. ეს აუქციონზე სპორტულ ფეხსაცმელში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა.
შავსა და წითელ ფერში გადაწყვეტილი Air Jordan 13, ჯორდანს NBA-ის ფინალების Game 2 შეხვედრაში ეცვა. თამაში „ჩიკაგო ბულსსა“ და „იუტა ჯაზს“ შორის გაიმართა. კალათბურთელმა შეხვედრაში 37 ქულის ჩაგდება შეძლო და გუნდს ანგარიშით 93:88 მოაგებინა. საბოლოოდ მატჩების სერია „ჩიკაგო ბულსის“ გამარჯვებით დასრულდა და გუნდი NBA-ის ჩემპიონი გახდა. ეს მაიკლ ჯორდანისთვის NBA-ის ჩემპიონატში ბოლო სეზონი იყო.
Game 2 შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯორდანმა გასახდელში სპორტულ ფეხსაცმელზე საკუთარი ხელმოწერა დატოვა და Air Jordan 13-ის წყვილი მადლიერების ნიშნად ბურთის მიმწოდებელ ბიჭს აჩუქა.
ცნობისთვის, აქამდე აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული ფეხსაცმლის სტატუსს ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის Air Yeezy 1-ის წყვილი ფლობდა, რომელიც 2021 წლის აპრილში $1.8 მილიონად გაიყიდა.