მაისში რუსეთმა ნავთობის ექსპორტით $20 მილიარდი მიიღო

მაისში რუსეთმა ნავთობის ექსპორტით $20 მილიარდი მიიღო

გასულ თვეს რუსეთის ფედერაციამ ნედლი ნავთობისა და საწვავის ექსპორტით 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, აღნიშნული მაჩვენებელი 11%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, რაც საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ენერგორესურსების ფასებითაა განპირობებული.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის უდიდეს საექსპორტო ბაზრად ისევ ევროკავშირი რჩება, სადაც საერთო მოცულობის 44.1%-ის ექსპორტი განხორციელდა; შესყიდვებში მეორე ადგილს 26.0%-იანი წილით ჩინეთი იკავებს; 11.7%-ით ინდოეთი; 3.9% – თურქეთი; ხოლო სხვა ქვეყნებზე ექსპორტის მოცულობის 13.0% მოდის.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული ნავთობის ფიზიკური მოცულობა 3%-ითაა შემცირებული, თუმცა ფასების ზრდის გამო, რუსეთის შემოსავლები ამით არ შემცირებულა.

აშშ-ისა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მიერ რუსული ნავთობის იმპორტის დაუყოვნებლივი აკრძალვა დასავლეთის საერთო მოთხოვნას, გარკვეულწილად, ამცირებს, თუმცა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ რუსული ენერგორესურსების იმპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა, მათ შორისაა: ჩინეთი, ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რაც საერთო გლობალურ მოთხოვნას აბალანსებს.

ფინური კვლევითი ინსტიტუტის (CREA) ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველ 100 დღეში რუსეთმა ენერგორესურსების ექსპორტით 98 მილიარდი დოლარის მოცულობის შემოსავლის მიღება შეძლო. აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი ნედლ ნავთობზე მოდის ($48.2 მლრდ), მეორე ადგილს ბუნებრივი აირი იკავებს ($25.1 მლრდ), მესამეზე ნავთობპროდუქტებია ($13.6 მლრდ), შემოსავლის ძირითად წყაროებს შორის მეოთხე ადგილს თხევადი გაზი იკავებს ($5.3), ხოლო მეხუთე ადგილზე ქვანახშირის ექსპორტია ($4.8).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *