საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბევრისთვის შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დასავლეთმა რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირი სამხედრო ჩარევა არ უნდა გამორიცხოს. მან ეს მოსაზრება პირველად 26 თებერვალს, პარიზში, უკრაინის მოკავშირეების სამიტზე გამოთქვა. ის მისივე განცხადებით გამოწვეულ აურზაურსა და კრემლის მხრიდან წამოსულ მუქარებსაც არ შეუშინებია. მაკრონმა, 14 მარტს, თავისი თავდაპირველი პოზიცია ჯიუტად დაიცვა ფრანგული ტელევიზიისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუშიც.
მაკრონის ლოგიკა, რომელიც ყველაზე უკეთ ფრანგული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩანს, შემდეგია: ვლადიმირ პუტინს ლიმიტები არა აქვს; ის თავს ყველაფრის უფლებას აძლევს. ამის საპირისპიროდ, დასავლეთი მუდმივად თავად იწესებს წითელ ხაზებს. თან, უკრაინის მოკავშირეები საკუთარი თავისთვის დაწესებულ საზღვრებს გამუდმებით აბიჯებენ. მაგალითად, ერთ დროს, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ტანკებისა და ავიაგამანადგურებლების მიწოდებასაც გამორიცხავდნენ. თუმცა, თანდათანობით, მათ ეს ტაბუ თავადვე დაამსხვრიეს.
მაკრონის აზრით, საჭიროა, რომ პუტინი კი არ განსაზღვრავდეს დასავლეთისთვის თამაშის წესებს, არამედ ამ უკანასკნელმა თავად მოახერხოს საკუთარი პირობების კრემლისთვის დაწესება. საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია იმ გარემოში, რომელშიც აგრესორი მხარისთვის, დასავლეთისგან განსხვავებით, გამოკვეთილი წითელი ხაზები არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ მაკრონის განცხადებებს პირდაპირ და ირიბად მხარი დაუჭირეს მაღალი რანგის ფრანგმა სამხედროებმა. 19 მარტს საფრანგეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა პიერ შილმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ „ფრანგული არმია მზადაა“. 22 მარტს საფრანგეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, გენერალმა ტიერი ბურკჰარდმა განაცხადა, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრისას იმ ვარაუდით ხელმძღვანელობდა, რომ დასავლეთი კიევისთვის მხოლოდ იარაღის მიწოდებით შემოიფარგლებოდა. მისი თქმით, დასავლეთმა კრემლს არ უნდა აჩვენოს, რომ მას უკრაინაში შეუძლია, თავისი ბოლომდე გაიტანოს.
საფრანგეთის ახალი მიდგომა დასავლეთის სხვა ქვეყნების ლიდერებმა უარყვეს და, ზოგ შემთხვევაში, გააკრიტიკეს. უკრაინაში ჯარის გაგზავნის იდეა შვედეთმაც კი უკუაგდო, რომელიც რუსეთთან მიმართებით ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე „ქორული“ პოზიციებით გამოირჩევა (იანვარში შვედეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა თავისი ქვეყნის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ისინი ომისთვის მენტალურად მზად უნდა იყვნენ).
მაკრონის სკანდალური გამოსვლის განხილვისას მედიაში აქცენტი, უმეტესწილად, ამ იდეის სამხედრო ასპექტებზე კეთდებოდა. სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობასა და გამოწვევებზე საუბარი განსაკუთრებით გამწვავდა ფრანგი გენერლების განცხადებების შემდეგ. ცხადია, საფრანგეთის პოზიციის სამხედრო ასპექტების ანალიზი მნიშვნელოვანია. თუმცა ამ სტატიაში ყურადღება იმაზე მინდა გავამახვილო, რომ სამხედრო ანალიზზე არანაკლებ (თუ არა მეტად) აუცილებელი საფრანგეთის პრეზიდენტის ახალი მიდგომის პოლიტიკური მნიშვნელობის განხილვაა. ქვემოთ სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ.
იქიდან დავიწყებ, რომ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევრებს შესანიშნავად მოეხსენებათ, ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ხშირად არა მხოლოდ ხისტი ძალა, არამედ ამგვარი ძალით მუქარა განსაზღვრავს. ამის შესახებ, როგორც ჩანს, იცის ვლადიმირ პუტინმაც, რომელიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხშირად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით. პუტინის ამ მუქარებს, როგორც წესი, ორმაგი დანიშნულება აქვს: პირველი – კრემლი ამ გზით ცდილობს, რომ მოწინააღმდეგის თვალში წითელი ხაზები დააწესოს. მაგალითად, აღნიშნოს, თუ რა ტიპის დათმობებზე არწასვლაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი; მეორე – ბირთვული იარაღის მუქარით პუტინი ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაზე, არამედ ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებზეც. ამ შემთხვევაში, მუქარა ფსიქოლოგიური ომის იარაღია.
თავისი მწვავე განცხადებებით მაკრონი ცდილობს, დასავლეთის მხრიდან უკრაინის დასაცავად წარმოებული პოლიტიკური ბრძოლის არსენალი გააფართოოს. იმის გამო, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი კონტრშეტევები და რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები უმეტესწილად წარუმატებელი აღმოჩნდა, ახლა საჭიროა, რომ კრემლზე ზეწოლის მექანიზმები კიდევ უფრო მეტად გამრავალფეროვნდეს.
ამას გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ მწვავე განცხადებებს სხვა სახის პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ფაქტია, რომ ე.წ. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, რომელიც საერთაშორისო სამართლის უზენაესობას ეყრდნობა, რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა ფეხქვეშ გათელეს. იმისთვის, რომ ეს წესრიგი აღდგეს ან ახალი, დემოკრატიულ ღირებულებებთან მეტ-ნაკლებად თავსებადი წესრიგი შეიქმნას, შესაძლოა, დასავლეთის მხრიდან ძალის დემონსტრირება გახდეს საჭირო. დასავლეთის ქვეყნებმა თვალი უნდა გაუსწორონ იმ აბსურდულ და სასტიკ რეალობას, რომ სრული უწესრიგობის პირობებში, საკუთარი თავის დასაცავად, თეორიულად, ნებისმიერი საშუალების გამოყენება შეიძლება იყოს გამართლებული.
მაკრონი ცდილობს, რომ დასავლეთში, რიგით მოქალაქეებსა და პოლიტიკის განმსაზღვრელებს შორის ერთგვარი მენტალური შემოტრიალების ინიციატორი გახდეს. ამგვარი მსოფლმხედველობრივი ტრანსფორმაცია გულისხმობს ახალი სასტიკი რეალობისთვის თავისი სახელის დარქმევას. მოგეხსენებათ, რომ რეალობის სწორად შეფასების გარეშე მართებული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია.
ბოლოს უნდა ითქვას ისიც, რომ მაკრონის საგარეო პოლიტიკური „შემოტრიალების“ ანალიზისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საფრანგეთის შიდაპოლიტიკური და საერთო- -ევროპული კონტექსტი. საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში რუსეთი უკვე დიდი ხანია, რაც ჰიბრიდულ ომს აწარმოებს გავლენის აგენტებისა და კიბეროპერაციების მეშვეობით. ამ წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი. საფრანგეთში ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, პროკრემლისტურად განწყობილი მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ (Rassemblement national) მაკრონის პარტიას დაახლოებით 13%-ით უსწრებს წინ. ბევრად უკეთესი, მაგრამ პოტენციურად საშიში სიტუაციაა გერმანიაშიც, სადაც პროკრემლისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (Alternative für Deutschland) რეიტინგი 19-22 %-ის ფარგლებში მერყეობს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მაკრონის ერთ-ერთი მიზანია, მოახდინოს საფრანგეთისა და ევროკავშირის შიგნით არსებული ანტირუსული ძალების მობილიზება. ამისთვის საჭიროა, რომ კრემლის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებმა და მათმა ელექტორატმა ტირანიასა და იმპერიალიზმთან საბრძოლველად საჭირო შემართება აჩვენონ. ასევე აუცილებელია ისიც, რომ მეტი შიდაპოლიტიკური ზეწოლა განხორციელდეს პრორუსულ ჯგუფებზე და უფრო მკვეთრი ხაზები გაივლოს მათსა და დემოკრატიის მომხრეებს შორის.
აღსანიშნავია, რომ მაკრონის საგარეო პოლიტიკურმა „შემოტრიალებამ“ უკვე მოახდინა გავლენა საერთაშორისო პოლიტიკურ გარემოზე. მაგალითად, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, კრემლის მხრიდან უკვე გაისმა მუქარები საფრანგეთისა და, ზოგადად, დასავლეთის წინააღმდეგ. გერმანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეწუხებულია იმით, რომ კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა უფრო და უფრო მეტად ღრმავდება. ევროკავშირის მასშტაბით კი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები კიდევ უფრო მეტი სიმწვავითა და შემართებით გრძელდება.
ისე ჩანს, რომ დასავლური პოლიტიკური და სამხედრო ისტებლიშმენტის ზოგიერთი წევრისთვის ნელ-ნელა აშკარა ხდება ის, რომ უკრაინის კონფლიქტის გადაჭრა მოითხოვს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო და პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას. ამ მიზნით კი დრომოჭმული პოლიტიკური დოგმები და შეხედულებები ფრთხილად, მაგრამ აუცილებლად უნდა გადაისინჯოს.