მალალა იმის შესახებ, თუ როგორ ესროლეს მას

მალალა იმის შესახებ, თუ როგორ ესროლეს მას

ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებამდე ოთხი თვით ადრე, FORBES-მა თავის Third Annual Summit On Philanthropy-ზე (“ქველმოქმედების მესამე ყოველწლიური სამიტი”), რომელიც 17 ივნისს ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, მოზარდთა განათლებისთვის მებრძოლი პაკისტანელი აქტივისტი, მალალა იუსუფზაი მოიწვია. ლორინ პაუელ ჯობსმა, ადვოკატმა განათლებისა და ემიგრაციის საკითხებში და Apple-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, სტივ ჯობსის ქვრივმა, მალალას ინტერვიუ ჩამოართვა აუდიტორიის წინაშე, რომელიც განათლების პრობლემით დაინტერესებული 200 წამყვანი ფილანთროპისგან შედგებოდა.

ლორინ პაუელ ჯობსი: თქვენ წინაშეა ყველაზე მამაცი ადამიანი, რომელსაც კი ოდესმე შეხვედრიხართ. ყველამ ზოგადად იცის მალალა იუსუფზაის ისტორია. 2012 წლის ოქტომბერში ერთმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა თალიბმა, პაკისტანში, სვატის ხეობაში, სკოლის ავტობუსი გააჩერა, ავიდა და შეშინებულ გოგონებს უღრიალა: “ვინ არის მალალა?” შემდეგ მან 15 წლის მალალას სახეში ტყვია დაახალა. რა დანაშაული მიუძღოდა მალალას? ის, რომ მან ადამიანის უფლებების დასაცავად ხმა აღიმაღლა, ასევე იმ რწმენის გამო, რომ ყველა ბავშვმა განათლება უნდა მიიღოს.

მათ მიერ განხორციელებულმა გაუმართლებელმა ძალადობამ შედეგად ის გამოიღო, რომ მალალას ხმა და პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდა. გასულ წელს მე შესაძლებლობა მომეცა, უკეთ ჩავწვდომოდი, თუ რა მიზეზით არის გამოწვეული ის შიში და ძრწოლა, რომელიც თალიბებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც განათლების მიღებასთან დაკავშირებით გოგონების უფლებების ხელყოფას ცდილობს, ამ ახალგაზრდა ქალის მიმართ აქვთ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მისი ხმის ჩახშობა შეუძლებელია. ჩემმა მეგობარმა, რომელიც მასზე დოკუმენტურ ფილმს იღებს, მითხრა: – “თალიბებმა სასროლად, ამ გოგონას სახით, არასწორი სამიზნე აირჩიეს”.

მალალა იუსუფზაი: გმადლობთ.

პაუელ ჯობსი: მოგვიყევით ცოტაოდენი რამ თქვენი ბავშვობის შესახებ და აღგვიწერეთ, თუ რა პირობებში ხდებოდა სვატის ხეობაში თქვენი აღზრდა და ჩამოყალიბება.

იუსუფზაი: თავისი მაღალი მთებით, ლამაზი მდინარეებით, ხშირი მცენარეულობით და ტყეებით დაფარული მწვანე გორაკებით სვატის ხეობა უმშვენიერესი ადგილია. ადრე აქ მთელი მსოფლიოდან ტურისტები ჩამოდიოდნენ. მე ყოველდღე დავდიოდი სკოლაში. მამაჩემი, დედაჩემი – მთელი ჩვენი ოჯახი ძალიან პატარა სახლში ცხოვრობდა, ეკონომიკური თვალსაზრისით მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენი სიმდიდრე ჩვენი ფასეულობები და ეთიკური პრინციპები იყო.

შემდეგ ხეობაში ექსტრემისტი თალიბები მოვიდნენ და ჩვენი ცხოვრებაც შეიცვალა. გოგონებს განათლების მიღება აუკრძალეს. 400-ზე მეტი სკოლა დაანგრიეს. ქალებს ბაზარში სიარულიც აუკრძალეს. საპარიკმახეროები ააფეთქეს. მათ განაცხადეს, რომ არავის ჰქონდა უფლება, თავისუფალი ყოფილიყო.

მაგრამ ჩემთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდოდა, რაღაცისთვის მიმეღწია. მინდოდა, ჩემი ინდივიდუალობა მქონოდა, პიროვნებად შევმდგარიყავი.

ორი არჩევანი არსებობდა. პირველი – შემეძლო ჩუმად ვყოფილიყავი და არასოდეს მელაპარაკა, თუმც ოდესმე ტერორისტთა მსხვერპლი მაინც გავხდებოდი. მეორე – საკუთარი უფლებების დასაცავად ხმა ამემაღლებინა და ამ საქმისთვის მოვმკვდარიყავი. მე მეორე შესაძლებლობა ავირჩიე

2012 წლის 9 ოქტომბერს ტყვია მესროლეს და ამით ტერორისტებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან შემეშინდა. შემეშინდა, რომ ჩემს გაჩერებას მოახერხებდნენ. და ჩემს სისუსტეებს სწორედ იმ დღეს ბოლო მოეღო. ჩემში ახალი ძალა დაიბადა. ვფიქრობ, მათი მადლიერი უნდა ვიყო.

პაუელ ჯობსი: რა მოხდა მას შემდეგ, რაც გესროლეს? სად ცხოვრობთ ახლა თქვენ და თქვენი ოჯახი?

იუსუფზაი: მას შემდეგ, რაც მესროლეს, ინგლისში, ბირმინგემში, Queen Elizabeth Hospital-ში (“დედოფალ ელიზაბეთის სახელობის საავადმყოფო”) აღმოვჩნდი, რომელიც თავისი ბრწყინვალე ექიმებითა და ექთნებით ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფოა. ჩემზე ზრუნვა მათ თავიანთ თავზე აიღეს და ყველა ქირურგიული ოპერაცია წარმატებით ჩამიტარეს. ძალიან კარგ სკოლაში დავდივარ. ჩემი სკოლელი გოგონები შესანიშნავები არიან. მე ძლიერ დაკავებული ვარ და ზოგჯერ ბევრი გაკვეთილის გაცდენა მიწევს. ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად ვისწავლო და ვიმუშაო.

პაუელ ჯობსი: პაკისტანში დაბრუნება არ შეგიძლიათ?

იუსუფზაი: საკმაოდ რთულია. უკან დაბრუნება ძალიან მინდა. პაკისტანის მთავრობასთან საუბარი უკვე გვქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უსაფრთხო არ იქნება.

პაუელ ჯობსი: როგორ ინარჩუნებთ ბალანსს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ხელმძღვანელებთან საუბარსა და, მეორე მხრივ, თქვენს მეგობარ გოგონებთან საუბარს შორის? როგორ ახერხებთ ყოველივე იმაში ორიენტირებას, რაც მოზარდობის ასაკს და ასევე, იმ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომელიც მთელ მსოფლიოში გოგონების განათლებისთვის მებრძოლი წარმომადგენლის ცხოვრებას თან სდევს?

იუსუფზაი: უმეტეს დროს ჩემი განათლების საქმეს ვანდომებ, ხოლო განათლებისთვის წარმოებული ბრძოლის საქმეს კი შაბათ-კვირასა და არდადეგებს ვუთმობ. ძირითადად ამ საქმეებთან დაკავშირებით ან ისეთ ღონისძიებებზე დასასწრებად, როგორიც დღევანდელი შეხვედრაა, სკოლის გაცდენა მიწევს.

პაუელჯობსი: ჯერ კიდევ პაკისტანში სკოლაში ყოფნისას, Malala Fund-ის (“ფონდიმალალა”) შექმნა თქვენი იდეა იყო?

იუსუფზაი: დიახ, ჩემი. ეს ფონდი იმ გოგონებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ბავშვთა საოჯახო შრომის გამო იტანჯებოდნენ. იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ჩვენთან სახლში ერთი ქალი დადიოდა, რომელსაც სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა. ერთ დღეს მამაჩემს განვუცხადე: “არ შემიძლია იმის ყურება, როგორ შრომობენ ჩვენს სახლში ეს პატარა გოგონები-მეთქი”. მაგრამ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, ფული ამ გზით უნდა ეშოვათ.

იმ დროს მამაჩემი სკოლის მმართველი იყო. ის სკოლა იქ ჯერ კიდევ არსებობს. მან იგი 1994 წელს დააარსა და მასში 1100 მოსწავლე დადიოდა – გოგონებიც და ბიჭებიც. მამაჩემს ვუთხარი: “ამ გოგონებმა განათლება შენს სკოლაში უფასოდ უნდა მიიღონ” და იმ დროიდან მოყოლებული “ფონდი მალალა” მათ სტიპენდიებს ურიცხავს.

პაუელ ჯობსი: დღეს თქვენ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გეძლევათ ისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებსაც მთელი მსოფლიოს გოგონებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამას, ჩემი ღრმა რწმენით, თქვენი პიროვნებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თავს კარგად გაართმევთ და უსამართლობის ყველა შემთხვევას საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცევთ. მოდი, ახლა ცოტა “ფონდ მალალას” პრიორიტეტებზე ვისაუბროთ.

იუსუფზაი: როდესაც ბირმინგემში მოვხვდი, არ ვიცოდი, ფონდის შესაქმნელად რა უნდა გამეკეთებინა. “ფონდ მალალას” შექმნა ხელახლა ცხრა თვის წინ მოვახერხეთ. ვთქვით, რომ ორი რამის გაკეთება გვინდოდა. ერთი იყო ადამიანთა უფლებების დაცვის საქმიანობა, რაც ითვალისწინებდა ოფიციალურ პირებთან დაკავშირებასა და მათდამი თხოვნით მიმართვას, თავიანთი წილი სამუშაო შეესრულებინათ. ასევე ადგილზე მისვლას და იმ პრობლემების გაცნობას, რომლებიც ბავშვების წინაშე დგას და რომლის მიზანი განათლების მიღების საკითხში მათთვის შემდგომი დახმარების გაწევაა. თითოეულ ადგილას სიტუაცია განსხვავებულია, ამიტომ მათ გადასაჭრელად სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება ხდება საჭირო. “ფონდ მალალას” ასევე სურს იმ გოგონების გაცნობა, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად ხმას იმაღლებენ. ჩვენ გვინდა მათ დიდი ტრიბუნა დავუთმოთ, რათა მთელი მსოფლიოს წინაშე ილაპარაკონ და პრობლემები გააშუქონ.

პაუელ ჯობსი: იმ პროგრამების შესახებ ხომ ვერ მოგვიყვებოდით, რომლებიც უკვე წამოიწყეთ?

იუსუფზაი: ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენი პირველი პროექტი ჯერ კიდევ ჩემს ლამაზ სვატის ხეობაში, ჩემს სამშობლოში წამოვიწყეთ. ჩვენ შემოვიღეთ სტიპენდიები იმ გოგონებისთვის, რომლებიც საბავშვო შრომის მარწუხებში იტანჯებიან. ახლა ეს გოგონები განათლებას იღებენ. მათ ოჯახებს ეკონომიკურადაც ვეხმარებით.

ასევე პროექტი იორდანიაში, სირიელი ლტოლვილებისთვის დავიწყეთ. სკოლები კარვებში იყო გამართული, სადაც 5-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები დადიოდნენ და მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავდათ. ჩვენი მიზანი იყო, მათთვის უკეთესი პირობები შეგვექმნა და ასევე ყოველმხრივ მხარი დაგვეჭირა.

კენიაში გახლდით მასაი-მარას რაიონში. თანამშრომლობა საოცარ ორგანიზაციასთან, Free the Children-თან (“გაათავისუფლე ბავშვები”) დავიწყეთ,. ამ ორგანიზაციამ სკოლა ააშენა, რომელიც ბედის ანაბარა არც შემდეგ მიუტოვებია. ორგანიზაციის წევრები ამბობენ: “იქ გავემგზავრეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მოსწავლეები სკოლაში კვლავაც დადიან”. მოსწავლეები კარგ პირობებში არიან, იქვეა საავადმყოფო, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ამის შემხედვარეს იმედი მომეცა, რომ ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი – კარგი სკოლების გახსნა და მდგრადი განვითარების მიღწევა – ამისრულდებოდა. გავიფიქრე, დიახ, ეს ხდება-მეთქი.

პაუელ ჯობსი: განათლების სამინისტროებსა და მთავრობებთან თუ თანამშრომლობთ?

იუსაფზაი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში მთავრობაც იყოს ჩართული, რადგან, როგორც ვიცით, მთავრობების უმრავლესობა თავიანთი ბიუჯეტებიდან უმეტეს ფულს თავდაცვაზე ხარჯავს. განათლებისთვის მხოლოდ მცირედ ფულად სახსრებს იმეტებენ. პაკისტანში მთავრობის ბიუჯეტის 20%- ზე მეტი თავდაცვაზე იხარჯება და განათლებაზე დაახლოებით მხოლოდ 2% მოდის.

ამიტომ, ჩემი აზრით, მთავრობის როლი ამ საქმეში ძალზე მნიშვნელოვანია. მასთან მუშაობაში დიდი მიღწევები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მთავრობებიც, თავის მხრივ, მხარს დაგვიჭერენ. ამიტომ პაკისტანსა და კენიაში მათთან ერთად ვიმუშავებთ.

სამწუხაროდ, დღესდღეობით სირიაში, ერაყში კონფლიქტებია, ხოლო სიტუაცია პაკისტანში ყოველდღიურად უარესდება, რაც მე მოსვენებას არ მაძლევს. მებადება კითხვა, რა უნდა გაკეთდეს და ამ პრობლემის გადაჭრას ვინ შეძლებს?

ყოველთვის ვცდილობდი, მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებისთვის თხოვნით მიმემართა, რომ ამ მიმართულებით სასიკეთო ნაბიჯი გადაედგათ. ისინი ერთად უნდა დასხდნენ. ყველა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს სასარგებლო იქნება. უნდა სცადონ ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა. ასევე უნდა სცადონ იმ მიზეზის პოვნა, რამაც ეს ტერორისტული ჯგუფები წარმოშვა.

პაუელ ჯობსი: თქვენთან და მამათქვენთან შეხვედრისას განცვიფრებული დავრჩი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კინაღამ მოგკლეს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ოჯახი გადასახლებაში ცხოვრობს, სული და გული სიმწრით არ გაქვთ მოწამლული. სიბრაზის ნატამალიც კი არ გამოძრავებთ. თქვენი მუშაობა სიყვარულსა და თანაგრძნობას ეფუძნება. როგორ ინარჩუნებთ ამგვარ წონასწორობას?

იუსუფზაი: უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ არ მახსოვს, როგორ მესროლეს. ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის გახლავთ, რომ მამაჩემი პაკისტანში იმყოფება და ვხედავ, თუ რაოდენ დიდია მისი სიმამაცე. მისი საქციელი სტიმულს მაძლევს.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც არც ერთხელ არ გვიხსენებია – დედაჩემი. დედაჩემი ყოველთვის გვამხნევებს და ამ კამპანიის გასაგრძელებლად ძალას გვმატებს. მას სჯერა, რომ ჩვენ მართალ საქმეს ვაკეთებთ, სიმართლის თქმის კი არასოდეს არ უნდა გვეშინოდეს.

თუ მსურს, რომ ტერორისტებმა ომები შეწყვიტონ, კონფლიქტებს წერტილი დაესვას და ადამიანების სიძულვილი შეჩერდეს, მაშინ მეც მათ მსგავსად არ უნდა მძულდეს და მეც მათ მიმართ რაიმე სასტიკი საქციელი არ უნდა ჩავიდინო. ეს გახლავთ ჩემი ფილოსოფია.