„მანჩესტერ სიტის“ მფლობელებმა იტალიური „პალერმო“ €13 მილიონად შეიძინეს

„მანჩესტერ სიტის“ მფლობელებმა იტალიური „პალერმო“ €13 მილიონად შეიძინეს

ჰოლდინგურმა კომპანია City Football Group-მა, რომელიც ამჟამად 12 საფეხბურთო კლუბს, მათ შორის ინგლისურ გრანდ „მანჩესტერ სიტის“ ფლობს, იტალიური „პალერმოს“ 80%-იანი წილი 13 მილიონ ევროდ შეიძინა. როგორც ცნობილია, კლუბის ყოფილი მფლობელი, დარიო მირი 20%-იან წილს შეინარჩუნებს და „პალერმოს“ პრეზიდენტად, ასევე საბჭოს თავმჯდომარედ დარჩება.

შეგახსენებთ, „პალერმო“ მომდევნო, 2022-23 წლების სეზონში სერია B-ში იასპარეზებს. ის იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში, სერია A-ში ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა. 2019 წელს, ფინანსური პრობლემების გამო „პალერმო“ გაკოტრდა და სერია D-ში, მეოთხე დონის ლიგაში დაქვეითდა.

„„პალერმო“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია, ძლიერი და ამაყი იდენტობით. ჩვენ ვიმუშავებთ დარიო მირისთან ერთად, რათა მომდევნო წლების განმავლობაში „პალერმოს“ განვითარება გაგრძელდეს“, – განაცხადეს City Football Group-ის წარმომადგენლებმა.

გარიგებასთან დაკავშირებით განცხადება „პალერმოს“ პრეზიდენტმა, დარიო მირიმაც გააკეთა: „გვინდოდა, გვეპოვა შესაბამისი ინვესტორი, ფეხბურთის სფეროში გათვითცნობიერებული, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარებოდა. ჩვენ ის გვყავს – CFG“.

City Football Group-ი 2013 წელს დაფუძნდა. ჰოლდინგის 78%-ის მფლობელი Abu Dhabi United Group-ია, დანარჩენ წილს კი ამერიკული კომპანია Silver Lake-ი და ჩინური ფირმები: China Media Capital-ი და CITIC Capital-ი იყოფენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *